ავტორი:

"ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ასე უნდა მომხდარიყო: ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ, დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან" - ნიკა კვარაცხელიას დედა განაჩენზე

"ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ასე უნდა მომხდარიყო: ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ, დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან" - ნიკა კვარაცხელიას დედა განაჩენზე

ეს იქნება გამოსწორების დასაწყისი, ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ და გამოვასწორებთ, სადაც წავიდნენ, იქ აუცილებლად დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან, - ამის შესახებ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა იზა ომაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე გამოყოფილი მეორე ნაწილიც ბოლომდე უნდა მიიყვანონ, რომ ქვეყანაში დადგეს სამართალი და ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ „ასეთი უბედურების შემთხვევაში აუცილებლად უმკაცრესად დაისჯებიან“.

"ნიკოს შემთხვევა ყველას გაჭირვება იყო ამ 7 თვის განმავლობაში. ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ეს იყო ჩვეულებრივი ფაქტი და ასე უნდა მომხდარიყო. ეს იყო გამოსწორების დასაწყისი, ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ და გამოვასწორებთ. სადაც წავიდნენ აუცილებლად დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან. საქმეზე გამოყოფილი მეორე ნაწილიც ძალიან დროულად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, რომ ქვეყანაში დადგეს სამართალი და იცოდნენ, რომ ასეთი უბედურების შემთხვევაში აუცილებლად უმკაცრესად დაისჯებიან. ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ველოდი, სხვანაირად არც უნდა ყოფილიყო, მადლობას ვუხდი მოსამართლეს, რომელიც ნამდვილად კარგი ადამიანი გამოდგა. საქმის მეორე ნაწილიც დავასრულოთ და მგონი თავად დამკვეთები გვეტყვიან თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი“, - აღნიშნა იზა ომაძემ.

ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.