ავტორი:

"მკვდარზე ვენოკის“ რა მოგახსენოთ, მაგრამ "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ - ვახტანგ ძაბირაძე ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტზე

"მკვდარზე ვენოკის“ რა მოგახსენოთ, მაგრამ "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ - ვახტანგ ძაბირაძე ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტზე

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით როგორც "ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის ქმედებები "პოლიტიკური სპექტრის არაჯანსაღ ურთიერთობებსა და არასახელმწიფოებრივ მიდგომებზე მეტყველებს“.

ძაბირაძე უკრაინაში ვიზიტის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, თუმცა სისულელეს უწოდებს იმ პრეტენზიებს, რაც მმართველ პარტიას უკრაინული მხრისთვის ჰქონდა წაყენებული, უკრაინაში არწასვლაზე “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებაზე კი, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ეს “გაუგებარი და არალოგიკურია”.

"თავისთავად, საერთოდ სისულელე იყო, როდესაც "ქართულმა ოცნებამ“ უკრაინას პრეტენზიები წამოუყენა და მითუმეტეს, როდესაც ეს პრეტენზიები იყო საკადრო თემასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირი ჩარევაა სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში. არავინ ეკითხება საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ სპექტრს, ვის რა თანამდებობაზე დანიშნავენ უკრაინაში. მიუხედავად ყველაფრისა, მთლად გამართლებულად არ მიმაჩნია, რომ უკრაინამ ასეთი საჯარო პრეტენზიები წამოაყენა, ვგულისხმობ კონტრაბანდის ბრალდებას. აქ უკრაინას ალბათ, უფრო სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რა დღეში არიან უკრაინელები, იქ საომარი ვითარებაა და ყველა მხრიდან ხიფათი ელანდებათ. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება უნდა ყოფილიყო უფრო დამაჯერებელი და რბილი ამ საკითხთან მიმართებით.

ასე რომ, როგორც იქნა გადაწყდა, ვიზიტი შედგება და ეს ძალიან კარგია ყველაფრის მიუხედავად. ამ შემთხვევაში ოპოზიციის, კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებაა სრულიად აუხსნელი და გაუგებარი. როგორ შეიძლება ასეთ ვითარებაში უარი თქვა დელეგაციაში მონაწილეობაზე. არგუმენტები, რაც ისმის - ეს არის, როდესაც მიზეზს ეძებ, რომ საკუთარი ქმედება გაამართლო. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. იქ "ქართული ოცნების“ დელეგაცია კი არ მიდის, საპარლამენტო დელეგაცია უნდა წავიდეს. არაფერი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ უხელმძღვანელებს ამ დელეგაციას. თუ ასეთი თანმიმდევრულები არიან, დატოვონ პარლამენტი, რადგან იმ დარბაზშიც "ქართული ოცნებაა“ ხომ? ეს გადაწყვეტილება არასწორი იქნება, მაგრამ, თუ ლოგიკაზეა საუბარი, ეს ყველაზე სწორი ფორმა იქნება მათი მხრიდან და ლოგიკაში ჩაჯდება - მიუღებელში, მაგრამ მაინც ლოგიკაში. ახლა სრულიად გაუგებარია მათი ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება ვიზიტის მნიშვნელობას და ოპოზიციის ნაწილის შეფასებებს, რომ ეს ვიზიტი ახლა "მკვდარზე ვენოკია“, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

ძაბირაძის აზრით, უკრაინაში ჩასვლა დაგვიანებული, თუმცა მნიშვნელოვანია.

"მესმის, დაგვიანებულია და უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო. "მკვდარზე ვენოკის“ რა მოგახსენოთ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. რაღაც დონეზე საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაციების თემა ახალი არ არის, ეს ომის შემდეგ არ დაწყებულა, უფრო ძველი მდგომარეობაა, შორიდან დაიწყო და საკმაოდ ცივი ურთიერთობა იყო საქართველოს ხელისუფლებასა და უკრაინას შორის, უბრალოდ ომმა გაამწვავა. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ვიზიტი სწორად გადადგმული ნაბიჯია, ვერავინ გაერკვევა ჩვენს ურთიერთობაში, თუ ჩვენ, როგორ უკრაინულმა, ისე ქართულმა მხარემ, თავად არ მოვისურვეთ ეს. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. მესმის, რომელი მხარეც საუბრობს ამაზე, ალბათ, "ნაციონალური მოძრაობა“. აქ იგრძნობა, რომ საკუთარი ქმედების გამართლებისთვისაა. პრობლემაა, რომ სახელმწიფოებრივი მიდგომები არ ჩანს. ძირითადად არის ვიწროპარტიული ინტერესები და აქედან გამომდინარეა ყველა გადაწყვეტილება. ცალკეული პიროვნებები არიან, რომლებიც შეიძლება რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ, მაგრამ მე მთლიანობაში ვამბობ, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვერ ქმნიან. ეს ახალი მოვლენა არაა, 30 წელია ასე გრძელდება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.