ავტორი:

"მასთან ძალიან ბედნიერები ვართ" - ობლად დარჩენილი 3 და-ძმის ისტორია და ნათია, რომელმაც პატარები იშვილა

"მასთან ძალიან ბედნიერები ვართ" - ობლად დარჩენილი 3 და-ძმის ისტორია და ნათია, რომელმაც პატარები იშვილა

11 წლის ლუკას და 7 წლის ტყუპ ანას და მარიამს, მცირე ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაოდ რთული და მძიმე გზა აქვთ გავლილი.

ბავშვების მშობლებმა - მზია გარსენიშვილმა და გივი ხატიაშვილმა, კახეთში, სოფელ ტიბაანში ოჯახი მოზრდილ ასაკში შექმნეს. მზია 36 წლის იყო, როცა დაოჯახდა. პირველი შვილი გარდაეცვალათ, მეორეს ლუკა დაარქვეს. ქალი ტყუპზე იყო ორსულად, როცა მეუღლე გარდაეცვალა. მას შემდეგ მარტოხელა დედის საკმაოდ რთული ცხოვრებით ცხოვრობდა. იყო ბევრი გაჭირვებაც, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა. სიდუხჭირის გამო იძულებული გახდა ერთადერთი სახლი, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობდა, იპოთეკით დაეტვირთა. მარტოხელა დედამ სესხის გადახდა ვეღარ შეძლო და მათი სახლი ბანკმა გაყიდა. მზია სახლის დაკარგვას ძალიან განიცდიდა. გასული წლის ოქტომბერში ქალი ინსულტით გარდაიცვალა.

ბავშვები დედ-მამის გარეშე დარჩნენ... მათ სოფელ ოზაანში ბიძასა და ბიცოლასთან მოუწიათ გადასვლა. 2021 წლის დეკემბერში კი პატარების ცხოვრება უკეთესობისკენ რადიკალურად შეიცვალა. სამივე დედმამიშვილი 42 წლის ნათია ჯიყაშვილმა იშვილა. ნათია წლებია დაოჯახებულია, თუმცა საკუთარი შვილები არ ჰყავს. გვიყვება, რომ ბავშვების შესახებ ახლობლისგან შეიტყო და მას შემდეგ მოსვენება დაკარგა. ამბობს რომ თავიდან შეეშინდა, როგორ შეძლებდა სხვისი შვილების დედობას, ამხელა პასუხისმგებლობას როგორ გაუმკლავდებოდა... თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ბავშვებს მზრუნველობა სჭირდებოდათ... ნათიამ გაბედა და ახალ წლამდე, რამდენიმე დღით ადრე ახალი ცხოვრება დაიწყო. სამივე ბავშვი კახეთიდან თბილისში ჩამოიყვანა და უკვე 4 თვეა მზრუნველობას არ აკლებს.

"ბიძაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ბავშვებს, რომლებსაც დედა გარდაეცვალათ, მამაც აღარ ჰყავდათ. რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო, მაგრამ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუ წამოვიყვანდით, სამივე დედმამიშვილი უნდა წამოგვეყვანა. ჩავედით, გავიცანით და ერთი თვის შემდეგ უკვე ჩვენთან იყვნენ..." - ამბობს ნათია ჯიყაშვილი.

ბავშვები ამბობენ, რომ ნათია ძალიან თბილი და მოსიყვარულეა და რომ მასთან ერთად არასოდეს იწყენენ. ბავშვები დღის განმავლობაში ძალიან დაკავებულები არიან. დადიან მასწავლებლებთან, ფეხბურთზე, კალათბურთზე, შეიძინეს ახალი მეგობრები და თავისუფალ დროს ხშირად მათთან ერთად ატარებენ.

"მასთან ძალიან ბედნიერები ვართ, კარგად ვცხოვრობთ", - გვეუბნება 7 წლის მარიამი.

ნათია პროფესიით ექიმია. გვიყვება, რომ ძალიან დაკავებულია დ ბავშვების გაზრდაში დედა ეხმარება. "ინგოროყვას კლინიკაში ვმუშაობ. რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ვარ. ბავშვების მოვლაში დედა რომ არ მეხმარებოდეს, ამდენს ვერ შევძლებდი“, - ამბობს ნათია ჯიყაშვილი.

ნათიას თქმით, მისთვის მთავარია ბავშვები სწორად აღზარდოს და კარგი განათლება მისცეს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ავტორი: თიკო გურაშვილი