ავტორი:

სუს-მა "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში პროვოკაციების შესაძლო მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სუს-მა "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში პროვოკაციების შესაძლო მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.

„უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში.

ცნობისთვის, ქართული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ არის ჩართული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში.

"ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირად არის შეფასებული, ზოგი ამბობდა რომ გაუწბილდათ მოლოდინი და ის დესტრუქცია, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში თესავდნენ, ვერანაირად ვერ მოიმკეს, მოსავალი ვერ აიღეს პოლიტიკური, რასაც აპირებდნენ, მაგრამ არის კიდევ მეორე გარემოება, რაზეც საუბარი იყო, არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. მითუმეტეს, ამასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა პოლიტიკური სპეკულაციების გამოხშირვა საინფორმაციო ველიდან არის ის ინტერესი რაც ჩვენ გაგვაჩნია,"- განაცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, დელეგაციისთვის მძიმე პროვოკაციის მოწყობა არის ერთ- ერთი სერიოზული წყაროდან მიღებული ინფორმაცია. კითხვაზე, შეუძლია თუ არა თქვას, რომ დელეგაციის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას, ვოლსკი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, უკრანელი კოლეგები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ვიზიტი ჩატარდეს და მიაღწიოს იმ მიზანს, "რაც გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს არ აწყობთ და მათ სტრატეგიულ გეგმაში არ ჯდება". მისივე თქმით, ეს ის ძალებია, რომელიც შემოკრებილია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ.