ავტორი:

"ეს ძალიან საფრთხილო საკითხია... თანაც, რა მეგრული და სვანური, როცა სკოლებში ქართული ენის სწავლის ხარისხია კატასტროფულ დონეზე..." - შეფასებები პრეზიდენტის ინიციატივაზე

"ეს ძალიან საფრთხილო  საკითხია... თანაც, რა მეგრული და სვანური, როცა სკოლებში ქართული ენის სწავლის ხარისხია კატასტროფულ დონეზე..." - შეფასებები პრეზიდენტის ინიციატივაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სკოლაში, მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს რუსეთი დღეს აფხაზეთში აგრძელებს და ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა, რაც შესაძლებელია, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლება დაწესდება მეგრულსა და სვანურზე.

"რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი ამ იდეით შარშანაც გამოვიდა და განცხადება სწორედ დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა, თუმცა ამ ინიციატივას წელს განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არასწორი მიდგომაა. ამ თემაზე ambebi.ge ექსპერტ მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა.

- თქვენი აზრით რამდენად სწორია პრეზიდენტის ინიციატივა და შეიცავს თუ არა ეს საფრთხეს მართლაც?

- მივიჩნევ, რომ მეგრულშიც და სვანურშიც სიღრმისეული სიბრძნეა დაცული, მაგრამ, სამწუხაროდ, უყურადღებობის გამო ორივე საყოფაცხოვრებო დონეზე გამოიყენება, რაც შეეხება სკოლებში სწავლებას, ეს საკამათო თემაა, პირდაპირ მეგრული და სვანური კი არ უნდა ისწავლებოდეს, არამედ ის სიბრძნე, რომელიც ამ ენებში დევს, თუმცა, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი ამოცანა უნდა იყოს ამ ენების ისტორიის, განვითარების და დღევანდელობის სიღრმისეული შესწავალა და ამისთვის შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტების შექმნა. აქვე ვიტყვი, რომ ამ თემას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რადგან ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანას ვინმე ცდილობდეს.

- უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და პრეზიდენტმა მეტად იზრუნონ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის შესწავლაზე?

- რა მეგრული და სვანური, როცა ქართული ენის სწავლის ხარისხი არა მხოლოდ არაქართულენოვან, არამედ ქართულ სკოლებშიც კატასტროფულ დონეზეა, რაც, სამწუხაროდ, ჩანს სხვადასხვა მედია საშუალებებიდან და საჯარო გამოსვლებიდან, აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, უნდა ისწავლებოდეს ლიტერატურული ენა ძალიან ღრმად და საფუძვლიანად. მათ შორის ქართულ სკოლებში, ახალგაზრდები ხშირად უმაღლეს სასწავლებლებში იწყებენ ქართული ენის შესწავლას, რადგან სასკოლო ბაზა ძალიან დაბალი აქვთ...

ამ საკითხს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილიც.

"თუ ვინმეს აქვს სურვილი მეგრული და სვანური ენის შესწავლის, რა თქმა უნდა, განათლების სისტემა ამას ხელს უნდა უწყობდეს. აქ პრობლემა სხვა რამეშია - რა დროს, რა ფორმით და რა მიზნით ხდება ასეთი სენსიტიური თემის წამოწევა….დღევანდელ რთულ ვითარებაში, არაუფლებამოსილი, არაკომპეტენტური პირის მხრიდან ამ ინიციატივით გამოსვლას მხოლოდ უადგილო პროვოკაციის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს, ნებსით, თუ უნებლიედ… არა შეჯდა მწყერი ხესა…" - წერს გია ხუხაშვილი.

ავტორი: ელენე ბასილაია