გორის მუნიციპალიტეტის "კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ მთავარ ბუღალტერს, რომელიც საბიუჯეტო სახსრებს ინტერნეტ ტოტალიზატორებში იყენებდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ლეილა წკრიალაშვილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით გუშინ დააკავეს.
ბრალდების მხარის შუამდგომლობა სწორედ პატიმრობის მოთხოვნა იყო, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.
ბრალდებულის განცხადებით, მისთვის იმდენად მძიმეა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან შეხვედრა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას არ ეწინააღმდეგება.
პროკურორს ლეილა წკრიალაშვილმა თხოვნით მიმართა, რომ პროკურატურამ კულტურის სააგენტოში ,"ძველი წლებიც ამოიღოს“.
"არაფერს არ ვითხოვ, ბატონო მოსამართლე, სადაც მიმისჯით ყოფნას, იქ მირჩევნია, მე არ შემიძლია, გარეთ ჩემს შვილებს და ხალხს ვუყურო თვალებში. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ ბატონო პროკურორო, ძველი წლები ამოიღეთ, იმიტომ კი არა, რომ რამე შეღავათს ვითხოვ, უბრალოდ, არ მინდა, რომ ასე დასრულდეს ეს ყველაფერი, ამოწიეთ ძველი წლები, ძალიან გთხოვთ", - განაცხადა ბრალდებულმა ლეილა წკრიალაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტ ტოტალიზატორებში. ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებული თანხის ოდენობამ 143 985,13 ლარი შეადგინა, თუმცა, როგორც უწყებაში აცხადებენ, ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.