რა ტერორისტულ აქტზეა საუბარი, თვითმფრინავში ჩავჯდებით და ტომატიან ჭიქას შევასხამ პაპუაშვილს, რათა გაწითლებული მაისურით ჩავიდეს? - გუშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯობდა უკრაინაში წავსულიყავით, მაგრამ ვცვლი ჩემს პოზიციას, თურმე მართლაც არ ყოფილა წასვლა საჭირო, - ასე ეხმაურება "პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე სუს-ის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას.
რომან გოცირიძის განცხადებით, როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის "ნაციონალური მოძრაობის" უკრაინაში ჩასვლა, ძალიან დამამცირებელი იქნებოდა.
"განცხადება, რომ ჩვენ მაღალი თანამდებობის პირს რაღაცას ვუწყობთ, ვერ გავიგე, რას ვუწყობთ? ვკლავთ? ბომბს ვუფეთქებთ აეროპორტში? თურმე მართლაც არ ყოფილა წასვლა საჭირო. ჩემი პოზიცია იყო ასეთი: ხატია დეკანოიძის მონაწილეობა დელეგაციაში ნიშნავდა, რომ ხატია დეკანოიძემ ჩაავლო ყურში ხელი პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩაიყვანა და დასვა იქ, აიძულა რომ უკრაინის მხარდაჭერა გამოეხატათ.
ამ განცხადების შემდეგ, უკვე ვცვლი ჩემს გუშინდელ პოზიციას. ახლა ვხედავ, რომ თავად ესენი აპირებდნენ პროვოკაციის მოწყობას. მათთვის ჩვენი იქ ყოფნა იქნებოდა, როგორც ჩანს, ძალიან დამამცირებელი, ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენ არ წავსულიყავით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ“.
რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ და სუს-ის განცხადებები კომიკურია და მათ გებელსსა და საბჭოთა პროპაგანდასაც გადაასწრეს.
"კომიკურია, შეიძლება, მხოლოდ გაგეცინოს, ვინაიდან, არაერთხელ გვინახავს იგივე სისულელე. დაწყებული ავადსახსენებელი, კომიკური საბურავების საქმიდან, სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და ვერც საბურავები იპოვეს და ყველას დაავიწყდა. ასე უნამუსო და უკვე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ისინი მიმართავდნენ, როდესაც არჩევნები იყო და წინასაარჩევნოდ უნდოდათ ოპოზიციის დემონიზაცია, ხან სისხლიან პლაკატებს ჩამოკიდებდნენ ხან საბურავების რევოლუციას აანონსებდნენ და ალბათ, ერთი ათჯერ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ოღონდ ეს ყოველთვის კეთდებოდა წინასაარჩევნოდ. წინასაარჩევნოდ აბრიყვებენ ამომრჩევლებს, ჰგონიათ, რომ ხალხი უტვინოა და ჭამს ყველაფერს. არავინ არ იჯერებდა და სასაცილოდ არავის არ ჰყოფნიდა სხვადასხვა ვერსიები გადატრიალებასთან დაკავშირებით.
ეს არის შეურაცხმყოფელი, ადამიანებს არ სცემენ პატივს, აბსურდული ბრალდებებია უკვე გებელსს გაასწრეს და საბჭოთა პროპაგანდას გაასწრეს, იქ დასაბუთებას ცდილობდნენ მაინც, რაღაცას შეთითხნიდნენ, ვიღაცას დაიჭერდნენ და აჩვენებდნენ და ამბობდნენ, ამას უნდოდა ტერორისტული აქტის მოწყობაო.
რა ტერორისტულ აქტზეა საუბარი, თვითმფრინავში ჩავჯდებით და ტომატიან ჭიქას შევასხამ პაპუაშვილს, რათა გაწითლებული მაისურით ჩავიდეს? ასეთი სისულელე როგორ შეიძლება თქვა, მაგრამ კარგი, ჯანდაბას, პოლიტიკოსები დემაგოგები, უზნეო ადამიანები ატყუებენ ამომრჩევლებს, შევეჩვიეთ, მაგრამ, როდესაც ამაში მონაწილეობს სუს-ი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის პირადი მომსახურე აპარატი, ესეც არის ძალიან ცუდი და შემაშფოთებელი, მაგრამ უკვე ყველა ზღვარს გადასცდნენ, თუ შიდა მოხმარებისთვის იგონებდნენ რაღაც ლეგენდებს, დღეს უკვე უკრაინა ჩართეს, თურმე ოპოზიციური პარტია უკრაინაში ჩასულ დელეგაციას ტერორისტულ აქტს უწყობს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილი უჭერდა თუ არა მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იღებს მონაწილეობას ყოველწუთიერ გადაწყვეტილებებში.
"მიხეილ სააკაშვილმა იცოდა თუ არა? რა თქმა უნდა, არ იცოდა, არ ღებულობს ყოველწუთიერ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილი არ მართავს ოპერატიულად პარტიას, თუმცა მიხეილ სააკაშვილის აზრს ბუნებრივია ვითვალისწინებთ. ის, რომ უკრაინაში წავალთ თუ არ წავალთ, და ამაში მიხეილ სააკაშვილის სიგნალები იყო თუ არა, არ იყო. არ ვპოპულისტობ, გულწრფელად ვამბობ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძემ გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის არ უნდა ეშინოდეს და უკრაინაში უნდა ჩავიდეს.
"ბოლოს უნდა ვთქვა, უნდა ჩავიდეს პრეზიდენტიც, ნუ ეშინია ივანიშვილის. როგორც იუშჩენკო იდგა თბილისში თავის დროზე, ასე უნდა დადგეს სალომე ზურაბიშვილი, ამიტომ უნდა წავიდეს კიევში და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი იმისა, რომ საქართველოს პრესტიჟი უნდა აღდგეს, თორემ „ქართული ოცნების“ პრესტიჟი არასდროს არ აღდგება, ეს არის წარმავალი, საშიში პარტია ამ განცხადებების და ამ ქმედებების შემდეგ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.