ავტორი:

"ქალბატონი ლეილა ამ პირების გარეშე არ ჩაიდენდა დანაშაულს..." - გორში დეპუტატები დაკავებულ ბუღალტერს თანამზრახველების დასახელებას ურჩევენ: რა ვერსიაზე საუბრობენ ისინი?

"ქალბატონი ლეილა ამ პირების გარეშე არ ჩაიდენდა დანაშაულს..." - გორში დეპუტატები დაკავებულ ბუღალტერს თანამზრახველების დასახელებას ურჩევენ: რა ვერსიაზე საუბრობენ ისინი?

გორის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები დაკავებული ბუღალტრის საქმის ვერსიებზე საუბრობენ და ბრალდებულს თანამონაწილეების დასახელებას ურჩევენ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "გორი საქართველოსთვის" თამჯდომარე მამუკა ფანიაშვილი დარწმუნებულია, რომ ტექნიკურად, ერთი პირი ამ ტიპის დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, აღნიშნულის არგუმენტად ფანიაშვილი იმ ფაქტს ასახელებს, რომსაბიუჯეტო თანხების თითოეული გადარიცხვა რამდენიმე ეტაპს, რამდენიმე ავტორიზაციას გადის.

"დაზუსტებით ვამბობთ, რომ ამ ტიპის დანაშაულს, რომელიც ეხება ხაზინის გავლით თანხების მითვისებას, ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენს, ვერ შეასრულებს, იმიტომ რომ, ის გადის რამდენიმე ეტაპს, რამდენიმე ავტორიზაციას და შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც აძლევენ დასტურს, აძლევენ ავტორიზაციას, პირდაპირ ან ირიბად ჩართულები არიან ამ პროცესში. ესენი არიან მისი უშუალო ხელმძღვანელები და მერიის ფინანსური სამსახური, რომელიც საბოლოო ჯამში აძლევს დასტურს თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველა პირით, ვინ გულგრილობით ჩაიდინა ეს დანაშაული, ვინ - განზრახ და ყველა პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ტექნიკურად, ერთი პირი ამ ტიპის დანაშაულს ვერ ჩაიდენს“, - აცხადებს მამუკა ფანიაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრი კახაბერ ლობჟანიძე კი საუბრობს ვერსიაზე, თითქოს, ბრალდებულ ბუღალტერს შუთვალეს, რომ საკუთარ თავზე აეღო ეს დანაშაული და გარკვეული გარიგება მოხდა.

"ქალბატონი ლეილა ამას მარტო რომ ვერ მოახერხებდა და მას თანამზრახველები ჰყავს, ეს ცალსახაა და დარწმუნებულები ვართ და თუ ობიექტურად ჩატარდება გამოძიება, ეს მარტივად დადგინდება. ქალბატონ ლეილას ვურჩევდით, რომ დაასახელოს თანამონაწილეები, მან ყველაზე უკეთ იცის ის პირები, ვინც მონაწილეობდნენ, ეს იქნებიან უშუალოდ ამ სააგენტოს ხელმძღვანელი პირები თუ აღნიშნულ პერიოდში მერები და მათი მოადგილეები.

ამ პირების გარეშე არ მოხდებოდა ეს დანაშაული და თუ მათ გარეშე ხდებოდა, ესეც დანაშაულია - სამსახურებრივი გულგრილობა, როცა ვერ აკონტროლებენ მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებს და თანამშრომლებს. არსებობს ვერსია, რომ გარკვეული გარიგება მოხდა და მსხვერპლი არის ქალბატონი ლეილა, რომელსაც შუთვალეს, რომ საკუთარ თავზე აეღო ეს დანაშაული“, - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ენმ"-დან კახაბერ ლობჟანიძე.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს "თიბისი ბანკში“ და სს "ლიბერთი ბანკში" გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში. სუს-ის ინფორმაციით, მითვისებული თანხის ოდენობამ 143 985,13 ლარი შეადგინა, თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სააგენტოს მთავარ ბუღალტერს, ლეილა წკრიალაშვილ დღეს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულ ლეილა წკრიალაშვილის განცხადებით, მისთვის იმდენად მძიმეა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან შეხვედრა, რომ პატიმრობის შეფარდებას არ ეწინააღმდეგება.

"ბატონო მოსამართლევ, სადაც მიმისჯით ყოფნას, იქ მირჩევნია, მე არ შემიძლია, გარეთ ჩემს შვილებს და ხალხს ვუყურო თვალებში. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ ბატონო პროკურორო, ძველი წლები ამოიღეთ, იმიტომ კი არა, რომ რამე შეღავათს ვითხოვ, უბრალოდ, არ მინდა, რომ ასე დასრულდეს ეს ყველაფერი, ამოწიეთ ძველი წლები“, - განაცხადა ბრალდებულმა.

ნახეთ კადრები პროცესიდან: