არავითარი კურსი დემილიტარიზაციისა არ ხორციელდება, ეს არის დეუკრაინიზაცია, უნდათ, რომ გაანადგურონ უკრაინა, - ამის შესახებ ქალაქ მიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.
ალექსანდრე სენკევიჩის განცხადებით, მიკოლაევის მოსახლეობა ზემოტივირებულია და მზად არიან "უკანასკნელ ვაზნამდე იბრძოლონ“.
"ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში, სხვანაირად ვერ შეფასდება, ეს არის გენოციდი. დასახლებული პუნქტები იბომბება და არავითარი კურსი დემილიტარიზაციისა არ ხორციელდება. ეს არის დეუკრაინიზაცია, უნდათ, რომ გაანადგურონ უკრაინა, ჩვენი ინფრასტრუქტურა, ჩვენი ადამიანები, ჩვენი ერი. ქალაქს ბომბავენ, ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის მათი მიზანი და გარდა ამისა, მიზანი არის დაშინება, რომ ხალხი დანებდეს, სამხედროებმა იარაღი დაყაროს, ხალხმა ხელები აწიოს და ჩაბარდნენ.
მიკოლაევის მოსახლეობა, მებრძოლები, სამხედროები მზად არიან უკანასკნელ ვაზნამდე იბრძოლონ და პირიქით ისინი დიდი დანაკარგს აყენებენ რუსეთის საოკუპაციო ჯარებს. დღესდღეობით მიკოლაევის მოსახლეობა ზემოტივირებულია, ისინი თავგანწირულები არიან, არაფრად უღირთ სიცოცხლე და მზად არიან, ნებისმიერ დროს შეუტიონ რუსებს თუკი ისინი შეეცდებიან, რომ შემოიჭრან ქალაქში.
40% მოსახლეობისა გასულია ქალაქიდან. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ციფრობრივი მონაცემები, მაგრამ ჩვენ ამას ვითვლით იმის მიხედვით, რამდენი წყალი მოიხმარება. მე მივმართავ მოხუცებს, ქალებს ბავშვებს, რომ დატოვონ ქალაქი. თუკი რუსეთი დიდი ძალებით შეუტევს ქალაქს ამით შევძლებთ შევამციროთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ჯარს გაუმარტივდება საკადრისი პასუხი გასცეს რუსეთს. დღეს რუსები ერთ პატარა სექტორს აკონტროლებენ, ეგ არის და ეგ, მიკოლაევიდან არის გზები კიევის მიმართულებით, ოდესის მიმართულებით, ვისაც სურს ქალაქიდან გასვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლებს“, - განაცხადა ალექსანდრე სენკევიჩმა.
მისივე თქმით, მოქალაქეები ყველანი შედიან ჯარში, ტერიტორიული თავდაცვის რაზმებში, ამიტომ რუსეთი უკრაინას ვერაფერს დააკლებს.
"დიდი მადლობა ჩვენს ჯარს, ეროვნულ გვარდიას და ტერიტორიული თავდაცვის არმიას, რომლებიც ჩამოყალიბდნენ უბრალო მოქალაქეებისგან, რომლებსაც საერთოდ ხელში არ აუღიათ მანამდე იარაღი. ყველანი მიდიან და შედიან ჯარში და ტერიტორიული თავდაცვის რაზმებში, გადაივსო იქაურობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქალაქსაც შევინარჩუნებთ, სამშობლოსაც შევინარჩუნებთ და რუსეთი ვერაფერს დაგვაკლებს, ვერ შეგვაშინებს, ჩვენ ჩვენს მიწას, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს ვიცავთ და ისინი რისთვის მოდიან? პუტინისთვის მოდიან და არა მგონია პუტინისთვის ვინმემ თავი გადადოს მაინც და მაინც“, - განაცხადა ალექსანდრე სენკევიჩმა.