ავტორი:

"უკვე შეინიშნება საბჭოთა პერიოდში წარმოებული "tochka u"-ს გამოყენება, რაც დაბალეფექტურია" - როგორია უკრაინა-რუსეთის სამხედრო პოტენციალი და რა დაკარგა რუსეთმა "მოსკოვის" განადგურებით?

"უკვე შეინიშნება საბჭოთა პერიოდში წარმოებული "tochka u"-ს გამოყენება, რაც დაბალეფექტურია" - როგორია უკრაინა-რუსეთის სამხედრო პოტენციალი და რა დაკარგა რუსეთმა "მოსკოვის" განადგურებით?

როგორია ომში როგორც უკრაინის, ასევე ოკუპანტი რუსეთის სამხედრო პოტენციალი; კონკრეტულად, რა სახის შეიარაღება სჭირდება ახლა უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით კონტრშეტევისთვის და მთლიანობაში, უპირატესობის მოსაპოვებლად - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე AMBEBI.GE-ს სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი ესაუბრა:

- აჟიოტაჟი, შეიძლება ითქვას, სიხარული მოჰყვა 13 აპრილს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ "მოსკოვის" ჩაძირვას. რა სახის და რაოდენობის შეიარაღება იყო კრეისერზე?

- რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანი კრეისერი "მოსკოვი" საბჭოთა პროექტის 1164 "ატლანტის" კლასის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, შეიარაღებაში არსებული სამი ხომალდიდან. 11 490 ტონა წყალწვის და 186 მეტრი სიგრძის ხომალდი პრაქტიკულად ამ არეალში ყველაზე ძლიერ რუსულ ხომალდს წარმოადგენდა, უკრაინასთან ომში რუსული საზღვაო დაჯგუფების საჰაერო თავდაცვას სწორედ "მოსკოვი" უზრუნველყოფდა, საკუთარ ბორტზე არსებული С-300Ф Форт-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით, რომელიც ცნობილი С-300 ის საზღვაო მოდიფიკაციას წარმოადგენს. ხომალდზე ასეთი 64 ერთეული საზენიტო რაკეტა იყო განთავსებული.

გარდა ამისა, ხომალდის შემტევი შეიარაღება წარმოდგენილი იყო 16 ცალი П-1000 Вулкан-ის ტიპის რაკეტით, რომელიც ოპერატიულ მზადყოფნაზე, სასროლად გამზადებულ სპეციალურ გამშვებ შახტებში იყო მოთავსებული. საჰაერო სამიზნეების და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მოსაგერიებლად ხომალდის ბოლო ზღუდე 6 ერთეული AK-630 ტიპის 6 ლულიანი 30 მმ-იანი სწრაფმსროლელი საზენიტო დანადგარი იყო. ამას გარდა, ხომალდს გააჩნდა 2 ერთეული Оса-МА-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 2 ცალი 5 გამშვებიანი 533 მმ კალიბრიანი სატორპედო აპარატი, 2 ცალი AK-130 ტიპის 130 მმ-იანი საქვემეხო კოშკურა, 2 ცალი РБУ-6000 ტიპის წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო რეაქტიული სიღრმული ბომბების სატყორცნი დანადგარი და სხვადასხვა ტიპის რადიოელექტრონული ბრძოლის და რადიოტექნიკური დაზვერვის სისტემები.

მთლიანობაში ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ საბრძოლო პოტენციალს სძენდა ხომალდს... თუმცა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საკმაოდ ჭკვიანურად დაგეგმილი კომბინირებული ოპერაციით, სადაც "ბაირაქტარის" ტიპის დამრტყმელი დრონიც იყო ჩართული, "მოსკოვი" ფსკერისკენ გაუშვა. საზღვაო ძალების სანაპირო დაცვის ბატარეამ, უკრაინული წარმოების ორი ცალი "ნეპტუნის" ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მარცხენა ბორტში მოარტყა.

შედეგად მოხდა ხომალდზე არსებული შეიარაღების დეტონაცია, დაიღუპა ეკიპაჟის დიდი ნაწილი და გემმა ნელ-ნელა ჩაძირვა დაიწყო. ამის მიუხედავად, გემი ბუქსირს გამოუბეს და ყირიმის მიმართულებით წაიყვანეს, თუმცა ზღვაზე არსებული ღელვის გამო 14 აპრილს ხომალდი მთლიანად ჩაიძირა. როგორც ჩანს, რაკეტების მიახლოებისას ვერ იმუშავა ზემოთხსენებულმა AK-630 ტიპის სწრაფმსროლელმა დანადგარებმა, რომლებსაც თეორიაში შეეძლოთ ორივე "ნეპტუნის" ჩამოგდება, თუმცა პრაქტიკაში ეს ასე არ მოხდა. რაც შეეხება "ნეპტუნს", ის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2020 წელს მიიღო შეიარაღებაში და არც ისე დიდი რაოდენობით აქვთ.

- რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილების მიმართულება (დაახლოებით მაინც) უკვე გამოიკვეთა - კრემლს ყირიმზე გასასვლელად სახმელეთო კორიდორი სჭირდება, რისთვისაც ფაქტობრივად, მიწასთან ასწორებს მარიუპოლს და არა მხოლოდ. რა პოტენციალს ფლობს ოკუპანტი ქვეყანა ამ მიმართულებით?

- ომის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ რუსული ნაწილები კიევის, ჩერნიგოვის და სუმის მიმართულებიდან დონეცკი-ლუგანსკის მიმართულებაზე გადაისროლეს. ფიქსირდება ბატალიონების შერწყმა და ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფების ფორმირება, რომლებმაც შესაძლებელია ახლო მომავალში ზაპოროჟიეს და დნიპროს მიმართულებაზე ეცადონ შეტევა, თუმცა ეს რამდენად გამოუვათ, საეჭვოა.

ესაა ამ ეტაპზე ყველაზე მოსალოდნელი სცენარი და უახლოესი სამხედრო ამოცანა, წარმატების შემთხვევაში კი, შესაძლებელია უკვე კიევის მიმართულებაზეც ახალი შეტევები წამოიწყონ, თუმცა ამისთვის რუსეთში ტოტალური მობილიზაციის გამოცხადება მოუწევთ. სხვანაირად ძალები არასაკმარისია.

რაც შეეხება მარიუპოლს, ამ ქალაქის სრულად აღება და გაკონტროლება რუსეთისთვის ერთგვარი პრესტიჟის ამბავია, მარიუპოლი, მათი აზრით, ეკუთვნის დონეცკის თვითაღიარებულ სახალხო რესპუბლიკას, ამიტომ, ყველანარ ძალას გამოიყენებენ ქალაქის დამცველი ქვედანაყოფების წინააღმდეგ. მოსალოდნელია საჰაერო და საარტილერიო დაბომბვების უფრო მეტად გაძლიერება.

გიგა ინაშვილი

- რაც შეეხება უკრაინის სამხედრო რესურსს, რა სახის იარაღია ახლა მის არსენალში?

- უკრაინის შეიარაღებაში ომის დაწყებამდე ძირითადად საბჭოთა სტანდარტის მძიმე ჯავშანტექნიკა, არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ავიაცია იყო. ბოლო წლებში, ქვეყანაში საკმაოდ განვითარდა სამხედრო მრეწველობა. გარდა ხარკოვის და ლვოვის სატანკო ქარხნებისა, ქვეყანაში ფუნქციონირებდა რამდენიმე საავიაციო და ძრავმშენებელი ქარხანა, გამოვყოფ ანტონოვის ავიამშენებელ და მოტორ-სიჩის ძრავმშენებელ ქარხნებს.

უკრაინული კომპანია "ლუჩი" მასიურად აწარმოებდა და არმიას აწვდიდა "სტუგნას" და "კორსარის" ტიპის თანამედროვე ლაზერული დამიზნების ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, რომლებიც ამ ომში მაღალი ეფექტურობით მუშაობენ. შეიქმნა და წარმოებაში ჩაეშვა საბჭოთა 300 მმ კალიბრიანი ზალპური ცეცხლის სისტემა "სმერჩის" მოდერნიზებული უკრაინული ვარიანტი "ოლხა", რომელსაც 120 კმ-მდე მანძილზე უზუსტესი დარტყმების მიყენება შეუძლია.

გაცოცხლდა მთელი რიგი ძველი პროექტებიც. შეიარაღებულმა ძალებმა და ნაციონალურმა გვარდიამ შეიარაღებაზე მიიღო ადგილობრივი წარმოების ტაქტიკური ჯავშანმანქანები. 2014 წლის შემდეგ დიდი რაოდენობით გარემონტდა ამორტიზებული და შენახვაზე მყოფი საბჭოთა საარტილერიო სისტემები, ტანკები, მსუბუქი ჯავშანტექნიკა, მათ ნაწილს ჩაუტარდა მოდერნიზაციაც. მაგალითად ბმპ-1, ბმპ-2 ტიპის ქსმ-ებს, ბტრ-70/80 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს, ტ-64 ტიპის ტანკებს, წარმოებაში ჩაეშვა და შეიარაღებულ ძალებს გადაეცემა სამამულო ბტრ-4 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები და სხვა.

წინა წლებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აშშ-მა გარკვეული შეიარაღების პარტიები მიაწოდა, მათ შორის იყო FGM-148 ჟაველინის ტიპის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, სხვადასხვა ტიპის კონტრბატარეული რადიოლოკატორები და ინდივიდუალური შეიარაღება.

24 თებერვლის შემდეგ, მასიური სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად უკრაინამ დიდი რაოდენობით დაკარგა საჰაერო თავდაცვის სისტემები და არტილერია. ამ ეტაპზე ეს ორი მიმართულებაა გამორჩეულად მნიშვნელოვანი. შორ და საშუალო მანძილებზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და შორსმსროლელი ზუსტი დამიზნების ლულიანი და სარაკეტო არტილერია, ეს უკრაინულ ძალებს ყველა მიმართულებაზე ოპერატიული დონის წარმატებების საშუალებას მისცემდა, მნიშვნელოვნად მოიკლებდა დანაკარგები პირად შემადგენლობაში.

ტაქტიკური დონის შეიარაღების მხრივ დახმარება უკრაინამ ჯერ კიდევ ომამდე მიიღო, მათ შორის ბრიტანულ-შვედური NLAW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, დამატებითი "ჯაველინები" და საზენიტო-სარაკეტო FIM-92 "სტინგერები" გერმანიიდან და ბალტიის ქვეყნებიდან. დახმარება მნიშვნელოვნად გაძლიერდა უკვე ომის დღეებში, როცა ქვეყანაში რამდენიმე ათული ათასი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა და დამატებითი გადასატანი რაკეტები შევიდა.

FIM-92

- აქვე რუსეთზეც გკითხავთ - ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მის სამხედრო რესურსზე, როგორც ტექნიკური, ასევე პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით. არსებობს საფრთხე, რომ მიმდინარე პროცესებში თავის სასარგებლოდ სწრაფი გარდატეხა შეიტანოს?

- სწრაფი გარდატეხის შეტანის რესურსები რუსეთს არ აქვს, მაგრამ გააჩნია ხანგრძლივი მომქანცველი ომის რესურსები გაწელილი ტაქტიკური დონის ოპერაციებით, რაც არ შედის უკრაინის ინტერესებში. ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთს დეფიციტში აქვს თანამედროვე ზუსტი დამიზნების სარაკეტო კომპლექსები, ბალისტიკური რაკეტები "ისკანდერი" და ფრთოსანი რაკეტები "კალიბრი", რომლებსაც ომის პირველ კვირებში მასიურად იყენებდა. უკვე მასიურად შეინიშნება საბჭოთა პერიოდში წარმოებული მართვადი საავიაცო რაკეტების და ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს "tochka u"-ს გამოყენება, რაც ბევრად დაბალეფექტურია.

სარაკეტო კომპლექსი tochka u

რაც რუსეთს რეალურად დიდი რაოდენობით აქვს, ეს არის საარტილერიო დანადგარები და მისი სტანდარტული საბრძოლო მასალები, ამ მხრივ მას დეფიციტი არ ექნება. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, რეგულარული საჯარისო შენაერთების რესურსები არაა საკმარისი ოპერატიული დონის გარღვევებისთვის უკრაინაში. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ეცდებიან რეზერვის მობილიზაციას, ეს ორივე, განსაკუთრებით კი რუსულ მხარეს მკვეთრად გაზრდის დანაკარგებს, წარმატების გარანტია კი, მაინც ვერ იქნება. მკვეთრი გარდატეხის შეტანა ამ ეტაპზე რუსეთს მხოლოდ ტაქტიკური ბირთვული მუხტებით შეუძლია, თუმცა, ამის გამოყენების შესაძლებლობა ძალიან მინიმალურია, უფრო რეალურია ზოგიერთი ტიპის ქიმიური იარაღის გამოყენება მცირე მასშტაბებით, თუმცა ეს უკვე ომს ახალ, სულ სხვა ფაზაზე აიყვანს.