როგორც ხელისუფალს რაც მევალებოდა, ყველაფერი გავაკეთე,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მივიდა უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების სამძიმარზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეომრები გადმოასვენეს და სამხედრო წესით დაკრძალეს, „ყველაფერი დანარჩენი კი სპეკულაციაა“.
"დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება უზნეო საქციელია. მე, როგორც ხელისუფალს, რაც მევალებოდა, ყველაფერი გავაკეთე - დაწყებული მათი გადმოსვენებიდან, მათი ღირსეული, სამხედრო წესით და პატივით დაკრძალვით დამთავრებული. დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ სპეკულაციაა და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ უკრაინაში ამ დრომდე 6 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ყველა მათგანი, გარდა ჩიქობავასი, საქართველოში ჩამოსვენებულია. ბახვა ჩიქობავა კი, რომელიც მარიუპოლში დაიღუპა, ადგილზე არსებული ვითარების გამო ჯერჯერობით არ გადმოუსვენებიათ.