ავტორი:

"მასობრივი საფლავები, დახვრეტის ოთახები... არ ვიცი, როგორ აღვწერო ის, რაც ვნახე" - ქართველი დეპუტატების ემოციები ბუჩასა და ირპინში ყოფნისას (ფოტოები)

"მასობრივი საფლავები, დახვრეტის ოთახები... არ ვიცი, როგორ აღვწერო ის, რაც ვნახე" - ქართველი დეპუტატების ემოციები ბუჩასა და ირპინში ყოფნისას (ფოტოები)

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ბუჩასა და ირპინში იმყოფებოდნენ.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ნანახმა მათზე მძიმე ემოციური გავლენა მოახდინა. როგორც დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი წერს, ყველაფრის მოყოლა, რაც ადგილზე ნახა, ძალიან უჭირს.

"მხოლოდ 6 საათია ამ ორ ფოტოს შორის... პირველი მატარებელშია გადაღებული ჩვენს უკრაინელ გამცილებელთან ერთად, მეორე ირპინში - დაბომბილ კულტურის სახლთან.

ჩასვლიდან უკრაინის მიწაზე გატარებული 6 საათი - მასობრივი საფლავები, დახვრეტის ოთახები და დაბომბილი სამოქალაქო ობიექტები, ამ ყველაფრის თვითმხილველებთან და მოწმეებთან საუბარი... ჯერ მიჭირს ყველაფრის მოყოლა, მოვუყრი თავს აზრებს!" - წერს ანა ნაცვლიშვილი.

ირპინში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს დეპუტატი ხათუნა სამნიძეც და წერს, რომ ნანახმა მასზე ძალიან იმოქმედა.

"დაბომბვას გადარჩენილი ფისო. მოვიდა, გვეფერა" - წერს სამნიძე.

გიორგი ხოჯევანიშვილი: დღეს დასახლებული პუნქტები ბუჩა და ირპინი უკრაინის რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან ერთად მოვინახულეთ.

არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა, ან როგორ აღვწერო ის რაც ვნახე, განსაკუთრებით მძიმე სანახავი იმიტომ იყო, რომ მსგავსი უკვე მინახავს ჩვენს სამშობლოში. ჩვენი საერთო მტრის ერთი და იგივე ხელწერა!

დარწმუნებული ვარ ეს უსამართლო ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და ბოროტების მარცხს ყველა ერთად ვნახავთ.