პუტინთან დაახლოებულ უკრაინელ ოლიგარქს ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეეფარდა, - ამის შესახებ ქალაქ ლვოვის ლიჩაკოვის რაიონული სასამართლოს პრესსამსახური იტყობინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება 26 თებერვალს მედვედჩუკის შინაპატიმრობიდან გაქცევისა და 2 მარტს საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროცესი ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართა. სასამართლოს დადგენილების თანახმად, ეჭვმიტანილსა და მის უფლებადამცველს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება. Unian-ის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ლვოვის სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკის კუთვნილი 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღა.