რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ ძალებს, რომლებიც ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში იბრძვიან, ულტიმატუმს უყენებს და კვირას, მოსკოვის დროით დილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე, იარაღის დაყრისა და ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ, ვინც ჩაბარდებიან, სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ.
"ამაზე გავლენის მოხდენის მხოლოდ ორი გზა არსებობს: ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინას ყველა საჭირო იარაღი, თვითმფრინავები დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ, ან მოლაპარაკებების გზით, რომელშიც პარტნიორების როლი ასევე გადამწყვეტი უნდა იყოს,” - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არ არსებობს მარიუპოლთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარების აბსოლუტურად ეფექტური გზა.
"მარიუპოლის ბლოკადის შემდეგ არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ გამოსავალზე არ გვეფიქრა. სამხედრო თუ დიპლომატიური - ყველაფერი ხალხის გადასარჩენად, მაგრამ ამ გამოსავლის პოვნა ძალიან რთულია. ჯერჯერობით, არ არსებობს ასი პროცენტით სწორი გზა. ეს ეხება როგორც სამხედრო ვარიანტებს, ასევე მოლაპარაკების პროცესს,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ქალაქი მარიუპოლი რამდენიმე კვირაა ალყაშია. მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონცენტრირება დაიწყეს. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ქალაქში ყველა დასახლებული ტერიტორია „გაწმენდილია უკრაინული ძალებისგან“ და უკრაინელ და უცხოელ მებრძოლთა მხოლოდ მცირე ჯგუფია დარჩენილი, რომელიც „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში, ალყაში იმყოფება.