ავტორი:

"მოსკოვში კლანების სასტიკი ომი დაიწყო" - ვინ არიან ეფ-ეს-ბეს და პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა დაკავებაზეც ვრცელდება ინფორმაცია?

"მოსკოვში კლანების სასტიკი ომი დაიწყო" - ვინ არიან ეფ-ეს-ბეს და პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა დაკავებაზეც ვრცელდება ინფორმაცია?
  • ფოტოკოლაჟი: სერგეი ბესედა, ვლადისლავ სურკოვი და ვლადიმერ პუტინი, ვლადიმერ ჩერნოვი

ამ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე რუსულმა და უკრაინულმა მედიასაშუალებამ დაწერა ეფ-ეს-ბეში გამოვლენილ დიდ კორუფციულ სკანდალზე. პუბლიკაციებში ლაპარაკია, რომ ეფ-ეს-ბეს რამდენიმე მაღალჩინოსანი ამხილეს 5 მილიარდი დოლარის გაფლანგვაში. ეს თანხა გამოყოფილი იყო უკრაინაში დივერსიული მოქმედებებისა და პრორუსული პროპაგანდისთვის. გამოცემების მტკიცებით, სპეცსამსახურები, უკრაინაში აქტიურობის იმიტაციის ხარჯზე, კრემლში აგზავნიდნენ გაზვიადებულ ანგარიშებს, რომლის თანახმადაც უკრაინა სიხარულით ელოდა ვლადიმერ პუტინს, როგორც განმათავისუფლებელსა და ხელისუფლებიდან "კიევის ხუნტის“ ჩამომშორებელს. ამ ანგარიშებზე პასუხისმგებლები იყვნენ ეფ-ეს-ბეს მე-5 - ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახურის უფროსი გენერალი სერგეი ბესედა და ანატოლი ბოლიუხა, ამ უკანასკნელს ეკავა ეფ-ეს-ბეს მე-5 სამსახურის ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მაღალჩინოსანი დაადანაშაულეს სახელმწიფო ღალატში და მისჯილი აქვთ შინაპატიმრობა.

ანატოლი ბოლიუხა

ბესედასა და ბოლიუხას დაკავების გარდა, გავრცელდა ინფორმაცია, ვლადიმერ პუტინის ყოფილი თანაშემწის, უკრაინის მიმართულების ყოფილი კურატორის, ვლადისლავ სურკოვისა და გენერალ ვლადიმერ ჩერნოვის დაკავების შესახებ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წლების განმავლობაში კურირებდა დსთ-ს ქვეყნებთან კულტურულ კავშირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინიც იმ მილიარდებს "ტეხავდნენ", რომელიც უკრაინასთან ბრძოლისთვის იყო გამოყოფილი. როგორც ამბობენ, გამოძიება სწავლობს დოკუმენტაციას 2014 წლიდან მოყოლებული.

ვლადისლავ სურკოვი

აქამდე ცნობილი იყო, რომ პუტინი განსაკუთრებულად აფასებდა სურკოვს. მიუხედავად იმისა, რომ ის არაერთხელ გაეხვა კორუფციულ თუ პოლიტიკურ სკანდალში, ამას სურკოვის კარიერაზე არ უმოქმედია. რაც შეეხება ჩერნოვს, ის მიიჩნევა პუტინის მეგობრის, სერგეი ივანოვის უახლოესი გარემოცვის წევრად. ისინი კე-გე-ბეს დაზვერვაში ფინეთში ერთად მსახურობდნენ.

  • იყო თუ არა აქამდე ცნობილი პუტნისთვის, რომ მისი ადმინისტრაციიდან თანხებს იპარავდნენ?

ცენტრი "დოსიე“ წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გამოაქვეყნეს ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც შეეხებოდა სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს და მათ კორუფციულ საქმიანობას, მათვე შეისწავლეს, თუ რაოდენ დიდი თანხები იყო გამოყოფილი როგორც უკრაინაში, ასევე საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილ ქვეყნებში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დასაფინანსებლად, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტების თუ კულტურის მოღვაწეთა გადასაბირებლად. გავიხსენოთ, რომ „დოსიემ“ 2020 წელს შეისწავლა რუსეთიდან საქართველოში “პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების სქემები. (იხილეთ სტატია)

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე გენერალიც, თუმცა ზუსტად რა და როგორ მოხდა, რუსული ცენზურის პირობებში, ამის გადამოწმება ძალიან რთულია, თუმცა რეალურად, ფაქტი ისაა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, უკრაინაში ომის ახალ ფაზაში გადასაყვანად, ახალი მეთაური ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშნა, რომელსაც ანტიკრემლისტური რუსული მედია (და არამხოლოდ) "სისხლიან გენერალს" უწოდებს. ასევე შეიცვალა სამეთაურო შტაბის შემადგენლობაც. კრემლი უკრაინაში ომის ახალი ფაზის წამოწყებას ცდილობს, რაც იმედია, ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც პირველი აღმოჩნდა.

"ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთში, ბოლოს და ბოლოს, გაერკვნენ, რისი რესურსი და შანსი აქვთ. ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით, კრემლს აქვს მხოლოდ ერთი სერიოზული შეტევის რესურსი. ამის მეტად მას აღარც ხალხის და აღარც სამხედრო აღჭურვილობის რესურსი აღარ ეყოფა. ფსიქოლოგიური რესურსიც განახევრებულია, რაც ეტყობა იმ პერიპეტიებს, რომელიც მოსკოვში ხდება. ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა თანამდებობიდან, მათ შორის სამხედრო პირთა გათავისუფლებისა და ზოგჯერ დაკავების თაობაზეც. იქ კლანების სასტიკი ომი დაიწყო, სწორედ იმიტომ, რომ სამხედრო მოქმედებების ხელმძღვანელობაში ერთმა ჯგუფმა ვერ გაამართლა და ახლა პირველის მოცილების ხარჯზე პროცესში მეორე ჯგუფი ჩაერთო. სულ გაქრა რადარებიდან გენშტაბის უფროსი გერასიმოვი, შინაპატიმრობაშია პუტინის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი... ასევე დააპატიმრეს რამდენიმე გენერალი, მათ შორის ეფ-ეს-ბეს მაღალჩინოსანი, რომელიც ერთხანს საქართველოს მიმართულებას კურირებდა და ძალიან ბევრი ცუდი რამ, რაც ჩვენთან მოხდა, ამ კაცის "დამსახურებაა". ეს არის გენერალი ბესედა. ერთი სიტყვით, რუსეთის ხელისუფლებაში მეტად რეზონანსული და საინტერესო ამბები ხდება... მაგალითად, დაზვერვაში არასწორად დახარჯული თანხების გამო დაიწყო გამოძიება. სხვათა შორის, კითხვები გაჩნდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან.

ინალ არძინბა

ის ცენტრალური ფიგურა არ იყო, მაგრამ სანამ აფხაზეთში ამ თანამდებობას დაიკავებდა, სურკოვის მოადგილე გახლდათ და დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულების სწორედ იმ საკითხებს კურირებდა, რასაც ე.წ. "რუსკი მირის" ფასეულობების დამკვიდრება ჰქვია ამ რეგიონებში. ამისთვის დიდძალი ფული დაიხარჯა, მათ შორის ქალაქ მარიუპოლშიც. მათი მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე პუტინი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინაში ყვავილებითა და დროშებით დახვდებოდნენ რუსულ არმიას. ასევე დააკავეს სხვადასხვა სამხედრო პირი და ეფ-ეს-ბეს ოფიცრები. შოიგუზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ინფარქტი აქვს და საქმეს ჩამოშორდაო, მაგრამ ასე არ არის. როგორც ვიცი, მან თავისი პოზიცია უფრო გაიმყარა. მოკლედ, რუსეთის ხელისუფლებაში დიდი ბრძოლა მიდის", - ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი მამუკა არეშიძე

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ სამხედრო ტექნიკის გაუგონარი ზარალი ნახა.

გთაავზობთ კიდევ ერთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

მამუკა არეშიძე:

- მგონი, საბჭოთა არმიამ მეორე მსოფლიო ომის დროს უკან დახევისას რომ დაკარგა შეიარაღება, ალბათ, პროცენტულად იმას შეიძლება გავუტოლოთ ახლანდელი დანაკარგი, თან ლაპარაკია ძვირად ღირებულ შეიარაღებაზე. კრემლისთვის უდიდესი დანაკარგია სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" აფეთქება და ჩაძირვა.

ეს მეტად სიმბოლური გამოდგა როგორც მისი სახელის გათვალისწინებით, ასევე კუნძულ ზმეინისთან მომხდარის გამოც, როდესაც სწორედ ეს გემი უკრაინელმა მესაზღვრემ სამ ასოზე გაუშვა.

შეგახსენებთ, ეს გემი 2008 წელს მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომშიც და ამჟამადაც იგივე კაპიტანი ჰყავდა. როგორც ცნობილია, ის დაიღუპა. "მოსკვას" ჩაძირვა არ არის ჩვეულებრივი ამბავი და როგორც ამბობენ, 2 რაკეტა ამხელა კრეისერს, წესით, ვერ ჩაძირავდა. იქ კიდევ რაღაც მოხდა. ამიტომაც არის, ალბათ, რომ შავი ზღვის ფლოტის სარდალი უცებ გაქრა... სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, მათ შორის ისიც, რომ დააპატიმრეს, თუმცა დანამდვილებით თქმა ძნელია. ფაქტია, გემის დაღუპვამ კრემლში დიდი ბაკქანალია გამოიწვია. ამბობენ, როდესაც მისი დაზიანების ამბავი შეიტყვეს, მოსკოვიდან გაიგზავნა ბრძანება, რაც გინდათ, ის ქენით, ოღონდ ხომალდი გადაარჩინეთო. ამით აიხსნება ეკიპაჟის ამხელა დანაკარგი, გემი ამდენი ხნის განმავლობაში წყლის ზედაპირზე იყო, მაგრამ მაინც ამდენი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური მოსკოვისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ დაზიანებული გემი პორტამდე როგორმე მიეყვანათ, რაც ვერ მოახერხეს. ეს არის დიდი დარტყმა რუსეთის პრესტიჟსა და საზოგადოდ, მის სამხედრო-საზღვაო ძალებზე. გარდა ამისა, უკრაინელებმა თვითმფრინავები ჩამოუყარეს ისეთი, წესით, რომ ვერ უნდა ჩამოეყარათ.

- ბოლო დროს ისევ გააქტიურდა ლაპარაკი ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საფრთხეზე...

- გააჩნია, როგორ წარიმართება ომი. პუტინი მარცხის შემთხვევაში განწირულია როგორც პოლიტიკურად, ისე პიროვნულად, რაც კარგად იცის. ამიტომაც ჩიხში მოქცეული რას იზამს, ძნელი სათქმელია, თან, როგორც ირკვევა, კრემლში კოლექტიური გადაწყვეტილებები აღარ მიიღება. ეს ქვეყანა კლასიკურ ტოტალიტარულ სახელმწიფოდ იქცა, ყველაფერს ერთი კაცი წყვეტს. მან მოშალა არაერთი ცენტრი, მაგალითად, გენშტაბი, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს. როგორც ამბობენ, მის ბრძანებებს აღარ ასრულებს მარიუპოლის ფრონტის მიმართულების ხელმძღვანელი. დვორნიკოვიც, რომელიც ახლა პუტინმა სამხედრო ოპერაციად წოდებული ომის სარდლად დანიშნა, არაფრად აგდებს არც გენშტაბს და არც არავის. მას მხოლოდ ორი ხელმძღვანელი ჰყავს: პუტინი და შოიგუ. მოკლედ, უკიდურესად დაძაბული ვითარებაა როგორც კრემლში, ისე არმიასა და ფრონტის ხაზზე. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ ექსპერტები, რომ უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილმა პუტინმა შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იფიქროს, თუმცა, ჩემი აზრით, ამის შესაძლებლობა ძალიან მცირეა. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

იხილეთ ასევე: