ქეთი გოგავა, ფონდ "გურული დღიურების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია. ის 2017 წლიდან ფონდის მიერ განხორციელებულ არაერთ საქველმოქმედო და სასარგებლო საქმეშია ჩართული. ფონდს "გურული დღიურები“ დღემდე ბევრი ადამიანი ჰყავს გახარებული. 14 აპრილს მათ უკრაინაში დაღუპული მეომრის დავით რატიანის ოთხ შვილს "გმირი ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია" გადასცეს, ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა.
ქეთი გოგავა:
- სამეგობრო წრეში, რამდენიმე მეგობარმა მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ კეთილი საქმეები გვეკეთებინა. შემდეგ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს შევხვდით, რომელიც, მოგეხსენებათ, ბესტსელერის "გურული დღიურების“ ავტორია (წიგნი უკრაინაშიც გამოიცა). გვინდოდა, გიორგის ავტორიტეტით გვესარგებლა და იმ პერიოდში "გურული დღიურების“ გაყიდული თანხით დახმარება ერთ ბავშვზე გაიცა. ამის შემდეგ ფონდს "გურული დღიურები“ დავარქვით. ჩვენთვის ამ საქმეში განათლება და ბავშვებისთვის ამ თვალსაზრისით დახმარება გახდა პრიორიტეტული და 2017 წლიდან მოყოლებული. ფონდის მიერ 100-ზე მეტი ბავშვია დაფინანსებული. ფონდის სტიპენდია თითო ბავშვზე თვეში 100 ლარია და ერთი წლის განმავლობაში გაიცემა...
ამ საქმეების შესახებ, გიორგი კეკელიძე როდესაც სოციალურ ქსელში წერდა, თანდათან ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც გიორგი კეკელიძის პოსტის შემდეგ ბავშვებისთვის დახმარების სურვილი უჩნდებოდათ და გვიკავშირდებოდნენ.
- როგორ, რა ნიშნით ირჩევთ ადამიანს, რომელსაც თქვენს სტიპენდიას გადასცემთ?
- პრიორიტეტულია ის ბავშვები, რომლებიც სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული თუ მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან და გამოირჩევიან კარგი სწავლით, მოწყურებულები არიან განათლების მიღებას, მაგრამ შესაბამისი სახსრები, შესაძლებლობა არ აქვთ. პირველ რიგში, მათ ვეხმარებით. ყოფილა შემთხვევები, სპონსორების მიერ შეგროვებული, ჩარიცხული თანხა ერთჯერადად, მასწავლებელზეც გაცემულა - მიზნობრივად გადაგვიცია.
- ე.ი. შემოსული წერილებს იხილავთ, სწავლობთ და შემდგომ საჭიროების მიხედვით მოქმედებთ, ხომ?
- კი, ხდება შემოსული წერილების გარჩევა. ვუკავშირდებით ბავშვის მასწავლებელს, დამრიგებელს, ხშირ შემთხვევაში, თვითონ დირექტორები გვწერენ. გავიგეთ, რომ წარჩინებულ მოსწავლეს აფინანსებთ, ჩვენც გვყავს ბავშვი, რომელსაც მამა არ ჰყავს, მზრუნველობამოკლებულიაო და ა.შ. ცხადია, დირექტორს ნდობის მანდატი დიდი აქვს და როგორც კი სპონსორი გამოჩნდება, ვეხმარებით. ამ საქმეში ქართველი ემიგრანტები წლიდან წლამდე აქტიურად არიან ჩართულები და მადლობა მათ ამისთვის. ეს ბავშვებისთვის დიდი მოტივაციაა. პანდემიამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავდიოდით. საერთოდაც, პირველი დაჯილდოება გიორგი კეკელიძის სკოლიდან დაიწყო, ოზურგეთში ჩავედით... გიორგის დიდმა ავტორიტეტმა, მისმა ფაქტორმა ფონდის საქმიანობის განვითარებაში სერიოზული როლი ითამაშა...
- პანდემიამ ფონდს საქმიანობაში ხელი ხომ არ შეუშალა?
- პანდემიის დროს შემოსული თანხები მოხუცთა დასახმარებლად მიიმართა. გიორგი შეჭირვებულ ოჯახებში, სადაც ამის საჭიროება იყო, პირადად დადიოდა და პროდუქტს თავისი ხელით არიგებდა. ასევე გვყავს დაჯილდოებული არაერთი სტუდენტი, რომლებიც წარმატებულები არიან. ამ ადამიანებს შემდგომ ვიმეგობრებთ და მათ წარმატებას და იმას, შემდგომ როგორ ვითარდებიან, თვალ-ყურს ვადევნებთ. ვფიქრობ, რომ პატარა მარცვალიც საკმარისია, ამ ყველაფერმა კეთილი ნაყოფი გამოიღოს. იყო ასეთი ფაქტიც - არაჩვეულებრივ მოსწავლეს მარიამ ბარდაველიძეს, რომელსაც უამრავი ადამიანი ეხმარებოდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ჩვენც შევუგროვეთ გარკვეული თანხა, მაგრამ გარდაცვლილი გოგონას დედამ გიორგის უთხრა, - თუკი ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ეგ თანხა მარიამის სახელზე იმას ჩაურიცხეთ და დაეხმარეთო. ამ ქალბატონმა ასეთი დიდი ადამიანობა გამოიჩინა. უკვე მეორე წელია, იმ თანხით 2-3 ბავშვი ფინანსდება. გიორგიმ კი მარიამის სახელზე მის სკოლაში ბიბლიოთეკა გახსნა.
- როგორც ცნობილია, თქვენ ასევე დაწესებული გაქვთ დათა პაპას სახელობის სტიპენდიაც...
- დიახ, ასეა. როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მკვიდრმა დათა პაპამ სახლი არ მიატოვა და დარჩა თავის მიწაზე, მისი სახელობის სტიპენდია დავაარსეთ. ვიყავით იქაურ სოფლებში და კარგი მოსწავლეები დავაფინანსეთ. შემდეგ გმირი ანწუხელიძის შვილები გახდნენ ჩვენი სტიპენდიატები. რამდენიმე წელი ვაფინანსებდით, ფონდმა ბავშვებს სტიპენდია არ შეუჩერა. მოგვიანებით გიორგის იდეა იყო, უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი მეომრების შვილებისთვის "ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია" დაგვეწესებინა. ამიტომ, 14 აპრილს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოვიწვიეთ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის დავით რატიანის ოთხი შვილი და ბატონი დავითის ქვრივი. ამ ქალბატონმა ასეთი სიტყვები თქვა, გამიხარდა... - გავიგე, რომ ფონდმა "გიორგი ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია" გასცა, მაგრამ როგორ ვიფიქრებდი, რომ ეს სტიპენდია ჩემს შვილებსაც ერგებოდა?! მართლა ცრემლმორეული დაჯილდოება იყო. არც გვეგონა, რომ მან ამის შესახებ იცოდა. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ბავშვებმა იცოდნენ და გაიგონ, ვინ იყო გმირი გიორგი ანწუხელიძე. ახლა დავით გობეჯიშვილის ორ მცირეწლოვან შვილს გვინდა, გადავცეთ სტიპენდია. 14 აპრილს ასევე დავაჯილდოვეთ უკრაინელი მეომარი, გმირი ლეონიდ ბილიკი, რომელიც შშმ პირია და ცხოვრობს საქართველოში. ის სოხუმიდან დაწყებული, საქართველოს ყველა ომში იბრძოდა.
მას ფონდის სახელით სოლიდური თანხა ერთჯერადად გადავეცით. ასევე გვყავს დაჯილდოებული საქართველოში მცხოვრები ერთი უკრაინელი ბავშვიც.
დღეს ძნელია, განსაზღვრო, ვის რა აბედნიერებს, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც სხვისი დახმარება დიდ სიხარულს ჰგვრით. ფონდის მეშვეობით დავიმეგობრეთ ასეთი ადამიანები, რომლებსაც სხვისთვის გაცემული თანხა, ადამიანების გახარება, აბედნიერებთ. თან ისე, რომ არც უნდა საკუთარი გვარისა და სახელის გახმაურება. უბრალოდ, ეხმარებიან. ამაზე კარგი საქმე რა არის?! მაგალითად, იყო ჩოხატაურის ერთ-ერთი სოფლის მოსწავლე, რომელსაც ჩანთა არ ჰქონდა, მასწავლებელი ამბობდა, რომ გონიერი მოსწავლეაო. გიორგის სტატუსის შემდეგ გერმანიიდან ჩამოვიდა ამანათი, სადაც მხოლოდ ჩანთა კი არა, მოსწავლე მთლიანად აღჭურვეს საჭირო და აუცილებელი ნივთებით. გვინდა, რომ ბავშვები გაიზარდონ აქ ქვეყნის და სამყაროს ღირსეულ მოქალაქეებად. გვიხარია, რომ ასეთი ჭკვიანი, მოტივირებული ახალგაზრდები გვყავს. წარმოიდგინეთ, რომ იმ 100-ლარიანი სტიპენდიით ბევრ რაღაცას ახერხებენ. წარმატებები მინდა ვუსურვო ყველას და ღმერთმა ყველა ქველმოქმედი ადამიანი დალოცოს.