ავტორი:

"ჯარისკაცო, დააგდე იარაღი, არ ისროლო და გმირი იქნები" - 76 წლის რუსი მხატვრის ამბავი: ელენა ოსიპოვა, ქალი, რომელიც პუტინის რეჟიმს მარტო ებრძვის

"ჯარისკაცო, დააგდე იარაღი, არ ისროლო და  გმირი იქნები" - 76 წლის რუსი მხატვრის ამბავი: ელენა ოსიპოვა, ქალი, რომელიც პუტინის რეჟიმს მარტო ებრძვის

76 წლის რუსი მხატვარი, ელენა ოსიპოვა 20 წელია რაც რუსეთში პუტინის რეჟიმს აპროტესტებს. მას აქციებზე მუდმივად აკავებენ, მაგრამ პროტესტს აგრძელებს. ელენა ოსიპოვას "სანკტ-პეტერბურგის სინდისს" უწოდებენ. ქალი მხატვარი და მასწავლებელია, ის ბავშვებს პენსიაზე გასვლამდე ასწავლიდა ხატვას, ახლა კი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ომის საწინააღმდეგო პლაკატებით გამოდის.

2022 წლის მარტში იგი რამდენჯერმე დააკავეს აქციებზე. ოსიპოვასა და OMON-ის მებრძოლების 2 მარტს გადაღებულმა კადრებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია სოციალურ ქსელებში.

ელენა ოსიპოვა:

- 24 თებერვალს, შუაღამისას, დამირეკა ერთმა ქალმა, ალბათ ჟურნალისტმა და მკითხა, რას ვგრძნობდი მომხდარის გამო. მე ვუპასუხე, რომ რუსი ფიურერი წავიდა უკრაინის ანექსიაზე და მე ამისთვის დიდი ხანია მზად ვიყავი. ჯერ კიდევ 2014 წელს ჩემთვის ცხადი იყო, საით მიდიოდა ყველაფერი (ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა უკრაინის მიმართ). ომის საწინააღმდეგო პლაკატების უმეტესობა მაშინ გავაკეთე. მაგრამ არავის სჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო.

ელენა ოსიპოვა სანკტ-პეტერბურგში აქციაზე 2022 წლის, 24 თებერვალი

იმავე დღეს, 24 თებერვალს გამოვედი სანკტ-პეტერბურგის ცენტრში ბანერით, რომელზეც ეწერა: "ოჰ მანია, ოჰ ომის მუმია! დაიწვები, რუსეთო! სიგიჟეს, სიგიჟეს სჩადიხარ!" - ეს არის მარინა ცვეტაევას ლექსებიდან ფრაზა. მართალია, მან გერმანიაზე დაწერა, მე კი რუსეთზე. ეს პლაკატი ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ დავხატე, 2015 წლის 27 თებერვალს.

აქციაზე სრული უიმედობის განცდით გავედი, მაგრამ ხალხისგან შთაგონებული ვიყავი. იმ დღეს ქუჩაში ბევრი იდგა. მე ეკატერინე II-ის ძეგლთან ვიდექი და ისინი ნეველის პროსპექტის გასწვრივ გაურბოდნენ პოლიციას და ყვიროდნენ: "არა ომს!" რამდენიმე კაცი მოვიდა, ტიროდნენ და მკითხეს: "რა ვქნათ? როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას? ამ ყველაფერმა დიდი იმედი მომცა. დავინახე, რომ ბევრი არ ეთანხმება რუსეთის ქმედებებს უკრაინაში.

თავიდან მინდოდა "გოსტინნი დვორში" წასვლა, მაგრამ იქ ბევრი პოლიცია იყო, მაშინვე წამიყვანდნენ. ასე მოვახერხე საკმაოდ დიდხანს დგომა. მაგრამ საბოლოოდ პოლიცია გამოჩნდა. ზოგიერთმა ჟურნალისტმა მოახერხა გაქცევა და ჩემი წაყვანის ამსახველი სურათების გადაღება. ხალხი ცდილობდა ხელი შეეშალა, მაგრამ მე თვითონ ვუთხარი, არ ინერვიულოთ, დავარწმუნე, არ ჩარეულიყვნენ - მეშინოდა, რომ მათაც დააპატიმრებდნენ. პოლიციის მანქანაში ჩამსვეს და სახლში წამიყვანეს. მითხრეს, რომ ქუჩაში აღარ გამოვჩენილიყავი.

ელენა ოსიპოვა სანკტ-პეტერბურგში აქციაზე 2022 წლის, 27 თებერვალი

მაქსიმალურად ვცდილობ [ომის საწინააღმდეგო აქციებზე] წავიდე. ჯანმრთელობა ყოველთვის არ მაძლევს ამის საშუალებას. 27 თებერვალს გამოვედი პლაკატით, რომელზეც თვალდახუჭული ჯარისკაცი ეხატა, დედა იარაღს ართმევს და ეუბნება: "არ წახვიდე, შვილო, ამ ომში“. მე ასევე დავამატე: "ჯარისკაცო, დააგდე იარაღი, არ ისროლო - და ნამდვილი გმირი იქნები". მართლაც, ასეთ ვითარებაში ეს ნამდვილი გმირობაა.

ჯერ კიდევ მაქვს სახლში ნაძვის ხე. ჩვეულებრივ, 8 მარტამდე ვიღებ ხოლმე, მაგრამ ომი რომ დაიწყო, დრო გაჩერდა და ნაძვის ხის დრო აღარ იყო. პლაკატების გარდა ნახატებსაც ვხატავ, ბევრი დაუმთავრებელი ნამუშევარი მაქვს, გამოფენის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ახლა სხვა ვერაფერს ვაკეთებ.

პირველად აქციაზე 2002 წელს გამოვედი ბანერით, მერე ჩეჩნეთის მეორე ომის დროს. მე, ისევე როგორც ყველა, პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალს დუბროვკაში მიმდინარე მოვლენებს. მაშინ მივხვდი, რომ გაჩუმება აღარ შემეძლო. ფურცელზე ხელით დავწერე: "ბატონო პრეზიდენტო, სასწრაფოდ შეცვალეთ კურსი!“ ასეთი მარტივი ტიპის პლაკატით გამოვედი და მარიინის სასახლესთან დავდექი. მაშინ არავინ გააპროტესტა, არავინ შემომიერთდა. მარტო ვიდექი. არანაირი პასუხი და მხარდაჭერა არ ყოფილა.

ელენა ოსიპოვა 2 მარტს ომონმა დააკავა

შემდეგ მოხდა კიდევ უფრო საშინელი ბესლანი [1 სექტემბერი, 2004 წ.]. ასევე თითქმის არანაირი რეაქცია. ქუჩაში მხოლოდ გარდაცვლილი ბავშვების მშობლები გავიდნენ. და ქვეყანას ეძინა.

ეს გულგრილობაა. დავაგვიანეთ. ხალხს მაშინვე რომ დაეწყო გამოსვლა და პროტესტი, იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ასეთი მორჩილება მიკვირს. ახლა არ არის ის დრო, როცა დემონსტრაციის დროს თავში ესვრიან. ბევრი კარგი ადამიანია, ბევრი, ვისაც ესმის ყველაფერი, მაგრამ ისინი შეშინებულები არიან. მესმის, რომ ეშინიათ არ დაკარგონ სამსახური, ფული, თავისუფლება. მე დასაკარგი არაფერი მაქვს, ნებისმიერ მომენტში შემიძლია მოვკვდე.

მთელი ცხოვრებაა ვხატავ. ბებია მუზეუმში მცველად მუშაობდა და პატარა რომ ვიყავი, ხშირად მივყავდი თან. დედა მაშინ დღე და ღამე მუშაობდა, არავინ ჰყავდა დამტოვებელი. 2009 წელს ჩემი ერთადერთი ვაჟი გარდაიცვალა და მაშინ დავამთავრე პედაგოგობა. ბავშვებს ღიმილი სჭირდებათ, მაგრამ მე ვერ შევძელი.

ელენა ოსიპოვას ნამუშევარი

მე ვინახავ ჩემს ყველა პოსტერს. ბევრჯერ შემომთავაზეს მათი გაყიდვა, მაგრამ მაშინვე ვუთხარი - არა. მე არ ვყიდი პოლიტიკას, თორემ არავინ დამიჯერებს. გამუდმებით მაბრალებენ, რომ ვიღაც ფულს მიხდის. მე მხოლოდ ჩემ ნახატებს ვყიდი, მაგრამ პლაკატების არასდროს. ყველა ჩემთანაა - გარდა იმისა, რაც პოლიციამ გაანადგურა.

ბევრჯერ დამაკავეს, მქონდა სასამართლოც, ჯარიმებიც დამაკისრეს. ჩემი პენსია მხოლოდ ექვსი ათასი რუბლია. ქუჩაში ბევრი მოდის და ფულს მთავაზობს, მაგრამ ამას ვერ ვიტან. რამდენიმე წლის წინ ხუთი ათასი მანეთი მომიგროვეს - ჯარიმა რომ გადამეხადა. ეს ფული ბოლოტნაიას საქმეზე მსჯავრდებულებს გავუგზავნე.

ბევრი საბჭოთა მმართველი იყო, მაგრამ ისინი სრულიად განსხვავებულები იყვნენ თავისი ნაკლოვანებებით, მაგრამ მეთოდების სისასტიკით ჩამოუვარდებოდნენ დღევანდელს. ამ ხალხმა საკუთარი თავისთვის მთელი სისტემა ააშენა, ფული შეაგროვეს და მხოლოდ იარაღისთვის იყენებენ. ახლა ირგვლივ ამ ხელისუფლების მიმდევრები არიან. მათაც ვადანაშაულებ: მხარს უჭერენ ამ ხელისუფლებას და ხალხს მსოფლიოს წინააღმდეგ განაწყობენ. ტრაბახობენ მკვლელობებით!

"კულტურას“ ძირითადად ტელევიზორში ვუყურებდი, მაგრამ ახლა და იქიდან მხოლოდ რუსული იდეოლოგია ისმის. რადიოს ჩართვისაც კი მეშინია. ადრე ვუსმენდი "ეხოს" [მოსკოვს], მაგრამ ახლა Sputnik მაუწყებლობს - იქ ისეთი რაღაცეების მოსმენა შეიძლება, რომ ეს უბრალოდ კოშმარია. არ ჩავრთავ, რომ არ ვიწუწუნო. ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ კომპიუტერი მაჩუქეს, ახლა ვცდილობ იქ მოვიძიო ინფორმაცია და გავუზიარო ახალგაზრდებს - ფილმები, ვიდეოები, სტატიები და სხვა. მაგალითად, ფილმი "ჩვეულებრივი ფაშიზმი“. ყველას უნდა მიეცეს მისი ნახვის საშუალება.

მე ყოველთვის წარმოვიდგენდი რუსეთს ჩიტად. ჩიტი, რომელსაც სურს იყოს მშვიდობიანი და თავისუფალი. მე დღესაც მიყვარს ეს ქვეყანა, აქ იმდენი ნიჭიერი ადამიანი გაიზარდა, ამდენი იდეა მისცა მსოფლიო ხელოვნებას. არასდროს მინდოდა აქედან წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ შემომთავაზეს დახმარება. ახლა სხვა იდეოლოგიაა - ყველაფრის ფლობა, დაპატრონება და ადამიანების დამორჩილება.

ახლა წყდება საკითხი, რამდენ ხანს დარჩება რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება. წყდება რუსეთის ბედი - და მთელი მსოფლიოს ბედი. შესაძლოა, მომხდარმა საშინელებამ რაიმეს შემობრუნების საშუალება მისცეს. ვცდილობ დავიჯერო და ხალხს იმედი მივცე. სხვანაირად როგორ ვიცხოვრო?"