ავტორი:

"ეს არის ქალაქი ქალაქის ქვეშ"- რას წარმოადგენს მარიუპოლის მცველთა ციხე-სიმაგრედ ქცეული "აზოვსტალი"?

"ეს არის ქალაქი ქალაქის ქვეშ"- რას წარმოადგენს მარიუპოლის მცველთა ციხე-სიმაგრედ ქცეული "აზოვსტალი"?

მარიუპოლის დაცვა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინულმა ბატალიონმა "აზოვმა“ ტელეგრამის ოფიციალურ არხზე 18 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია.

ამასთანვე, გამოაქვეყნეს ვიდეოკადრები, რომელშიც აღბეჭდილია უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული კონტრშეტევა.

"მარიუპოლის დაცვა გრძელდება. მტრის დიდი ძალების მიუხედავად, "აზოვის“ მებრძოლები კონტრშეტევას ახორციელებენ“, - ნათქვამია "აზოვის“ განცხადებაში.

19 აპრილს პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, - მარიუპოლი არ დაცემულა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან "დარტყმა" მოხდაო. "ჩვენ ვხედავთ მათი საჰაერო თავდასხმების და არტილერიის კონცენტრაციას დონბასსა და სამხრეთში, განსაკუთრებით მარიუპოლში და მის ირგვლივ“, - აღნიშნა კირბიმ.

ოკუპანტების თავდასხმის მთავარი სამიზნე ფოლადსადნობი ცნობილი ქარხანა "აზოვსტალია", სადაც მარიუპოლის დამცველები არიან გამაგრებული. შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ფოლადად ქცეული მებრძოლები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოს ახალ ისტორიას თავისი გმირობით წერენ. მარიუპოლის დამცველები - უკვე ლეგენდად ქცეული "აზოვის“ პოლკისა და უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის შეთხელებული დანაყოფები, "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ამაგრებენ თავდაცვის ბოლო ზღუდეებს...

"აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატი ერთ-ერთი უდიდესი იყო ევროპაში. იგი ჯერ კიდევ 1933 წელს ამოქმედდა და ათასობით ტონა თუჯის ჩამოსხმასთან ერთად, სატანკო ჯავშნის ფილებსაც ამზადებდა.

1941 წლის ოქტომბრიდან 1943 წლის სექტემბრამდე "აზოვსტალი“ გერმანელების მიერ იყო დაკავებული.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თავის ბლოგში წერს:

"ომისშემდგომ პერიოდში კი "აზოვსტალის“ სერიოზული მოდერნიზაცია მოხდა, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნა შესაძლო ბირთვული ომის საფრთხე და "აზოვსტალის“ უზარმაზარი საამქროების ქვეშ მოეწყო კარგად დაცული მიწისქვეშა საამქროებიც, რომლებსაც უნდა გაეძლოთ დიდი აფეთქებისთვის და სადაც გადატანილი იქნებოდა წარმოება, "აზოვსტალის“ ძირითადი მიწისზედა კორპუსების დანგრევის შემთხვევაში...

დღეს სწორედ ეს გარმოება შეიძლება იქცეს იმ მთავარ მიზეზად, რის გამოც რუსეთის არმიამ სცადოს ქიმიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გამოყენება მარიუპოლში...

დასავლეთის დაზვერვა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე აცხადებდა, რომ არსებობს რუსი სამხედროების მიერ ამ ომში ქიმიური იარაღის გამოყენების მაღალი ალბათობა.

12 აპრილს კი "აზოვის“ პოლკის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან გამოფრქვეული ნივთიერების ზემოქმედების შედეგად "აზოვის“ სამი მებრძოლი მოიწამლა "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე...

მანამდე, ერთი დღით ადრე კი, დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ღიად განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ისინი არ აპირებენ, თავი შეაკლან "აზოვის“ ფანატიკოს მეომრებს "აზოვსტალის“ მიწისქვეშა ლაბირინთებში ბრძოლისას - უბრალოდ, ამ მიწისქვეშა საამქროებში მომწამვლელ აირს შეუშვებენ და "როგორც ვირთხებს, ისე გამოყრიან“ იქიდან მარიუპოლის ბოლო დამცველებს, რომელთა საერთო რიცხვი, შეიძლება, 3 ათას კაცსაც კი აღემატებოდეს. თავად რუსეთის არმია კი მარიუპოლის დარჩენილ ნაწილს 10-ათასიანი შემადგენლობით უტევს...

რუსეთის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე მარიუპოლის დამცველთა წინააღმდეგ იმიტომაც გაიზარდა, რომ პუტინმა ამ ცოტა ხნის წინ უკრაინაში შეჭრილი საოკუპაციო ძალების ახალ მეთაურად რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდალი, არმიის გენერალი დვორნიკოვი დანიშნა, სწორედ ის დვორნიკოვი, რომელსაც თავად პუტინმა რუსეთის გმირის ვარსკვლავი ჩამოჰკიდა, სირიაში გამოჩენილი "მამაცობისთვის“, რასაც თავად სირიელები პირიქით აფასებენ და დვორნიკოვს "ალეპოს ყასაბადაც“ მოიხსენიებენ ქალაქების მასობრივი დაბომბვისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამოც..."

"აზოვსტალზე" შტურმი ურთულესია, აქ არის მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც დაკავშირებულია მარიუპოლის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სხვა ობიექტებთან. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქალაქი ქალაქის ქვეშ", - აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელი იან გაგინი.

აღსანიშნავია, რომ, დღეს უკვე, ფაქტობრივად, განადგურებული "აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის, რომელიც ცნობილ უკრაინელ ოლიგარქს - რინატ ახმეტოვს ეკუთვნის, გენერალური დირექტორი მეთერთმეტე წელია, ენვერ ცქიტიშვილია.

ენვერ ცქიტიშვილი

61 წლის ენვერ ცქიტიშვილი ლუგანსკის ოლქშია დაბადებული და ჰაბიტუსითაც ნაკლებად წააგავს ქართველს, მაგრამ ის მეტალურგიული საქმის პროფესიონალია და ამასთანავე - უკრაინის პატრიოტი.

მისი ხელმძღვანელობით "აზოვსტალმა“ 2020 წელს 8 მლნ ტონამდე თუჯი და ფოლადი გამოადნო. ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პუტინის ოკუპანტების მარიუპოლიდან გაყრის შემდეგ "აზოვსტალი“ ისევ აღდგება, ისევე, როგორც ჰიტლერის სამხედროების სამწლიანი ოკუპაციის შემდეგ განახლდა...

სავარაუდოდ, ენვერ ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, "აზოვსტალის“ ადმინისტრაციამ ომის დაწყებისთანავე "აზოვის“ პოლკს დიდად შეუწყო ხელი ამ უზარმაზარი კომბინატის ტერიტორიაზე თავდაცვითი ზღუდეების მოსაწყობად და საბრძოლო საჭურვლის მარაგის უხიფათო ადგილას შესანახად.

იხილეთ ასევ: