ავტორი:

"360 000 ლარის სოციალური შემწეობა მაღალჩინოსნებზე გაიცა" - ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

"360 000 ლარის სოციალური შემწეობა მაღალჩინოსნებზე გაიცა" - ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების მიერ, 2019-2020 წლების პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ პერიოდში 360 000 ლარის ოდენობის სოციალური შემწეობა, მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნებზე გაიცა. ამავე დასკვნაში საუბარია ბიუჯეტის გაფლანგვის სხვა ფაქტებზეც. კერძოდ, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხები იხარჯებდა, თუმცა სამუშაოები არაჯეროვნად სრულდებოდა, მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი ავტობუსები კი შეკეთებას ხშირად საჭიროებდა, რაც დამატებით ხარჯებს იწვევდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ფაქტს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიაში აცხადებენ, გამოძიება მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო და ახლა მნიშვნელოვანია, დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

"ქუთაისის მერი დღეს ცდილობს ყველას დააბრალოს დანაშაული, მთლიან „ქართულ ოცნებას“ და ყოფილ მერს, ოღონდ თვითონ გადარჩეს და არ აღიარებს, რომ მწყობრიდან გამოსული ავტობუსები სწორედ მისი მერობის დროს ჩამოიყვანეს, ისე როგორც მისი მერობის დროს მოხდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩაბარება, ამიტომ უნდა დაისვას მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.