ავტორი:

"დარჩენილია დაახლობით ერთი თვის ხორბლის მარაგი... ფქვილზე ამბობენ, რომ არის" - "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი

"დარჩენილია დაახლობით ერთი თვის ხორბლის მარაგი... ფქვილზე ამბობენ, რომ არის" - "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველოში წისქვილკომბინატების დიდი რაოდენობა გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრებით მუშაობს.

როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში“ განაცხადა, საჭიროა, რომ წისქვილკომბინატებმა აქტიურად იმუშავონ.

"დიდი წისქვილებიდან დაახლოებით 4 მუშაობს, "ბევრილი ჯგუფის“ ორივე წისქვილი გაჩერებულია თბილისში და ფოთშიც, მცირე წისქვილებიც ფაქტობრივად გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრეებზე მუშაობენ. მცირე სიმძლავრეებზე იმიტომ მუშაობენ, რომ მოთხოვნა არის მცირე და მეორე, მუშაობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რომლის ამუშავების შემდეგ, აუცილებლად დასჭირდებათ“,-განაცხადა სილაგავამ.

მან ხელისუფლებას მიმართა, რომ ხორბლის მარაგები შეიქმნას.

"დღეს მსოფლიოში არაორდინალური სიტუაციაა და ჩვენი აზრით, საჭიროა, სტრატეგიულად უფრო ფართოდ შეხედოს სახელმწიფომ ამას. წისქვილის მუშაობა ნიშნავს სამუშაო ადგილებს, არა მარტო ფქვილის გამოშვებას, ხორბლიდან გამომდინარე, არამედ ქატოს, რომელიც სამწუხაროდ, დღეს საქართველოში დეფიციტური გახდა. ეს ნიშნავს ბიუჯეტში შენატანს, იმიტომ, რომ წისქვილი როცა მუშაობს, თვეში დაახლოებით 5-6 მილიონი შედის“, - განაცხადა სილაგავამ.

მისი განმარტებით, ქვეყნები უკვე ცდილობენ, რომ ხორბლის მარაგები შეიქმნან და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი უფრო მაღლა დააყენონ.

"მივმართავთ მათ შორის მთავრობას, ამ მხრივ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს ისევე, როგორც ამას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აკეთებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები: ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია, როლებმაც თავიანი ხორბლის გატანა შეზღუდეს“,-განაცხადა სილაგავამ.

მან განმარტა, რომ ხორბლის მარაგი მცირდება.

"ხორბლის მარაგები გაკვეულწილად შემცირებულია. დაახლობით ერთი თვის ხორბლის მარაგია. ფქვილზე ამბობენ, რომ არის. სავარაუდოდ, არის, მაგრამ ალბათ, დიდხანს ასეთი სტრატეგიით მუშაობა არ შეიძლება“,- აღნიშნა სილაგავამ.

მან რუსულ ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან ძირითადად ფქვილი შემოდის.

"რუსეთიდან ხორბალი თითქმის არ შემოდის, ძირითადად ფქვილი შემოდის. ყველაზე კარგი რეცეპტი არის ადგილობრივი წარმოება, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა“,-განმარტა სილაგავამ.

მისი განცხადებით, საქართველო ფასების მხრივ მსოფლიო ტრენდს მიყვება და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. როგორც ლევან სილაგავა აღნიშნავს, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ამ თვალსაზრისით ბაზარზე ვითარება გაართულა.