ავტორი:

"პუტინმა ნახა ვიდეო, რომელშიც მედვედჩუკი მას მიმართავს" - რას აცხადებენ კრემლში უკრაინელი ოლიგარქის შესახებ

"პუტინმა ნახა ვიდეო, რომელშიც მედვედჩუკი მას მიმართავს" - რას აცხადებენ კრემლში უკრაინელი ოლიგარქის შესახებ

კრემლში აცხადებენ, რომ ნახეს ის ვიდეო, სადაც პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქი და პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ზელენსკის სთხოვს, გაცვალონ ის და მარიუპოლში ჩარჩენილი ადამიანები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ კითხვას კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა. პესკოვის განცხადებით, პუტინს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია ვიდეოს ნახვის შემდეგ.

  • "ვნახეთ ვიდეომიმართვა, პუტინის მხრიდან ჯერჯერობით არავითარი რეაქცია არ ყოფილა“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც ახლა უკრაინაში პატიმრობაში იმყოფება, ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს თხოვნით, რომ უკრაინულმა მხარემ მარიუპოლში მყოფ უკრაინელ სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებში გაცვალონ. მედვედჩუკის მიმართვას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"მსურს მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, რომ უკრაინულმა მხარემ გამცვალოს მარიუპოლის მცველებსა [უკრაინელ ჯარისკაცებში] და ქალაქში მყოფ მოქალაქეებში, რომელთაც არ აქვთ ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით ქალაქის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა“, - განაცხადა მედვედჩუკმა.

ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. მანამდე ის სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ გაიქცა. დაკავებამდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

16 აპრილს პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეეფარდა.

ნახეთ ასევე: