უკრაინის აღმოსავლეთში, პრორუს სეპარატისტთა ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური მიხაილ კიშიკი მოკლეს. იგი ცნობილია მეტსახელით მიშა "ჩეჩენი", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კიშიკი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარებმა და სეპარატისტებმა უკრაინის არმიის წინააღმდეგ, ქვეყნის აღმოსავლეთით შეტევა დაიწყეს. როგორც ცნობილია, კიშიკი ქალაქ კრემენნაიასთან დაიღუპა.
როგორც BBC-ი იუწყება, კიშიკი და მისი ბატალიონი უკრაინული ძალების წინააღმდეგ 2014 წლიდან იბრძვიან. კონფლიქტის საწყის ეტაპზე მას და მის მებრძოლებს ბრალი ლუგანსკის რეგიონში, საცხოვრებელი უბნების ძარცვაში ედებოდათ.
ამასთან, 2016 წელს, რუსულმა დამოუკიდებელმა მედია "ნოვაია გაზეტამ" გამოაქვეყნა გამოძიების შესახებ, სადაც კიშიკი უკრაინის აღმოსავლეთში, კონტრაბანდისტთა ჯგუფის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დასახელდა.