უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 55-ე დღის შემაჯამებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინაში არსებული ვითარება მიმოიხილა და პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მიაწოდონ საჭირო იარაღი უკრაინას.
"თუ მათ აქვთ იარაღი, რაც უკრაინას აქ, ახლა სჭირდება, თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება აქ და ახლა, მათი მორალური მოვალეობაა, პირველ რიგში, თავისუფლების დაცვას დაეხმარონ" - აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, ამჟამად, დამპყრობელთა არმიის პრაქტიკულად მთელი საბრძოლო მზადყოფნა უკრაინის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული.
"მათ, უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის ყველა და ყველაფერი გამოიყვანეს, რასაც ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია. ის, თუ როგორ იცავს თავს მთელი ჩვენი ერი, აჩვენებს, რომ უკრაინის არმია გლობალურ რეიტინგებში რუსეთზე მაღლა ყოფნას იმსახურებს.
უსამართლოა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია მოითხოვოს ის, რასაც მისი პარტნიორები სადღაც, წლების განმავლობაში ინახავდნენ. თუ მათ აქვთ იარაღი, რაც უკრაინას აქ, ახლა სჭირდება, თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება აქ და ახლა, მათი მორალური მოვალეობაა, პირველ რიგში, თავისუფლების დაცვას დაეხმარონ. დაეხმარეთ ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, რუსული მხარე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ უკრაინელები რუსეთის მხარეს გადასასვლელად მზად არიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
"ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, ოკუპანტები ცდილობენ, რაღაც მაინც წარმოაჩინონ, უკრაინელების სავარაუდო მზადყოფნის შესახებ, რათა რუსულ სტრუქტურებთან ითანამშრომლონ. ოკუპანტებმა, 55 - დღიანი ომის შემდეგ, თავის მხარეს, ვერავის გადაბირება შეძლეს, განდევნილების გარდა. სიტუაცია საკმაოდ ნათელია - უკრაინელები, ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში უკრაინის ეროვნულ ერთობას უჭერენ მხარს. ისინი მხარს ჩვენს ეროვნულ სახელმწიფოებრიობას უჭერენ. მადლობელი ვარ დროებით ოკუპირებული ქალაქების, დროებით ოკუპირებული თემების - ხერსონის, კახოვსკის, მელიტოპოლის და ყველა ჩვენი თემის, ყველა მცხოვრების ამ მკაფიო პოზიციისთვის. არანაირი თანამშრომლობა ოკუპანტებთან. რაც უფრო პრინციპულები ვიქნებით, მით უფრო მალე დაბრუნდება ნორმალური ცხოვრება", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიის ბოროტება, თაობების მანძილზე იქნება ბოროტების წყაროს აღმნიშვნელი.
"ამ ომით, მსოფლიო ისტორიაში რუსული არმია სამუდამოდ ჩაიწერება როგორც ყველაზე ბარბაროსული, არაადამიანური არმია მსოფლიოში. მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობა, საცხოვრებელი უბნების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, ამისთვის ყველა სახის იარაღის გამოყენება, მათ შორის, საერთაშორისო კონვენციით აკრძალული, ეს არის რუსული არმიის ხელწერა. ეს არის ბოროტება, რომელიც რუსეთს, თაობების მანძილზე აბსოლუტური ბოროტების წყაროდ აღნიშნავს", - განაცხადა ზელენსკიმ.