მარიუპოლი - უკრაინული ქალაქი, სადაც რუსული ბომბების ხმა არ წყდება და სადაც დამპყრობლების აგრესიას უკვე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა რუსული ძალების მთავარი სამიზნეა, ჯერჯერობით ისევ დგას და არ დაცემულა. ომს გადარჩენილი ადამიანები თავშესაფარს აფარებენ თავს და ჰუმანიტარული კორიდორის მოლოდინში არიან, რათა შეძლონ თავის დაღწევა. მარიუპოლის მცველები, "აზოვის" ბატალიონის და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები კი ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამ, ვიდრე უკანასკნელი ტყვია ექნებათ.
უკრაინის სამხრეთით, აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს საპორტო ქალაქი ომამდე მზიანი, ხმაურიანი და ფერადი იყო. ადამიანები ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობდნენ - მუშაობდნენ, სწავლობდნენ, ერთობოდნენ, თეატრში დადიოდნენ. ახლა იქ მხოლოდ დენთის სუნი, ტყვიების ხმა, მტვერი და სასოწარკვეთილი ადამიანები არიან - გადარჩენის მოლოდინში.
ამ ადგილს ქალაქის სტატუსი 1778 წელს მიენიჭა და მაშინ მას პავლოვსკი ერქვა. 1979 წელს მარიუპოლი უწოდეს. ქალაქის მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა.
მარიუპოლი მალე რეგიონისთვის მთავარ საპორტო ქალაქად ჩამოყალიბდა. კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნის ანდრეი ჟდანოვის პატივსაცემად, 1948 წელს ქალაქს სახელი გადაარქვეს და ჟდანოვი დაარქვეს. ადრინდელი სახელი მარიუპოლი კი მას 1989 წელს დაუბრუნეს.
მარიუპოლი 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ არაერთხელ გამხდარა რუსი დამპყრობლების სამიზნე, თუმცა უკრაინული ძალები მაშინ წარმატებით ახერხებდნენ მტრის მოგერიებას.
ომამდე ეს იყო ნახშირის, ფოლადის, მარცვლეულის, მანქანების ექსპორტიორი ქალაქი. განვითარებული იყო მეთევზეობა. ფუნქციონირებდა რკინისა და ფოლადის დიდი ქარხნები, განვითარებული იყო მანქანათმშენებლობის ინდუსტრია, მუშაობდა თევზის კონსერვაციის ქარხანა, მუშაობდა მეტალურგიის ინსტიტუტი და.ა.შ. 2021 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 431 859 ადამიანს შეადგენდა.
ომის სისასტიკე ყველაზე უკეთ ფოტოებზე ჩანს - ვნახოთ ომამდე და ომის შემდეგ ერთსა და იმავე ადგილებში გადაღებული კადრები.
შენობა, რომელიც ახლა ნანგრევებადაა ქცეული
ერთი და იგივე შენობა ომამდე და შემდეგ
მარიუპოლის თეატრი, რომელიც საჰაერო თავდასხმის ობიექტი გახდა
განადგურებული თეატრის კიდევ ერთი ფოტო ომამდე და ომის შემდეგ - სხვა რაკურსით
თეატრის ინტერიერი ომამდე, ახლა იქ ნანგრევებია
ქუჩა მარიუპოლში დამპყრობლების შეჭრამდე და შემდეგ
ვარაუდობენ, რომ ქალაქში ათასობით სამოქალაქო პირია მოკლული