ავტორი:

"დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან ჩამოვიდნენ მარიუპოლში მოსალაპარაკებლად..." - რა განცხადებები კეთდება ამის თაობაზე უკრაინაში

"დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან ჩამოვიდნენ მარიუპოლში მოსალაპარაკებლად..." - რა განცხადებები კეთდება ამის თაობაზე უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის შექმნილი დელაგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, ყველანაირი პირობის გარეშე, მარიუპოლში მოლაპარაკებები გამართოს.

"დიახ, ყოველგვარი პირობის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, "მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი" სწორედ მარიუპოლში ჩავატაროთ, ერთი ერთზე, ორი ორზე, რათა ჩვენი ბიჭები, აზოვი, სამხედროები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები, ცოცხლები და დაჭრილები გადავარჩინოთ, ყველა, იმიტომ რომ ჩვენები არიან. იმიტომ რომ ისინი ჩემს გულში არიან, სამუდამოდ", - წერს პოდოლიაკი.

"აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის თქმით კი, მარიუპოლის მცველები მესამე ქვეყნის მხარდაჭერით ქალაქიდან ევაკუაციაზე თანახმა არიან. აღნიშნულ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

პალამარმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართული უკრაინის ჯგუფის წარმომადგენლები მზად არიან ჩავიდნენ მარიუპოლში, რათა ევაკუაციის პროცესთან დაკავშირებით შეხვდნენ რუსულ მხარეს.

"დღეს ჩვენ ვესაუბრეთ უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას - ესენი არიან დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან ჩამოვიდნენ მარიუპოლში მოსალაპარაკებლად აქ დარჩენილი სამხედრო ნაწილების ევაკუაციის შესახებ.

ჩვენ მზად ვართ, რომ მესამე ქვეყნის დახმარებით ქალაქ მარიუპოლიდან ჩვენი ცეცხლსასროლი იარაღით ევაკუაცია მოვახდინოთ, რათა ჩვენი სამხედრო შემადგენლობა გადავარჩინოთ, გამოვიყვანოთ დაჭრილები და გადავიტანოთ დაღუპულთა ცხედრები, რათა პატივით დავკრძალოთ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია არ აკონტროლებს. მოვუწოდებთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ უსაფრთხოების გარანტიებს შეუერთდეს. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ იარაღის ჩაბარებისა და ჩვენი დამცველების ჩაბარების შესახებ რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს მხარს არ ვუჭერთ“, - განაცხადა პალამარმა.