ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ კვლავ უმკაცრეს ზომებს იღებენ - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანდაზმულები საკარანტინო დაწესებულებებში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ კვლავ უმკაცრეს ზომებს იღებენ - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანდაზმულები საკარანტინო დაწესებულებებში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ

ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, სუნ ჩუნლანმა, ორშაბათს ფიცი დადო, რომ ვინც კი დადებით შედეგს აჩვენებს კოვიდის ტესტზე, მათაც და მათ ახლო კონტაქტებსაც, ყველას საკარანტინო ადგილებზე გაგზავნიან, გამონაკლისების გარეშე. ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები დიდი ხანია "ნულოვანი კოვიდით“ ტრაბახობენ და ამტკიცებენ, რომ ის ჩინეთში მაცხოვრებლების სიცოცხლის ხსნისთვის ერთადერთი საშუალებაა, მაგრამ ბევრი კამათობს ხნიერი და ავადმყოფი ადამიანების ცენტრალიზებულ კარანტინში გადაყვანის საჭიროებაზე.

"მოხუცებისთვის, რომლებიც 80-90 წელს არიან გადაცილებული, საკარანტინო დაწესეულებებში ყოფნა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე სახლში, თვითიზოლაციაში ყოფნა, რადგან აქ ჯვარედინი ინფიცირების შანსი ჩნდება. ამგვარად ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების შანსებიც იზრდება, ამიტომ ჯობია, რომ სახლში იყვნენ", - ამბობს იანჯონგ ჰუანგი, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს გლობალური ჯანმრთელობის უფროსი თანამშრომელი.

ჩინურ სოციალურ ქსელში, Weibo-ში, ერთი გოგონა მის ოჯახს გადამხდარ ისტორიას ყვება, რომელმაც მკითხველებში შოკი და ბრაზი გამოიწვია. გოგონას მონაყოლის მიხედვით, პოლიციელები დილის 2 საათზე მივიდნენ შანხაიში მდებარე ბინაში, სადაც მისი ბებია და ბიძა ცხოვრობენ. როცა კარები არ გააღეს, მათ საკეტი დაამტვრიეს და სახლში შეცვივდნენ, 92 წლის ქალი კი საწოლიდან წამოაგდეს.

პოლიციელები ქალის და მისი 74 წლის შვილის კარანტინის ცენტრში გადაყვანას ცდილობდნენ. როცა ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, საწოლიდან იატაკზე ჩამოაგდეს და ძალით ცდილობდნენ მის წაყვანას.

"ცივსისხლიანობას და ძალადობას, უკვე აღარ აქვს საზღვარი", - ვკითხულობთ ტოპ კომენტარში, რომელსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს.

ხალხის პროტესტის პარალელურად, ადგილობრივმა მმართველობამ ორი ხანდაზმული ადამიანის სახლში ღამით შეჭრა აღიარა, მაგრამ კარის შემტვრევის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ეგონათ, მაცხოვრებლებს რაიმე ცუდი შეემთხვათ.

მათ ისიც განაცხადეს, რომ ორივე ხანდაზმული თავისი ნებით გაჰყვა პოლიციელებს.

რამდენიმე კარანტინში მყოფი ადამიანი, CNN-თან საუბრისას ყვება, რომ ზოგი მოხუციები, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობენ და ინვალიდის ეტლით გადაადგილდებიან, მაინც გადაჰყავთ კარანტინში. ეს ხდება იმის პარალელურად, რაც ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, ძველ უბნებსა და მოხუცთა სახლებთან გამკლავებისას, უფრო მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.