უკრაინაში ომი ამ დრომდე გრძელდება. მთელი მსოფლიოს ყურადღება იქ არსებული ვითარებისკენ არის მიმართული. ომის დაწყების პირველივე დღეებში ბევრი გულანთებული ქართველი ჩავიდა უკრაინაში საომრად და მათი ნაწილი ამ დრომდე წინა ხაზზე იბრძვის, ნაწილი უკვე სამშობლოში დაბრუნდა. სამწუხაროდ, ამ უთანასწორო ბრძოლაში 9 ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა.
ბლოგერი კუკური ბარამიძე, რომელსაც საზოგადოება დომენიკ მანგოს სახელით იცნობს, უკრაინაში საომრად იყო ჩასული და იქიდან უკვე დაბრუნდა. ომის პირველივე დღეებში მან სოციალური ქსელით მოუწოდა უკრაინაში წამსვლელ ადამიანებს, ერთად შეკრებილიყვნენ და რომ მგზავრობას თავად გაუწევდა ორგანიზებას. მართლაც ასე მოხდა, ისინი ერთი ავტობუსით ჩავიდნენ უკრაინაში. მანგომ მაშინ ანგარიშის ნომერიც დადო სოციალურ ქსელში და ხალხს მოუწოდა, თანხები ჩაერიცხათ, რომ საბრძოლველად წასულ ბიჭებს ტრანსპორტის, გზის და კვების ფული ჰქონოდათ. მათ გარდა უკრაინაში სხვადასხვა გზით კიდევ ბევრი ქართველი ჩავიდა.
სოციალურ ქსელში მანგოს მისამართით ბრალდებები გაისმა და მას ამ ჩარიცხული თანხების მითვისებაში ამხელენ, თავად მანგო კი ამას კატეგორიულად უარყოფს.
"კვირის პალიტრასთან" გიორგი გოგოტიშვილი საუბრობს:
"მე გიორგი გოგოტიშვილი ვარ. უკრაინის ომი რომ დაიწყო, იქ ჩასვლა გადავწყვიტე, რადგან ამ მოვლენებს შორიდან ვერ ვუყურებდი. მინდოდა, მეც მიმეღო მონაწილეობა და უკრაინელი ხალხის გვერდით დავმდგარიყავი, რადგან ვთვლი, რომ იქ დღეს საქართველოს ბედიც წყდება. როცა დავინახე, დაიწყო ჯგუფების ორგანიზება, მათ მეც შევუერთდი. გახსოვთ, მაშინ ჩვენი ხელისუფლება უარს ამბობდა თვითმფრინავით ჩვენს იქ წასვლაზე, ამიტომ დომენიკ მანგოს დავუკავშირდი, რომელიც სოციალური ქსელით აცხადებდა, რომ ჯგუფს უხელმძღვანელებდა. მან სასწრაფოდ თავისი ანგარიშის ნომერიც გახსნა, ხალხს მოუწოდებდა, თანხები ჩაერიცხათ, რათა ამ ფულით საომრად წასვლა შეგვძლებოდა.
ამ ანგარიშზე მართლაც ირიცხებოდა სერიოზული თანხები. ომის დაწყების პირველი დღეები იყო და ხალხი იმდენად იყო შეძრული რუსეთის აგრესიით, რიცხავდნენ თანხებს. მანგოს ლაივ-ჩართვებიც ჰქონდა. ბევრი გულანთებული ბიჭი იყო შეკრებილი და ერთად წავედით. სწორედ მაშინ, მგზავრობის დროს, გავიცანი დავით მენაბდიშვილი, მეომარი ბიჭი, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდა და, სამწუხაროდ, იქ დაიღუპა.
გზაში რამდენიმე ბიჭმა დომენიკ მანგოს რამდენჯერმე ვუთხარით, ჩვენი სახელით ფულს რომ არიცხვინებ ამ ხალხს, ჩაგვახედე, ვინ რას გირიცხავს და ამ თანხებს რაში ხარჯავ-თქო. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ გზაზე ხალხს საჭმელსაც არ აჭმევდა, არადა, ვხედავდით, სერიოზული თანხები ირიცხებოდა. მოლაპარაკებული ვიყავით, ყოველ 4 საათში უნდა გაეჩერებინათ ტრანსპორტი და უნდა უზრუნველყო ხალხის ჩარიცხული თანხით ჩვენი კვება. მანგოს იმედად არ ვყოფილვარ წასული, ჩემი ფული მიმქონდა, მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან.
ავტობუსი რომ ჩერდებოდა, თვითონ და მისი ჯგუფის კიდევ რამდენიმე ადამიანი ჭამდა და სხვებს არაფერს აწვდიდა. ხშირად ვერ სადილობდა ის, ვისაც ფული არ ჰქონდა წამოღებული. ასეთი უსამართლობა რომ დავინახე, ვუთხარი, ჩარიცხული თანხები მაჩვენე-მეთქი. ჩავალ ლვოვში და იქ გაჩვენებ ყველაფერს, ახლა ხმაურს ნუ ატეხავო, - მითხრა...წაიკითხეთ სრულად