ავტორი:

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ჩამოდის! - 9 საინტერესო ფაქტი, რომლებიც მასთან შეხვედრამდე უნდა იცოდეთ

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ჩამოდის! - 9 საინტერესო ფაქტი, რომლებიც მასთან შეხვედრამდე უნდა იცოდეთ

მას მეამბოხეს და სკანდალურს უწოდებენ. 20 წელზე მეტია, რაც მისი რომანები მსოფლიო ბესტსელერების სიებში რჩება. ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს, მას მალე საქართველოში ვიხილავთ.

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მოწვევით მწერალი 4-6 მაისს საქართველოში ჩამოვა. როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, ფრედერიკ ბეგბედერი ყველანაირი აქტივობისთვის მზად არის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეხვედრა 4 მაისს 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება პირადად შეხვდეს ცნობილ მწერალს და შეკითხვები დაუსვას.

სანამ ბეგბედერს შევხვდებით, მის შესახებ საინტერესო ცნობებს მოვუყარეთ თავი, რომელთაც სიამოვნებით გაგიზიარებთ.

ფრედერიკ ბეგბედერი 1965 წლის 21 სექტემბერს, ქალაქ ნეიი-სიურ-სენში დაიბადა. ბავშვობაში ის საკმაოდ დაკომპლექსებული ბიჭი იყო, რომელსაც გამუდმებით კონფლიქტები ჰქონდა სხვებთან. ბეგბედერმა პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი დაამთავრა, ასევე აიღო დიპლომი რეკლამისა და მარკეტინგის მიმართულებით. ფრანგ მწერალს, იცნობენ როგორც ნიჭიერ პროზაიკოსს, პუბლიცისტს, ლიტერატურათმცოდნესა და რედაქტორს.

იხილეთ 9 საინტერესო ფაქტი ბეგბედერზე:

1. ბეგბედერმა 25 წლის ასაკში გამოსცა თავისი პირველი რომანი „შეშლილი ახალგაზრდის მემუარები“. ეს არის რომანტიკული ზღაპარი სიყვარულზე, რომელსაც ავტორი ამ წიგნში ადიდებს და მომდევნო წიგნში „მოკლავს“. რომანი დღემდე მწერლის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება.

2. ყველაზე სენსაციური რომანი „სიყვარული ცოცხლობს სამი წელი“ მწერალმა 1997 წელს დაწერა. თეორია იმაზე, რომ შეყვარებულობის გრძნობა დაკავშირებულია ჰორმონების მოქმედებასთან და ურთიერთობის დაწყებიდან სამ წელიწადში ქრება, სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. 2012 წელს მწერალმა საკუთარი რომანის ეკრანიზაციაში ეპიზოდური როლი შეასრულა.

3. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბეგბედერი იყო ლიტერატურული კრიტიკოსი ჟურნალებში Elle, Paris Match, Voici ou encore VSD, ასევე, მუშაობდა მსხვილ სარეკლამო სააგენტოში - Young and Rubicam. თუმცა რომანის „99 ფრანკის“ გამოსვლის შემდეგ, რომელიც იყო დაუნდობელი სატირა სარეკლამო ბიზნესზე, მწერალი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმავე წელს წიგნი საფრანგეთში გაყიდვების ლიდერი გახდა.

4. რომანი „99 ფრანკი“ ზუსტად ამ ფასად იყიდებოდა. სხვა ქვეყნების გამომცემლობებმა მათი ვალუტის კურსის შესაბამისად გამოუშვეს რომანი სხვადასხვა სახელწოდებით: „9,99 ფუნტი“ დიდ ბრიტანეთში, „39,9 მარკა“ გერმანიაში, „999 იენი“ იაპონიაში და ა. შ. 2002 წელს, წიგნი ხელახლა გამოიცა ევროს შემოღებასთან დაკავშირებით, სახელწოდებით - „13,99 ევრო“.

https://palitral.ge/product/4432/99-franki

5. ბეგბედერი საქართველოს 2016 წელსაც ესტუმრა და „ბიბლუსი გალერეაში“ მკითხველთან შეხვედრა გამართა. მწერალთან შესახვედრად მისული ათობით ადამიანის სურვილი, მას მიახლოებოდნენ და ავტოგრაფი გამოერთმიათ, ბეგბედერისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მკითხველთა რიგები იყო როგორც შენობაში, ისე შენობის გარეთ, სადაც თაყვანისმცემლები ავტორთან მიახლოებისთვის ხელსაყრელ დროს ელოდებოდნენ.

6. 2019 წელს, ბეგბედერი მონაწილეობას იღებდა კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“. მან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრობა გააგრძელა და გადაიღო ვიდეო, სადაც შემოდგომის გატარებასაც საქართველოში ურჩევდა ხალხს: „თუკი საქართველოს შესახებ არაფერი იცით, სულელები ხართ! ის ულამაზესია. მიყვარს ეს ქვეყანა!..“ - ამბობდა მწერალი.

7. ბეგბედერი არის 1994 წელს მის მიერვე დაარსებული ფლორის პრემიის ჟიურის თავმჯდომარე. მან ასევე დააარსა სადის პრემია 2001 წელს, ლიონელ არასილთან ერთად.

8. 2002 წელს, ბეგბედერი იყო საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის - რობერტ იუს უფასო კონსულტანტი.

9. როგორც აღვნიშნეთ, ფრანგი მწერალი სულ მალე საქართველოს კვლავ ესტუმრება. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მოწვევით ფრედერიკ ბეგბედერი ჩვენს ქვეყანას 4-6 მაისს ეწვევა. ქართველ მკითხველს მასთან შეხვედრა და შეკითხვების დასმა 4 მაისს 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეეძლება.