ავტორი:

"უტიფრობავ, "ოცნების“ სახელი უნდა გერქვას!" - ნათია მეზვრიშვილი "ქართული ოცნების“ პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება

"უტიფრობავ, "ოცნების“ სახელი უნდა გერქვას!" - ნათია მეზვრიშვილი "ქართული ოცნების“ პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება

პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი "ქართული ოცნების“ პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

მეზვრიშვილის შეფასებით, ამდენი ტყუილის ფონზე, "ქართულ ოცნებას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ნიკოლაძეს და სხვა დიდ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს გაუტოლოს თავი.

"ვნახე ოცნების განცხადება - პროპაგანდის და სიცრუით რეალობის გადაწერის კლასიკური მაგალითი. უტიფრობავ, "ოცნების“ სახელი უნდა გერქვას!

ქართული ოცნება მართლაც საამაყოდ გექნებოდათ საქმე განცხადებაში მოყვანილი თითოეული ღირებულებისთვის რომ არ გეღალატათ; მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენის და ძალაუფლების შენარჩუნების იდეით შეპყრობილებს, ფეხქვეშ რომ არ გაგეთელათ განცხადებაში ჩამოთვლილი ყველა ღირებულება, ზუსტად ისე, როგორც თქვენმა წინამორბედებმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად გათელეს.

მხოლოდ რამდენიმე ტყუილს შევეხები თქვენი პროპაგანდისტული წერილიდან:

"ავტორიტარული რეჟიმის მიერ ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია და ადამიანის უფლებები“ - რატომ არ ეუბნებით საზოგადოებას, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ - ინსტიტუტების დასუსტება, მათი ფუნქციების პარტიისთვის შეთავსება, თითოეული მათგანის პარტიისთვის დაქვემდებარება, პარტიის ხელში განუსაზღვრელი ძალაუფლების კონცენტრაცია და ძალაუფლების მოჩვენებითი დანაწილება, დამოუკიდებელი ინსტიტუტების დაჩქარებული წესით გაუქმება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, არჩევნების სისტემური დარღვევებით ჩატარება, შემდგომ არჩევნების შედეგების გადაწერის მცდელობა, დეცენტრალიზაციის როლის დაკნინება, საკრებულოებში ადამიანების მოსყიდვა-გადაბირება, პრეზიდენტის ინსტიტუტზე იერიში და ა.შ. ავტორიტარიზმია? რატომ არ ეუბნებით ადამიანებს, რომ ავტორიტარიზმი განსხვავებული ფორმებით ვლინდება და თქვენ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმად ჩამოყალიბდით? პრობლემა არ არის, თქვენ მოიტყუებით, ჩვენ სიმართლეს ვიტყვით.

"ადამიანების ღირსებისა და სიცოცხლის ხელყოფა, წამება და არაადამიანური მოპყრობა ყოველდღიურ პრაქტიკად იყო ქცეული“ - რატომ არ ეუბნებით საზოგადოებას, რომ ამ უმძიმესი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად გახარიას პრემიერობისას შექმნილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმეთ და პროკურატურის ფილიალად გადააქციეთ?

"დანერგილი იყო სისხლის სამართლის არაადამიანური პოლიტიკა“ - რატომ არ ეუბნებით ადამიანებს, რომ იმდენად არათანმიმდევრული სისხლის სამართლის პოლიტიკა გაქვთ, რომ სადავეები საერთოდ გაგექცათ და ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან, დაუსჯელობის პოლიტილამდე მიხვედით?

"სასამართლო, პროკურატურა, შსს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებოდა არა სამართალს, არამედ ავტოკრატიას და მისი მთავარი რეპრესიული ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებდა. სასამართლო, პროკურატურა და შსს აღარ გამოიყენება რეპრესიულ მექანიზმად, რაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებითა და სტატისტიკური მონაცემებით თვალნათლივ დასტურდება“ - ეს ნაწილი უტიფრობის განსაკუთრებული გამოვლინებაა. გინდათ გაგახსენოთ რატომ? წინასაარჩევნოდ თითოეულ მათგანს პოლიტიკურ ოპონენტებზე სისტემური ზეწოლისთვის იყენებდით; ადამიანებს დანაშაულები აბრალეთ და ეს უწყებები არც კი რეაგირებდენ, მათ ნაცვლად საზოგადოებას პარტიის ტრიბუნიდან პასუხობდით; დღემდე არც ერთ მათგანს ზეწოლაზე, მუქარაზე, უკანონო დაჭერებზე რეაგირება არ მოუხდენია! ხომ კარგად იცით, რომ თითოეული მათგანი თქვენს მიერ ჩამოყალიბებული ავტორიტარული მართვის ინსტრუმენტებია? სასამართლო სისტემას ძალაუფლების შესანარჩუნებლად რომ გაურიგდით, მთელ სისტემას არაფორმალური ჯგუფები რომ მართავენ, რეფორმის 4 ტალღა რომ წყალში გადაყარეთ მერამდენედ უნდა შეგახსენონ საერთაშორისო პარტნიორებმა და მათმა ანგარიშებმა? თუ ამას ეძახით თქვენ სამართლის მსახურებას? არაფრით აღარ განსხვავდებით იმ ხელისუფლებისგან, რომლის მაგალითებიც ასეთი სიამაყით მოგყავთ.

"ხალხს წართმეული ჰქონდა არჩევანის უფლება“ - ალბათ ხუმრობთ აქ ხომ? თუ შიშის ქვეშ და ფულის სანაცვლოდ გაკეთებულ არჩევანს ეძახით არჩევანის თავისუფლებას? ეს არ იკმარეთ და დღემდე არჩევნების შედეგების გადაწერას ცდილობთ - მოსყიდვით, მუქარით, საკრებულოს წევრების დაპატიმრებით!

"ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა“ - რატომ არ ეუბნებით ადამიანებს რომ დემოკრატია კანონის უზენაესობას, კანონის წინაშე ყველას თანასწორობას, ინსტიტუტების სიძლიერეს, ადამიანის უფლებების პრაქტიკაში რეალურ დაცვას გულისხმობს და თქვენ ეს ყველაფერი უბრალოდ მოსპეთ, ძალადობა ახალისეთ, ჟურნალისტები აცემინეთ და არაფერი გამოიძიეთ. რატომ არ ეუბნებით საზოგადოებას, რომ "პოლიტიკიდან წასული“ ბიძინა ივანიშვილის მიერ წერილის გამოქვეყნება, შემდეგ წერილის თითოეული პუნქტის თქვენი დღის წესრიგად ქცევა არ არის დემოკრატია?

საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ მწარე სიმართლე: თუ ამ განცხადებაში "ნაციონალური მოძრაობის“ შეფასების ნაწილს დავტოვებთ და "ოცნების“ შეფასების ნაწილში ტყუილის ნაცვლად ზემოაღნიშულ სიმართლეს დავწერთ, მივიღებთ "ოცნების“ დღევანდელ სახეს. სამწუხაროდ, 10 წლის თავზე გადაიქეცით იმად, რასაც თავად ებრძოდით. ამიტომ, ნამდვილად არ გაქვთ საქმე საზეიმოდ.

და ბოლოს, ამდენი ტყუილის ფონზე არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ნიკოლაძეს და სხვა დიდ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს გაუტოლოთ თავი.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მარწმუნებს დემოკრატიის არსის სწავლების აუცილებლობაში, რამაც საბოლოო ჯამში, არჩევნების გზით ოცნების ოპოზიციაში გასტუმრების მიზნამდე უნდა მიგვიყვანოს”, - წერს ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქში.