პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ფეისბუქ" გვერდზე პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში მებრძოლ ქართველს, "აზოვის ბატალიონის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი ქუფარაშვილს მიმართავს.
"ვამაყობ, რომ გიორგი, მათ შორის ჩემი ხელშეწყობითაც, უკრაინის სამსახურში აღმოჩნდა და ამ გმირი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა. ის მარიუპოლიდან მძიმედ დაჭრილი ბოლო წუთს გამოიყვანეს.
გიორგი, მინდა დაგპირდე, რომ არასდროს, არასდროს, არასდროს დავნებდები!" - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ქუფარაშვილის შესახებ ექსპრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროსაც ისაუბრა:
"ნახეთ, როგორი თანადგომა აჩვენეს უკრაინელებმა, მე უკრაინის პასპორტის ამაყი მატარებელი ვარ და ჩემი გული როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას ეკუთვნის.
ამ ბრძოლაში მე დიდი ხანია ვარ. თავის დროზე, მაგალითად, პოლკი აზოვის შესაქმნელად მე მივავლინე იქ გია ქუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა, ჩვენ ერთად ჩამოვედით, მან მთხოვა ნებართვა, მერე მე შევხვდი მაშინდელი პოლკის მეთაურს და ჩვენ დავსახეთ ერთად გეგმა, თუ როგორ დახმარებოდნენ ქართველები, მერე ბახვა ჩამოვიდა, რომელიც ახლა გმირულად დაიღუპა", - განაცხადა სააკაშვილმა.