ავტორი:

"ჩამოვედით, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი" - სენატორ კუნსისა და ზურაბიშვილის ბრიფინგი და მთავარი გზავნილები ამერიკელი პოლიტიკოსისგან

"ჩამოვედით, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი" - სენატორ კუნსისა და ზურაბიშვილის ბრიფინგი და მთავარი გზავნილები ამერიკელი პოლიტიკოსისგან

აშშ-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა კრის კუნსმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტთან ერთად ბრიფინგი გამართა. მან ისაუბრა საქართველო-აშშ-ს პარტნიორობაზე და განაცხადა, რომ ხედავენ, რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო რეგიონსა და მსოფლიო არენაზე.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი 30 წელია, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან ასე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ინსტიტუციების მშენებლობა, ასევე პარტნიორების შესაძლებლობების ამაღლება და დემოკრატიის განმტკიცება.

თვალს ვადევნებთ ამ საშინელ დროს, თუ რა ძალადობა და აგრესია მიმდინარეობს უკრაინაში. დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ასეთ მკაფიო განცხადებას აკეთებთ. დიდი მადლობა, რომ საქართველომ გაეროში, კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა.

ჩვენ ყველანი, დელეგაციის მასშტაბით, ნამდვილად მხარს გიჭერთ და მხარს ვუჭერთ თქვენს ლიდერობას. დიდი მადლობა თქვენ შესანიშნავი პროგრესისთვის, რაც მიღწეული არის საქართველოში ხალხის მიერ, 1992 წლიდან მოყოლებული, კონფლიქტის, დაყოფისა და გარე საფრთხეების მიუხედავად.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია და ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ და არ მოხდეს პოლარიზება და დაყოფა, არც შიგნით და არც გარეთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო. ჩემთან ერთად არის დღეს დელეგაცია და მიზნობრივად ვართ აქ. ჩამოვედით იმიტომ, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი. აქ ვართ იმიტომ, რომ ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე. დიდი მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის“, - განაცხადა აშშ-ს სენატორმა.

  • ბრიფინგზე განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც. მისი თქმით, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა რეალობაა

"დღეს როგორც არასოდეს თქვენი მხარდაჭერა და ჩვენ ქვეყნებს შორის მყარი ურთიერთობა სასიცოცხლოდ გვჭირდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.. სალომე ზურაბიშვილის თქმით, კონგრესმენების საქართველოში ვიზიტი გვიდასტურებს, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ყურადღების ქვეშ.

"მოხარული ვარ, რომ დღეს სწორედ ამ სასახლეში, სადაც 30 წლის წინ ამერიკის საელჩო გაიხსნა, აშშ-ის კონგრესის მაღალი დონის დელეგაციას ვმასპინძლობთ და მათთან ერთად ამ ოცდაათწლიანი ურთიერთობების შესახებ გამოფენასაც გავხსნით. ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა, ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ურყევი იყო თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობისადმი,

ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. საქართველომაც მრავალი წლის განმავლობაში თქვენთან ერთად შეიტანა თავისი წვლილი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში და ღირსეულად შეასრულეს ქართველებმა თავიანთი მისია ავღანეთსა და ერაყში. დღეს როგორც არასოდეს თქვენი მხარდაჭერა და ჩვენ ქვეყნებს შორის მყარი ურთიერთობა სასიცოცხლოდ გვჭირდება საქართველოს.

თქვენი აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოს და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა რეალობაა. საქართველო რჩება თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.