ავტორი:

"კიეველი მადონა" - ვინ არის უკრაინელი დედა, რომლის ფოტოც ნეაპოლში ხატად იქცა: ბომბებს გაქცეული კიდევ ერთი უკრაინელი ქალის ამბავი

"კიეველი მადონა" - ვინ არის უკრაინელი დედა, რომლის ფოტოც ნეაპოლში ხატად იქცა: ბომბებს გაქცეული კიდევ ერთი უკრაინელი ქალის ამბავი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა მეძუძური ქალის ფოტო, რომელიც კიევის მეტროს ბაქანზეა გადაღებული. ამაღელვებელი სურათი სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე უამრავმა ადამიანმა გააზიარა, შემდეგ ფოტოს მიხედვით ხატი დაიწერა, რომელიც იტალიაში, ნეაპოლის ერთ-ერთ ტაძარში დააბრძანეს და მას სიმბოლურად "კიეველი მადონა" უწოდეს...

ფოტოზე აღბეჭდილი ქალი 27 წლის ტატიანა ბლიზნიაკია, თავის ქალიშვილ მარიჩკასთან ერთად, რომელიც ფოტოს გადაღების დროს სულ რაღაც ორი თვის იყო. ომის დაწყებისას ტატიანას ქალიშვილთან, მეუღლე მიხაილთან და ძაღლთან ერთად თავშესაფრის ძიება დასჭირდა.

ფოტოს ავტორი 50 წლის უნგრელი ფოტოგრაფი ანდრას ფიოლდესი გახლავთ, რომელმაც ქალი შვილთან, ქმართან და ძაღლთან ერთადაც, გადაიღო.

მოგვიანებით ტატიანამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ოჯახს სასწრაფოდ სურდა ევაკუაცია, რადგან კიევში აფეთქების ხმა ისმოდა, მაგრამ მატარებლის ბილეთები აღარ იყო. ამიტომ პირველი ღამე კორპუსის დერეფანში გაატარეს, მეორე დღეს კი მეტროში ჩავიდნენ. "ციოდა, ხმაური და ხალხმრავლობა იყო", - ამბობს ტატიანა.

  • სწორედ ამ დროს მეტროში უნგრული გამოცემის Teleks-ის ჟურნალისტები მუშაობდნენ, მათ შორის იყო ფოტოგრაფი ფიოლდესი, რომლის ყურადღებაც ერთ-ერთ კედელთან მჯდომმა ამ პატარა ოჯახმა მიიპყრო. ნანახმა გააოცა, რადგან მსგავსი გამოცდილება არასდროს ჰქონია და მანამდე არც ომში უმუშავია.

"ეს ისეთი საოცრება იყო. ასეთი სიახლოვე ასობით ადამიანს შორის", - ამბობს ფოტოგრაფი.

მოგვიანებით, როდესაც კადრი მხატვარმა მარინა სოლომენნიკოვამ ნახა, მისთვის ეს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ გადაწყვიტა ხატი დაეწერა.

"ფოტოების ნახვის შემდეგ, ისევ ვნახე ტატიანა, "24-ე არხის" ახალ ამბებში, სადაც, ფაქტობრივად, მადონას და ბავშვის ხატს ადარებდნენ. მაგრამ ფოტოგრაფს არავინ ახსენებდა. ძალიან მინდოდა გამერკვია, ვინ იყო ფოტოს ავტორი, ჩემს თავში უკვე დავისახე ამოცანად, რომ ეს ყველაფერი ხატად მექცია. ეს ქალი შვილთან ერთად იყო ყველა უკრაინელი დედის სიმბოლო, რომელიც უნდა დაემალოს რუსულ იარაღს სპეციალურ თავშესაფრებში", - ამბობს მხატვარი.

მალე ის ტატიანას და ფოტოგრაფს შეხვდა. მისი თქმით, ქალი კეთილი და ფოზიტიური ადამიანია.

  • "ტატიანა ამბობს, რომ შოკირებულია, რომ ამ მხრივ გახდა პოპულარული. მიხარია, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი - მე, ფოტოგრაფმა და ტატიანა ბლიზნიაკმა...“

სოლომენნიკოვას ნახატი ვატიკანის კომუნიკაციების სამდივნოს კონსულტანტმა, ჯეიმს მარტინმაც კი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

ახლა კი "კიევის მადონა მეტროში“ ნეაპოლის კათოლიკურ ეკლესიაშია დაბრძანებული, სადაც ღვთისმსახურება მიმდინარეობს.

რაც შეეხება ტატიანას და მის ოჯახს, ისინი ახლა ყველა უსაფრთხოდ არიან დასავლეთ უკრაინაში.

დასასრულს გთავაზობთ ფოტოგრაფ ანდრას ფიოლდესის მიერ 26 თებერვალს გამოქვეყნებულ ტატიანას ფოტოს და სტატუსს, სოციალურ ქსელში...

ანდრას ფიოლდესი:

"რუსული ჯარები, როგორც ჩანს, ემზადებიან, რომ უკრაინას რაკეტებით დაესხნენ თავს, ამიტომ ხალხი ქალაქის ყველაზე უსაფრთხო ადგილას, მეტროში ჩადის. ჩვენდა გასაკვირად, სადგურებზე პანიკა არ იყო.

მოსახლეობა მშვიდად ემზადებოდა ღამისთვის, ხალხი საუბრობდა, ერთი ქალი ძუძუს აწოვებდა ბავშვს, ზოგი ფილმს უყურებდა, მე ვნახე ქალი, რომელსაც სახლში თუთიყუშის დატოვება არ სურდა...

მიუხედავად იმისა, რომ არავინ ჩიოდა, გული მტკიოდა სახლებიდან გამოსახლებული ადამიანების ხილვით", - წერს ფოტოგრაფი.