ავტორი:

"აფხაზი ახალგაზრდები ქართულ მხარეს გარბიან“ - ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოდროინდელ პრობლემებს აფხაზები "უმძიმეს განსაცდელს" უწოდებენ

"აფხაზი ახალგაზრდები ქართულ მხარეს გარბიან“ - ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოდროინდელ პრობლემებს აფხაზები "უმძიმეს განსაცდელს" უწოდებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოდროინდელ პრობლემებს აფხაზები "უმძიმეს განსაცდელს" უწოდებენ. რუსეთის გადაწყვეტილება, შეამციროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფინანსური დოტაცია, ასმაგი სიძვირე, მაინინგფერმების გამო გამწვავებული ელექტროენერგიის დეფიციტი, უკრაინის ომში რუსეთისთვის შეპირებული "სამხედრო დახმარება" - ეს არ არის პრობლემების არასრული ჩამონათვალი, რაც ამჟამად ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას აშფოთებს. აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რომ "გაუსაძლისი პირობების გამო აფხაზი ახალგაზრდები ხშირად გადადიან საქართველოში საცხოვრებლად. იღებენ განათლებას, ქმნიან ოჯახებს და საქართველოს მოქალაქეობას იღებენ".

სოხუმელი ლელა ძაძამიას თქმით, ახალგაზრდა აფხაზები უფრო სტაბილური მომავლის შესაქმნელად, "იოლ გამოსავალს" პოულობენ: "ჩვენი ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი, რომელმაც მომავალი უნდა შექმნას, საცხოვრებლად საქართველოში გარბის და იქ იღებს მოქალაქეობას, აბარებს ქართულ უმაღლეს სასწავლებელში, არ იხდის სწავლის გადასახადს, აძლევენ ბინას, დასაქმების შესაძლებლობას... ცოტა ხნის შემდეგ თავიანთი ოჯახიც მიჰყავთ. ამას წინათ ისეთი ოჯახი წავიდა, რომ გამიკვირდა. ბიჭების დედამ მითხრა, ოცდაათი წელია არაფერი იცვლება, ჩემი ძმისშვილი ავტოავარიაში "გაურკვეველ ვითარებაში" დაიღუპა, არადა, ამბობენ, რომ იქ რუსი ტურისტები დრიფტაობდნენ და გაჩერებულ მანქანაში მჯდომ ახალგაზრდას დაეჯახნენ, მაგრამ გარშემო კამერები არ იყო და ვერავინ ვერაფერი დაინახაო..."

"მეც გავიგე, ჩვენი ახალგაზრდები საქართველოში რომ გადადიან საცხოვრებლად. იქ მშვიდად ცხოვრების პერსპექტივა აქვთ... სანამ მოღალატეს დამიძახებთ, აგიხსნით: ხუთი შვილი მყავს, ქმარს კი 6.300 რუბლი აქვს ხელფასი. ამიხსენით, როგორ ვარჩინო შვილები?!.. სამშობლოსა და პატრიოტიზმზე ნუ მელაპარაკებით, როდესაც ჩემს შვილებს შიათ... ჩვენ ასეთი მომავლისთვის არ გვიბრძოლია. ჩვენს მაღალჩინოსნებს ყველაფერი აქვთ: აგარაკები, ბიზნესი, პირადი დაცვა, ჯიპები, ჩვენ კი შიმშილის პირას ვართ. ომი არ არის, მაგრამ მალე ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყება", - წერს ანა წვიჟბა.

"როგორც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, საქართველოსთან ყველანაირი კონტაქტი უნდა გაწყდეს. ქართული დროშა აფხაზეთში ვერასდროს იფრიალებს, მაგრამ არ ამბობს, რუსული იფრიალებს თუ არა... აგერ, ჩვენი სომხები წერენ, რომ თურმე აქ ჩვენზე ადრე ცხოვრობდნენ, იომეს, სისხლი ღვარეს და ახლა თავს უფლებას აძლევენ თავიანთი აზრი გამოხატონ - ჩვენ გვსურს რუსეთთან შეერთება და ამას გავაკეთებთ კიდეცო", - წერს ტანია ჭანბა.

ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი ირწმუნება, რომ "სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, რადგან ეს საკითხი რუსეთის ფედერაციაში მკაცრად კონტროლდება და აფხაზეთთან, როგორც მეგობარ ქვეყანასთან, მსგავსი რამ გამორიცხულია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სურსათის შემოტანას, ისე, რომ მარაგები არ ამოიწუროს, გავაკონტროლებთ". გააგრძელეთ კითხვა