ანსამბლ "სუხიშვილების" მოცეკვავის, მოდელისა და დამსახურებული ჟურნალისტის - ნანა ღონღაძის სახელი და გვარი ქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი... იგი დღეს თავის ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს...
- როგორ მოხვდით თეთრ სახლში, ამერიკის კონგრესში, გაეროში სამუშაოდ?
- ვფიქრობ, ცოდნა და გამოცდილება გამომადგა, თან ამბიციურიც ვიყავი... 90-იან წლებში, როდესაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელი გახდნენ, მომიწია თურქეთში, შავი ზღვის ქვეყნებისა და მთავრობების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე მუშაობამ: ჩირაგანის სასახლეში 11 ქვეყნის წარმომადგენელმა სტამბოლის დეკლარაციას მოაწერა ხელი და შავი ზღვის ეკონომიკური კავშირი დააფუძნა...
შემდეგ ჰელსინკში, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის თათბირს დავესწარი. ასევე ევროკავშირმა ოთხ საბჭოთა ჟურნალისტთან ერთად პორტუგალიაში, ლისაბონის სამიტზე მიმავლინა, სადაც ახალი დამოუკიდებელი ქვეყნებისათვის ეკონომიკური დახმარების საკითხები განიხილებოდა. მართალია, ოპერატორი მოგვამაგრეს, მაგრამ ზოგ სხდომას ან ინტერვიუს ჩემი მინიკამერით ვიღებდი. ასე იყო ლისაბონის პროტოკოლის ხელის მოწერის დროსაც: უკრაინამ, ყაზახეთმა და ბელორუსიამ მათ ტერიტორიაზე განლაგებულ ბირთვულ სტრატეგიულ იარაღზე უარი თქვეს. ამ ისტორიულ მოვლენას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდა, რომელიც არ ელოდა ჩემს იქ ყოფნას.
სამიტის დასრულების შემდეგ მან მოსკოვის არიდებით თბილისში დაბრუნება შემომთავაზა. გავიკვირვე, - ნუთუ ეს შესაძლებელია-მეთქი? ღიმილით მითხრა: დილით ირაკლი მენაღარიშვილი (იმ დროს ჯანმრთელობის მინისტრი) შემოგივლის და მზად დახვდიო. სანამ თბილისში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმზ ბეიკერის თვითმფრინავით ჩამიყვანდა, ბატონმა ალექსანდრემ სამი ინტერვიუ გადამაღებინა: პირველი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილთან – ქართული წარმოშობის ამერიკელ გენერალთან, მეორე - სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან და მისი პრესსამსახურის უფროს მარგარეტ ტატუაილერთან. თვითმფრინავის მეორე სალონში ამერიკის პრესის საუკეთესო წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც გაირკვა, მათ ბეიკერის ოფიციალური ვიზიტი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმი უნდა გაეშუქებინათ...

რაც შეეხება გაეროს, ამერიკაში დასახლებამდე, გენერალური ასამბლეის 47-ე სესიაზე ვიყავი, როდესაც ჩვენი ქვეყანა მისი 178-ე სრულუფლებიანი წევრი გახდა. ეს ქართველი ჟურნალისტების პირველი გამგზავრება იყო გაეროში, თან არა მოსკოვიდან, არამედ თბილისიდან, საქართველოს ავიაციის თვითმფრინავით! საქართველოს ავიაციის ისტორიაში ასე შორს ფრენა პირველად სრულდებოდა. თვითმფრინავს ორი ეკიპაჟი და ორი მეთაური ჰყავდა, პირველი კლასის მფრინავები: ზურაბ პერიშვილი, ელგუჯა დვალი და ანდრეი ბლაგონრავოვი. ჩვენ ჯერ კალინინგრადში, მერე ისლანდიაში, რეიკიავიკში გავჩერდით. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ თვითმფრინავის გაჩერება 25.000 დოლარი დაჯდა! მარტო ოკეანის თავზე 4 საათი და 20 წუთი ვიფრინეთ. საქართველოს მერე ღამის ნიუ-იორკი იმდენად გაჩირაღდნებული გვეჩვენა, რომ ჩვენები ხუმრობდნენ: ამერიკამ შუქი მოგვპარაო.
უდიდესი სიხარული განვიცადეთ, როდესაც გაეროს წინ ქართული დროშა აფრიალდა, სწორედ იმ დღეს ამ ორგანიზაციის პრესისა და ინფორმაციის პასუხისმგებელი თანამშრომელი, თამარ ჩხენკელი გავიცანით. იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის, აკაკი ჩხენკელის შვილიშვილი გახლდათ. მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე.

ასე რომ, თუ თქვენს კითხვას დავუბრუნდებით, უნდა ვაღიარო, თვითონაც მიკვირს, როგორ შევძელი 1993 წელში ჩამოსულმა, აფხაზეთისა და ოსეთის ომებგავლილმა, დასტრესილმა და ღონეგამოცლილმა 1995-ში გაეროს ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს გაშუქება. ხუმრობაა? - უკან 20 წლის შრომა მოვიტოვე, თან უკვე არც ისეთი ახალგაზრდა ვიყავი, 47 წელი შემისრულდა, უცხო ქვეყანაში ჩამოვედი, რომლის არც კულტურა, არც ყოფა, არც ენა არ ვიცოდი და სასურველს მივაღწიე, პროფესიით მუშაობა გავაგრძელე. ეს ჩაფიქრებული არ მქონდა. უკვე შვილიშვილი მყავდა და ბებიის როლი მქონდა მორგებული. ასე რომ, ყველაფერი, რაც ამერიკაში გადამხდა, მართლაც სასწაულია! ადამიანი თუ მოინდომებს, თურმე ყველაფერი შეუძლია.
ის კი არა, აქ ჩამოსულმა ინგლისურ კოლეჯში სწავლაც დავიწყე... დილის ცხრიდან დღის ორ საათამდე იქ ვმეცადინეობდი, მერე ჩემს ქალიშვილ ლიკას თინას მოვლაში ვეხმარებოდი. ღამის 10 საათის მერე ვაკეთებდი საშინაო დავალებებს და სიმწრის ცრემლები მდიოდა, მაგრამ მაინც გავედი ბოლოში, ერთ წელიწადში ენა ავითვისე.
- საქართველოში მუდამ წარმატებული იყავით, მაგრამ ბევრი სირთულის ფასად...
- ბავშვობაში ცირკის მსახიობი მინდოდა გამოვსულიყავი. ტანვარჯიშზე დავდიოდი, სპორტს მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ქართული ცეკვის სწავლა დავიწყე და ქორეოგრაფ ბუხუტი დარახველიძის ანსამბლში მოვხვდი - მაშინ ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოწაფე ვიყავი... ჩემს შრომის წიგნაკში პირველი თანამდებობა ტროლეიბუსების პარკის დისპეტჩერი წერია. უფროს კლასებში კინოხელოვნებამ გამიტაცა.

ბევრს ვკითხულობდი, ჩემს სახლთან შესანიშნავი ბიბლიოთეკა იყო, საიდანაც ჩემთვის საინტერესო წიგნებს ვიღებდი. მერე სასახლეში, პიონერფილმში მივედი, გულბაათ აბელიშვილთან, იმ დროს ეს წრე არ იყო სათანადოდ აღჭურვილი და მარტო სცენარებზე ვმუშაობდით. ასევე ბალეტით დავინტერესდი, რადგან ჩვენთან მდგმურად რუსი ბალერინა - სტელა იანსონი დასახლდა: მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედას და ჩემს ორ სტუდენტ დას ფინანსურად ძალიან გვიჭირდა. ოთახის გაქირავებამ მდგომარეობა ბევრად გაგვიუმჯობესა. მინდოდა ქორეოგრაფიულზე ჩამებარებინა, მაგრამ გვიან არისო, - მითხრეს. მერე ფილოლოგიურზე ჩავირიცხე, მეორე კურსიდან კი ჟურნალისტიკის განყოფილებაზე გადავედი...
შემდეგ ჩემს კურსელზე გავთხოვდი, შვილი შეგვეძინა და სწავლისათვის უკვე იმდენად არ მეცალა. დიპლომი კი ავიღე, მაგრამ სამსახურს ვერ ვშოულობდი. შემდეგ გამახსენდა, რომ ცეკვა შემეძლო და სუხიშვილებში მივედი, იქ სამი წელი დავყავი, მათთან ერთად ბევრი ვიმოგზაურე, მაგრამ მივხვდი, ეს ჩემი მუდმივი პროფესია ვერ იქნებოდა...წაიკითხეთ სრულად