ავტორი:

"რას ფიქრობთ რაჭველები? მესამედი ტერიტორია რომ ერთი ადამიანის ხელში ხვდება, დაწვრილებით არ უნდა იყოს ცნობილი, რას მოიტანს ეს?" - რას წერს ფანჯიკიძე?

"რას ფიქრობთ რაჭველები? მესამედი ტერიტორია რომ ერთი ადამიანის ხელში ხვდება, დაწვრილებით არ უნდა იყოს ცნობილი, რას მოიტანს ეს?" - რას წერს ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყის ნაწილის იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით.

ფანჯიკიძე წერს, რომ როცა ტყის მესამედი ერთი ადამიანის ხელში ხვდება, აუცილებელია საჯარო იყოს ინფორმაცია, თუ რას გეგმავს მეიჯარე.

"რადიკალურმა ნაც-ქოცობამ და სანდო ადამიანების მწვავე დეფიციტმა რა ჰქმნა იცით? თუ რამე ძალიან ცხადი და მკაფიოდ კარგი არაა, რა არის ძალიან ცუდი და რა ისერა ცუდი, ვეღარ ვერკვევი მარტივად, ვეღარც სერიოზულ გამოძიებას ვატარებ ყველაფერზე და მკაფიო აზრის გაფორმება, რომელიმეს მიერ მანიპულაციის მსხვერპლობის შიშით აღარ გამომდის. აი მაგალითად, მესამედი რაჭა ერთ კაცს რომ მიჰყიდეს, ხომ გაიგეთ? ეს კაცი რუსებზე მეტად რუსიაო, ნაცებმა. გამისკდა გული და შევკივლე. პასუხად გამოდეს ქოცებმა ბიოგრაფია - დასავლურ ფონდებში და კომპანიებში უმუშავია ამ კაცსო, არც ისე რუსია, როგორც ერთი შეხედვითო. დავიბენი. რატომ მიყიდესმეთქი? ბიზონებს მოაშენებს რაჭის ტყეშიო.

ბიზონები და ფაუნა მიყვარს, მოგეხსენებათ, მაგრამ რად გვინდა ბიზონებიმეთქი, ისევ დავიბენი და მერემეთქი? მერეო, რომ მოაშენებს, თოფიანი კაცები მოვლენ და იმ ბიზონებს დახოცავენო, ნადირობა ჰქვია ამ სპორტსო, კაი, მაგის დედავატირემეთქი. საბოლოოდ, კარგია ეს რაჭისთვის, თუ ცუდი, ვეღარაფერი გავიგე და ახლა დარწმუნებით იმაზე ვარ აღშფოთებული, ასე იაფად რომ გაგვყიდეს. მილიონ ლარად! რაჭის მესამედი მილიონ ლარად.

ისე ვართ გამათხოვრებული, მილიონი ხმამაღლა შეიძლება ჩაესმას ვინმეს, თუნდაც ლარი, მაგრამ მილიონი ლარი ამ მდიდარი კაცების სააგარაკო სახლის ერთი სართულის ფასზე ნაკლებია. ძვირად რომ ეყიდა და ის თანხა რაჭის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარებოდა, კიდევ ერთხელ დავიბნეოდი, მაგრამ რაღაც კარგიც გახდებოდა ხილული. ხოდა, რას ფიქრობთ რაჭველები? მესამედი ტერიტორია როცა ერთი ადამიანის ხელში ხვდება, ძალიან დაწვრილებით არ უნდა იყოს ცნობილი, რას მოიტანს ეს, ვისთვის მოიტანს, რას ავნებს და ა.შ.? ფაქტებში გარკვევა ადვილი საქმე არაა და რას ამბობს რაჭული გული და ინტუიცია? დავიღუპეთ-ყე, თუ მაგის დარდი არა გვქონდეს?" - წერს ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა და კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, დავით ხიდაშელმა რიყის დოქების შემდეგ, ახლა უკვე რაჭაში, 104 ათასი ჰექტარი ტყე 49-წლიანი იჯარით მიიღო. ის რუსული კორპორაციის " სისტემის” დამფუძნებლის, სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და მეგობარია.

ტყის გადაცემის საკითხზე ხიდაშელმა განმარტება გუშინ გააკეთა:

"რაც შეეხება ინფორმაციას რაჭაში სანადირო მეურნეობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ მე ვფლობ რამდენიმე სანადირო მეურნეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით - აფრიკასა და ევროპაში. დიდი სურვილი მქონდა, რომ საქართველოსაც ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანადირო მეურნეობა.

4 წლის განმავლობაში მივმართავდი საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საქართველოში არსებობს 20-მდე სანადირო მეურნეობა და არც ერთი არ არის მიმართული მოსახლეობისა და ტურისტების სარგებლობისთვის. გარდა ამისა, საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურებულია და მქონდა სურვილი აღმედგინა. შესაბამისი სპეციალისტებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ რაჭა იყო ის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშების ბუნებრივი წესით აღდგენა მოხდებოდა.

ასევე, რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ ესპანურ კომპანიასთან, რომელიც ფლობს გარეული ღორების ფერმებს და საქართველოშიც აქვს თავისი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, მაქვს სურვილი განვავითარო სანადირო მეურნეობები არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, რითაც ისარგებლებენ ადგილობრივი მოსახლეობაც და რამდენიმე მილიონი ტურისტი, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში.

თუ ვინმეს სურვილი ექნება საქართველოში სანადირო მეურნეობების განვითარების საქმეში შემომიერთდეს, აიღოს ვალდებულება, რომ მოუვლის ტყეს და აღადგენს ცხოველთა ჯიშებს, სიამოვნებით შევქმნი ამხანაგობას და მივცემ შესაძლებლობას ამ სფეროს განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანონ. გარდა ამ პროექტისა, საქართველოში ვახორციელებ 47 პროექტს, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სათითაოდ ყველა პროექტზე გავავრცელებ განცხადებებს და მოსახლეობას ინფორმაციას მივაწვდი. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ, გაურკვეველი წარმომავლობის ორ აუდიოჩანაწერს, სადაც გაჟღერდა სახელი "დავითი“, რის შემდეგაც ბევრმა ჟურნალისტმა მომმართა კომენტარისთვის. მორიგი სპეკულაციები რომ არ მოხდეს, გადავწყვიტე მე თვითონ გავაკეთო განმარტება" - აღნიშნულია განცხადებაში.