ავტორი:

"აფხაზები ყვებოდნენ, -  გაუგონარი რამ მოხდა, ყველა ფანჯრიდან გვესროდნენ, არადა, როგორც მერე აღმოჩნდა, შენობაში მარტო ერთი კაცი იყოო" - ერთი გმირობის ისტორია

"აფხაზები ყვებოდნენ, -  გაუგონარი რამ მოხდა, ყველა ფანჯრიდან გვესროდნენ, არადა, როგორც მერე აღმოჩნდა, შენობაში მარტო ერთი კაცი იყოო" - ერთი გმირობის ისტორია

გასულ საუკუნეს, ფინეთის ომში ბრძოლისას, ქართველი მეომარი აფხაზეთიდან ტყვედ ჩაუვარდება გერმანელებს. ერთ-ერთი არეულობისას, ტყვე თხრილში გადავარდება. რამდენიმე საათის შემდეგ მიხვდება, რომ ცოცხალია. თავს აღწევს იქაურობას და ჰოლანდიაში გარბის. იქ მას მდიდარი, უშვილო ფერმერი შეიფარებს, რომელიც სამუდამოდ დარჩენას სთხოვს. ქართველი მეომარი მადლობას უხდის და უარს ეუბნება. მალე ის უბრუნდება თავის ნაწილს, მაგრამ ტყვეობაში ყოფნის გამო დასჯიან, დაიჭერენ და ასახლებენ ციმბირში. ციმბირში ქართველი მეომარი გაიცნობს უკრაინელ, გაკულაკებული კაცის ქალიშვილს - ულამაზეს კატიას და მასზე ქორწინდება. ეს ადამიანი ვანო კალანდია გახლდათ. გავა წლები და რუსეთის მიერ წახალისებულ სეპარატისტებთან ბრძოლას შეეწირება მისი ძმისშვილი ვაჟა კალანდია, რომლის ძმაც ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ირაკლი კალანდია ჩვენი რესპონდენტია.

- ვიცი,რომ ეს თქვენთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ იქნება გაიხსენოთ თქვენი სახლი აფხაზეთში. მამა, რომელიც ასევე იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში...

- მამაჩემი ჯოტო კალანდია, 1941-1943 წლებში, ლესელიძის არმიაში იბრძოდა, სადაც მძიმედ დაიჭრა და გამოგზავნეს წყალტუბოში. იქ მას უმკურნალეს და დატოვეს თბილისში. კომენდატურაში მუშაობდა, როგორც რუსული ენის მცოდნე. წარმოსადეგი ახალგაზრდა კაცი, სამხედრო საქმეში გამოიყენეს და 1946 წელს, აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში დაბრუნდა. ადგილზე მას აღარაფერი დახვდა... როგორც ჩანს, საბჭოთა ჯარმა გამოიყენა ის სახლი, რომელიც იქ იდგა და შემდეგ მათ ყველაფერი გადაწვეს! ნათესავებისა და ახლობლების დახმარებით, ჯოტო კალანდიამ მოახერხა პატარა მეგრული ოდის აშენება და თავიდან დაიწყო ცხოვრება. მალევე მოიყვანა ცოლი, დედაჩემი - ზოია სამსონია, ულამაზესი 17 წლის გოგონა. 18 წლისას უკვე მე ვეყოლე (იცინის). 1958 წელს, აქ ამ სახლში დაიბადა ჩემი ძმა, ვაჟა კალანდია, რომელიც აფხაზეთის ომში ტრაგიკულად დაიღუპა.

ირაკლი კალანდია

მახსოვს, სულ ამბობდა, - მოხდება შეჯახება. ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა და კაცი ამ სამყაროდან ისე არ უნდა წავიდეს, ერთხელ მაინც რომ არ იბრძოლოსო! ძმის გახსენება ჩემთვის ადვილი არ არის.

ვაჟა მე გავზარდე, ჩემს მხრებზე, ხელში აყვანილი... 8 დედმამიშვილი - მე უფროსი ძმა, მერე ვაჟა და დანარჩენი უკვე დები. 10 წლამდე იყო ჩემსა და ვაჟას შორის ასაკში სხვაობა. ეს იყო ბავშვი, რომელიც თავიდანვე ემზადებოდა ამ ტრაგიკული სიკვდილისათვის. სულ იარაღთან უნდოდა ურთიერთობა, წინასწარ იცოდა თითქოს, რაც მოხდებოდა, გრძნობდა, რომ დაპირისპირება გარდაუვალი იყო.

1993 წელს, ომში ჩემი ძმა დაჭრეს. 8 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათ შორის 5 გამჭოლი. იშვიათობაა, რომ ასეთ რამეს ადამიანი გადაურჩეს. ჩამოვიყვანე თბილისში. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კონსილიუმი შედგა და იკითხეს, - სად არის ის დაჭრილი, ვინც უნდა ვნახოთო. ჩემი ძმა ამ დროს კარში დგას და წამოვიდა, - მე ვარო! შეხედეს ამ პროფესორებმა, ვერ დაიჯერეს, რომ ასეთი ჭრილობებით ფეხზე დგომა შეეძლო...მინდოდა, რომ ჩემი ძმა თბილისში დამეტოვებინა, რადგან აფხაზეთში ცუდად გვქონდა უკვე საქმე. ერთ საღამოს, ჩემი ძმა ასეთი დაჭრილი, საავადმყოფოდან ახლად გამოსული გამეპარა და დამიტოვა წერილი.

მწერდა, - მიხედე შენს შვილებს! მე ვიბრძოლებ თქვენს მაგივრადაცო...

რამდენიმე თვეში, ერთ-ერთ შენობაში გამაგრებულს 40 - მდე მეომარი დაესხა თავს! ვაჟა მარტო იყო. (ტირის)...

გვიან იმ აფხაზების მონაყოლი გავიგე, ვინც ჩემ ძმას დაესხა თავს, - გაუგონარი რამ მოხდა, ყველა ფანჯრიდან გვესროდნენ, არადა, როგორც მერე აღმოჩნდა შენობაში მარტო ერთი კაცი იყოო! კარგახნიანი ბრძოლის შემდეგ ჩაიგდეს ხელში და დაცხრილეს... ერთი კვირა დასჭირდა მამაჩემს, რომელიც იქ დარჩა და არ წამოვიდა, რომ ჩემი ძმის ნეშტის ნარჩენები ენახა და დაესაფლავებინა. დღესაც არ ვიცით, საფლავი ზუსტად სად არის, დაახლოებით ვიცით მხოლოდ...

- აფხაზეთის გახსენებისას, შეუძლებელია ჟიული შარტავა არ გავიხსენოთ, რომელთანაც დიდი მეგობრობა გაკავშირებდათ...

- მე მომიწია სამი წელი მუშაობა ცენტრალურ კომიტეტში. იქ ჟიული იყო განყოფილების გამგე და მეც მასთან ვიყავი. ეს იყო უნიჭიერესი კაცი. მღეროდა შესანიშნავად, შეხედავდი, გაგიხარდებოდა. ერთ დღესაც, მე და გერმანი ფაცაცია "იმელის“ შენობაში შევდივართ, ამ დროს შარტავა გამოდის შევარდნაძისაგან გაფითრებული. თურმე შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის მეთაურად. ჩამოგვართვა ორივეს ხელი, გერმანე ცოტა გვერდზე გაიწვია, ამ დროს გერმანე უკვე დეპუტატი იყო და მოუყვა დანიშვნის ამბავი.. ასე მგონია, ჟიული შარტავა შევარდნაძემ აფხაზეთში იმიტომ გაუშვა, რომ აქ შეიძლება კონკურენტად ჰყოლოდა!

გერმანე ფაცაციასთან ერთად

სამშობლოს პატრიოტი და საუკეთესო ადამიანი იყო გერმანეც. 20 წელზე მეტი იყო პარლამენტარი, იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ქვეყნის პარლამენტის წევრი. როდესაც ის გარდაიცვალა, გავასვენეთ მეუღლის სახლიდან. მას საკუთარი სახლიც კი არ ჰქონდა. არაფერზე უზრუნია სათავისოდ. მისთვის მატერიალური კეთილდღეობა იყო უკანა პლანზე.

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი