25 აპრილს გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, თუ როგორ იწვოდა რუსეთში, ბრიანსკში მდებარე ნავთობის საცავი. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმაც გაავრცელა. რუსეთის სააგენტო "ინტერფაქსი“ იუწყება, რომ გუშინ ბრიანსკის ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია 1 500 კვ/მ ფართობზე.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოყოლებული, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც რუსეთში უკრაინის მიმდებარე ნავთობის საცავებში ხანძარი გაჩნდა. მაგალითად, 14 აპრილს გაჩენილ ხანძარში, რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა. ბოლო დღეების განმავლობაში უკვე რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ვრცელდებოდა ინფორმაციები ხანძრების თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, იწვოდა კომისარიატები, სავაჭრო ცენტრები, იარაღის საწყობები...
გთავაზობთ რუსეთში გაჩენილი ხანძრის კერების არასრულ ჩამონათვალს:
სტავროპოლში სამხედრო სასწავლო ცენტრის ბაზა და რუსეთის უმსხვილესი იარაღის საწყობი;
ციმბირის ტყის მასივი;
ბრიანსკის ნავთობბაზა;
ცეცხლი გაჩნდა კემეროვოს სავაჭრო ცენტრში;
დნეპრისსპირეთის უშიშროების სამინისტროს შენობა;
ნავთობბაზა ბერდიანკაში;
პოლიციის შენობები ნოვოსიბირსკსა და ირკუტსკში;
მოსკოვში სავაჭრო ცენტრი “შოლკოვი პუტ”;
და ა.შ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლმა ალექსი არესტოვიჩმა ბრიანსკში გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები შეიძლება პარტიზანული ომის დაწყებაზე მიანიშნებდეს. არესტოვიჩი უკრაინულ მედიასთან განმარტავს, რომ განსაკუთრებით სამხედრო კომისარიატებში გაჩენილი ხანძრები ბადებს ეჭვს, სადაც რეზერვისტებისა და ახალწვეულების მონაცემები ინახება. "უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში იწვის სამხედრო ბაზა, სამხედრო კომისარიატები იწვის, უმაღლესი სამხედრო სასწავლებლები. საწყობები, გუბერნატორების სახლები იწვის. მაქვს შეგრძნება, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო. განსაკუთრებით, ეს ეხება სამხედრო კომისარიატებს, ხალხს იქ არ უნდა და ეწინააღმდეგება“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
რუსეთში "მოულოდნელად“ გაჩენილი ხანძრების ვერსიებზე და მოსალოდნელ შედეგებზე რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრება:
"მარჩიელობა არ მინდა, ფაქტი ისაა, რომ ომია და ის ყველასთან მივა, მათ შორის, ამ ხანძრების სერიით, მან რუსეთის რიგით მოქალაქეებთან დაიწყო მისვლა. მეორე, სამხედრო კომისარიატების გადაწვის ამბავი არის სერიოზული თემა, რადგან რუსეთის მოქალაქეებს არ სურთ წასვლა და საომარ მოქმედებებში ჩართვა, ამიტომ ყველა ხერხს მიმართავენ, მათ შორის, კომისარიატების გადაწვასაც იმიტომ, რომ იქ ბევრი მონაცემი ელექტრონულად არ აქვთ, ქაღალდზე რაც იყო, დაიწვა, რის შედეგადაც ასეთებს ეძლევათ საშუალება თავი აარიდონ საბრძოლო მოქმედებებში შესვლას. რა თქმა უნდა, 5 კომისარიატის დაწვა არ არის დიდი ციფრი, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ზოგადად, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება საფრთხის შემცველია ხოლმე. 1917 წლის რევოლუციას თუ გავიხსენებთ, მაშინაც რევოლუცია დიდწილად იმან გამოიწვია, რომ მობილიზებულ ადამიანებს არ სურდათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. დღევანდელ სიტუაციასაც თუ შევხედავთ, რუსეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს და ბოლო მომენტამდე შეეცდება თავი აარიდოს მობილიზაციის გამოცხადებას, ვინაიდან კარგად ხედავს, რომ მის მოსახლეობას არავითარი მოტივაცია არ გააჩნია იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებებში მიიღოს მონაწილეობა.

პარტიზანული ომის დაწყებაზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან არ გვინახავს პარტიზანები, მათი განცხადებები... ჯერ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. რეალურად, იმავე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უკვე მსახურობენ ეთნიკური რუსები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, უკრაინის მხარეს გადავიდნენ და რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ვნახოთ, ეს რამდენად მასიურ ხასიათს მიიღებს, რა განცხადებებს გააკეთებენ ამ მოძრაობის ლიდერები, ჯერ ყველაფერი წინაა. როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ძალიან ძნელია რაიმე სახის პროგნოზის გაკეთება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სანამ არ გვექნება რაიმე ხელმოსაჭიდი, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. რუსეთში ბევრი ობიექტი დაიწვა თავისით, ბევრიც - ხელშეწყობით და ძნელია თქმა, რომელი რამ გააჩინა.
ნაკლებად მჯერა რუსეთის რევოლუციების, 1917 -ის მოვლენა მაინც გამონაკლისი იყო. უფრო ხშირია, როცა ელიტები აწყობენ გადატრიალებებს. ჯერჯერობით, რევოლუციური განწყობები ნაკლებადაა რუსეთში, მაგრამ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, დაველოდოთ... პუტინი ბოლომდე ეცდება, არ გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია. რომც გამოაცხადოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაწილები ხვალვე მზად იქნებიან საბრძოლველად, იმ ხალხის მომზადებას, სულ მცირე, რამდენიმე თვე დასჭირდება. რამდენიმე თვეში კი ყველაფერი დაგვიანებული იქნება, უკრაინელები მათ შესვლას არ დაელოდებიან, კონტრშეტევაზე გადავლენ და შეეცდებიან თავიანთი ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლონ.
ომის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე, მათ შორის, ახლა მიმდინარე ბრძოლის მიმდინარეობაზე დონბასში. დონბასში განვითარებულ სიტუაციაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი. რეალობაში, მაისის თვეში უნდა გამოჩნდეს პირველი შედეგები და მაშინ უფრო ღიად შეგვეძლება ვთქვათ, რა მიმართულებით განვითარდება პროცესები".