ავტორი:

როგორია უნიკალური ქართული ღვინის - ხვანჭკარას - დაყენების ისტორია და როგორ გრძელდება ის?

როგორია უნიკალური ქართული ღვინის - ხვანჭკარას - დაყენების ისტორია და როგორ გრძელდება ის?

უნიკალური ქართული ღვინის - „ხვანჭკარას“ - ისტორია მე-19 საუკუნეში, თავად დიმიტრი ყიფიანის მამულში იწყება. 80-იან წლებში, თავადს უნიკალური ყურძნის ჯიშებისგან ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან არასრული დუღილის მეთოდით საოცარი გემოვნური თვისებების მქონე ნახევრადტკბილი ღვინო მიუღია.

„ყიფიანის ღვინო“ - მაშინ ასე ეწოდებოდა „ხვანჭკარას“, რომლის გაცნობაც თავადს ევროპისთვის სურდა. მართლაც, მან თავისი ღვინო ბელგიის ქალაქ ოსტენში გაგზავნა, სადაც ევროპის ღვინის ფესტივალი იმართებოდა და ყველასთვის გასაოცრად, „გრან-პრიც“ მიიღო. ჯილდო ეროვნულ მუზეუმში დღესაც ინახება.

ხვანჭკარას საუკუნოვანი ისტორია გრძელდება. რაჭველები უნიკალური ყურძნისგან ღვინოს თავიანთ ოჯახებში ყოველწლიურად აყენებენ, თავადი ყიფიანის მამულში კი ახლაც ფუნქციონირებს მარანი, სადაც ძველი და თანამედროვე მეთოდების სინთეზით უნიკალური „ხვანჭკარა“ ყენდება, შემდეგ კი პირდაპირ მშობლიური სოფლიდან ჩვენს სუფრაზე ხვდება.

თავადი ყიფიანის მეთოდმა განვითარება 1920-იან წლებში პოვა. მისი მარნის ადგილას 1927 წელს აშენდა „ხვანჭკარის“ ღვინის ქარხანა, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დღესაც ფუნქციონირებს. ღვინის დამზადების ყიფიანისეული მეთოდი თაობიდან თაობას გადაეცემა და მის უნიკალურობაში მაშინვე დარწმუნდებით, როცა „ხვანჭკარას“ დააგემოვნებთ. კომპანიის ვენახები გაშენებულია 10 ჰექტარ ტერიტორიაზე, ამასთან, მიმდებარედ იგეგმება დამატებითი სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისებაც.

დღეს, „ხვანჭკარა“ საოჯახო ბიზნესია, რომლის შესახებაც რაჭაში ყველამ იცის. გადავწყვიტეთ, გიამბოთ, როგორ გრძელდება უნიკალური ტრადიცია, რის შესახებაც კომპანიის გენერალურ დირექტორს გიორგი ჭანტურიას ვესაუბრეთ:

ღვინის რამდენ სახეობას აწარმოებს „ხვანჭკარა“ და რომელია ყველაზე მოთხოვნადი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ?

ვაწარმოებთ ორი სახის ღვინოს: ნახევრადტკბილ ხვანჭკარასა და მშრალ ალექსანდროულს ისეთი ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან, როგორიც არის ალექსანდროული და მუჯურეთული. ასევე, გასულ რთველზე დაგვემატა ჩვენთვის ახალი მიმართულება - ქვევრის ღვინის წარმოება ადგილობრივი ჯიშებისგან, კონკრეტულად ალექსანდროული ქვევრში, რომელმაც ძალიან კარგი და დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა ჩვენი მომხმარებლისგან და ადგილობრივი საფერავი, რომელიც გამორჩეულია თავისი არომატით, გემოთი და მახასიათებლებით.

რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ხვანჭკარის ისტორიულ წარსულს? როგორ აგრძელებთ კომპანიის თითქმის 100-წლიან ისტორიას?

ჩვენ ვაგრძელებთ უძველეს ტრადიციას და ვაყენებთ უნიკალურ ღვინოს, რაც დიდი პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა. ვაგრძელებთ ძველი მეთოდის გამოყენებას და ვითვალისწინებთ თანამედროვე მეთოდებსაც.

ხვანჭკარის მიკროზონა მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურის ადმინისტრაციულ ზონაში, ზღვის დონიდან 450-750 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. იგი მოიცავს უშუალოდ ხვანჭკარასა და მის მახლობელ სოფლებს. კლიმატი აქ ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი, შედარებით მშრალი ზაფხულით. სწორედ ეს მიკროზონაა იდეალური მუჯურეთულისა და ალექსანდროულისთვის, რომელიც კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე ხარობს და საუკეთესო მოსავალს გვაძლევს.

„ხვანჭკარა“ წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. კონკრეტულად, რომელ ქვეყნებში გადის ღვინო ექსპორტზე და როგორია უცხოელი მომხმარებლის უკუკავშირი?

ჩვენთვის როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრები მნიშვნელოვანია. წელს ღვინო გავიტანეთ იაპონიაში, ასევე, გაყიდვები გვაქვს შვედეთსა და ჩეხეთში. ექსპორტს აქტიურად ვახორციელებდით უკრაინაშიც, თუმცა მიმდინარე მოვლენების გამო დროებით გავჩერდით. ძირითადი ბაზარი მაინც რუსეთი იყო, თუმცა იქაც შევაჩერეთ პროცესი.

წელს უკვე მიმდინარეობს მზადება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მყარად მოხდეს ბაზრების დივერსიფიცირება და გადავეწყოთ როგორც ევროპაზე, ისე აზიის ბაზრებზეც, როგორიც არის მაგალითად, ჩინეთი, რაშიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც შეგვიწყობს ხელს.

ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ გამოფენებშიც და გვსურს, ჩვენი პროდუქცია უცხოეთში ფართო საზოგადოებას გავაცნოთ. მოხარულები ვართ, რომ ქართული ხვანჭკარა ყველგან მოწონებას იმსახურებს.

რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას?

წელს მონაწილეობას ვიღებთ გერმანიაში ღვინის ერთ-ერთ უდიდესი გამოფენა ProWein-ზე. ამასთან, ვაპირებთ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ მარანი როგორც კლასიკური წარმოების, ისე ქვევრის მიმართულებით და ავითვისოთ ახალი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

R