ავტორი:

რას ჰყვება მომლოცველი, რომელიც უშვილოთა შემწე ტაძარში არეულობას შეესწრო

რას ჰყვება მომლოცველი, რომელიც უშვილოთა შემწე ტაძარში არეულობას შეესწრო

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოში დღეს წაჩხურობა აღინიშნება. აქ არის სასწაულმოქმედი წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, სადაც საუკუნეებია წყვილები მოსალოცად პატარა აკვნებით ხელში ადიან და შვილიერებას შესთხოვენ.

ამ დილითაც უამრავი მომლოცველი აუყვა ტაძრისკენ მიმავალ გზას. დილის 4 საათიდან დაიწყო ხალხმა მოსალოცად მისვლა. ტაძარი სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, მაღლობზეა აგებული. წირვა დილით, 10 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაგვიანებით დაიწყო, რადგან დილით დაპირისპირება ისევ მოხდა ჭყონდიდის ეპისკოპოს მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილ სასულიერო პირებსა და ჩოხოსნებს შორის.

როგორც მოგეხსნებათ, მარტვილის ეპარქიაში დიდი ხანია დაპირისპირებაა სასულიერო პირებსა და მეუფე სტეფანეს შორის. მან რამდენიმე მღვდელმსახურს, მათ შორის მამა დანიელს, რომელიც წაჩხურუს მამათა მონასტრის წინამძღოლი იყო, მღვდელმსახურება შეუჩერა, თუმცა ეს დასჯილი სასულიერო პირები წაჩხურუს მონასტერში ცხოვრებას და სამეურნეო საქმიანობას ისევ აგრძელებენ.

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ამ დილით კონფლიქტი ჩოხოსნებსა და წაჩხურუს მონასტერში მყოფ სასულიერო პირებს შორის მოხდა. წლებია ტაძრის ეზოში სპეციალურად განკუთვნილ ადგილას იყიდება სანთლები და ხატები. როგორც ირკვევა, მეუფესთან შეუთანხმებლად მამა დანიელმა გააშლევინა გასაყიდად იმ ადგილას ისევ ხატები და სანთლები და დილის 8 საათზე, როცა ტაძრის ტერიტორიაზე ავიდნენ მეუფესთან შეთანხმებით ჩოხოსნები, ისინი შეეცადნენ ის ტერიტორია თვითონ გამოეყენებინათ, თუმცა ამის საშუალება ჩოხოსნებს არ მისცეს დასჯილმა სასულიერო პირებმა. ამას მოყვა მხარეებს შორის დაპირისპირება და საქმეში პოლიციის ჩარევაც გახდა საჭირო.

ჩვენ დავუკავშირდით მამა დანიელს. მან დაგვიდასტურა, რომ დილით ინციდენტი მართლაც ამ ფაქტს მოყვა.

"უდიდესი დღესასწაული გვაქვს დღეს ჩვენ და მოვიდნენ გაუფრთხილებლად აქ ჩოხოსნები და მოინდომეს ჩვენი გაგდება. ხატები, სანთლები დალაგებული გვქონდა მაგიდაზე და ძირს დაგვიყარეს ხატები და ყველაფერი. ამიტომ მოხდა შეხლა-შემოხლა, მათ საკადრისი პასუხი გავეცით. ახლა წირვა ჩატარდება ტაძარში", - გვითხრა მამა დანიელმა, რომელსაც მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მეუფე სტეფანეს მოსვლის დღიდან ეპარქიაში წესრიგის დამყარებაში მას ჩოხოსნები ეხმარებიან. ისინი კარგა ხანია მარტვილსა და სალხინოს ტაძრის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ. ასევე ცნობილია, რომ მეუფე სტეფანემ სასულიერო პირები მარტვილში ცაგერიდან ჩამოიყვანა და ახლა ისინი ასრულებენ ყოფილი მღვდელმსახურების ნაცვლად მღვდელმსახურებას. მარტვილში მეუფე სტეფანეს განწესების შემდეგ არაერთხელ მოხდა დაპირისპირება მხარეებს შორის და როცა მეუფე წირვას ატარებს, მის გვერდით სისტემატურად არიან ჩოხოსნები. როგორც ჩანს, დღესაც ასე იყო. მრევლი, რომელიც ტაძარში მოსალოცად არის ამოსული, უკმაყოფილოა ამ დაპირისპირების ხილვით და ითხოვს საპატრიარქომ ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს ეს პრობლემა, რადგან ეს ადამიანებს აბრკოლებს.

`"მოვედით მოსალოცად ამ დილით და დაგვხდა ეს აურზაური. ხელჩართული ჩხუბი იყო სასულიერო პირებსა და ჩოხოსნებს შორის. სამწუხაროა, რომ ეს ხდება ტაძარში, სადაც უამრავი ადამიანი უდიდესი რწმენით ამოდის. როგორ არ ცხვენიათ ამ ადამიანებს, ან რა სულიერებაზე უნდა იქადაგოს ამ ხალხმა. ღმერთო, ეს რა სირცხვილია. როგორი სამარცხვინოები არიან ორივე მხარე. როგორ აბრკოლებენ ადამიანებს და ამის შემხედვარე ჩვენც, უბრალო ადამიანები ცოდვაში ვვარდებით, რადგან გვიწევს საუბარი და განსჯა ამ უმსგავსოების. ფაქტობრივად, ვაჭრობაა გაჩაღებული, ვინ სად დადგება და სად მეტ სანთელს და ხატს გაყიდის, ამისთვის იბრძვიან. უნდათ ფული იშოვონ, შესაწირი მიითვისონ...

ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ყოველ წელს სპეციალურად ჩამოვდივარ თბილისიდან ამ დღეს აქ მოსალოცად, რადგან მართლა სასწაულის მომსწრე ბევრჯერ გამხდარვარ და ვიცი, რა ძალა აქვს ამ დღეს აქ ლოცვას. უამრავი ადამიანის ლოცვა შეისმინა ამ ტაძარმა და ბევრ უშვილო წყვილს აჩუქა შვილი.

ხალხი საიდან არ ჩამოდის აქ მოსალოცად, მომლოცველების ნაკადი არ წყდება, რწმენით ხალხი 7 კილომეტრს ფეხშიშველი გადის და ისე ამოდის, ზოგი შესაწირით, ზოგი პატარა აკვნით ხელში და აქ ამოსულს ეს აურზაური რომ ხვდება, თქვენ განსაჯეთ, ეს რა არის. იმის ნაცვლად, რომ აქ დილიდან ისმოდეს გალობა, ერთმანეთის ულოცავდნენ, უსურვონ წყვილებს სურვილის ასრულება, ამის ნაცვლად ეს სამარცხვინო სიტუაცია დაგვხვდა დღეს. იმედი მაქვს, ასეთ რამეს ამის მერე აღარასდროს ვნახავ... ამ ხნის ქალი ვარ, ამდენი წელია ამ ტაძარში დავდივარ და ვლოცულობ ჩემი შვილებისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ეს მხვდება დღეს. ეს არ არის რწმენა. რაც აქ ვნახეთ ამას გამართლება არ აქვს!" - ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მომლოცველი ქალბატონი.