ავტორი:

"პირველი, ვინც პუტინის წინააღმდეგ წავა, სამხედრო გენერალიტეტი იქნება... შოიგუს უკვე ჰქონდა მცდელობა" - ვინ არ ემხრობა "ვოვას რადიკალურ კლანს"? რუსული ბუნტის მოლოდინი

"პირველი, ვინც პუტინის წინააღმდეგ წავა, სამხედრო გენერალიტეტი იქნება... შოიგუს უკვე ჰქონდა მცდელობა" - ვინ არ ემხრობა "ვოვას რადიკალურ კლანს"? რუსული ბუნტის მოლოდინი

უკრაინაზე სამხედრო აგრესიის კვალდაკვალ, სულ უფრო მეტს საუბრობენ პუტინის გარემოცვაში არსებულ დაპირისპირებაზე. ე.წ. მოსკოველი და პეტერბურგელი ძალოვნების ელიტა ცდილობს, გავლენები არ დაკარგოს. თუმცა, როგორც დასავლურ მედიაში წერენ, დასავლეთის მიერ დაწესებული პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების შედეგების პირველ ფაზას, შემოდგომისთვის ელოდებიან, რაც პირველ რიგში, სწორედ ელიტაზე აისახება. თვეზე მეტია, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით აიკრძალა ან დაიხურა ანტიპუტინისტური გამოცემები, დაბლოკილია სოციალური მედია. თუმცა, ადგილობრივების თქმით, "რაღაც საშუალებებით" "ფეისბუქზე" შესვლას მაინც ახერხებენ, ოღონდ ლიმიტი შეზღუდულია.

რუსული "ეფესბე" აკონტროლებს ყველას, ვინც ანტისახელმწიფოებრივ პოზიციას აფიქსირებს, უკრაინის ომის გამო აკრიტიკებს პუტინს და მმართველ ელიტაში დაპირისპირებაზე საუბარს გაბედავს.

hvylya.net აქვეყნებს სტატიას სათაურით - "როდის მომწიფდება ახალი რუსული ბუნტი", სადაც უკრაინის ხანგრძლივი და წარუმატებელი ომის შედეგებზე საუბრობს, რომლის ფარგლებშიც წარმოქმნილი შიდა დაპირისპირება და ურაპატრიოტიზმით შეფუთული პრობლემები მწვავე სოციალურ კრიზისს იწვევს.

"რუსეთ-უკრაინის ომმა პუტინის რეჟიმის მხარდამჭერებში ღრმა ეროზიული პროცესები მოამწიფა. ვითარება ძალიან მოკლე ხანში იმდენად შეცვლილია, შესაძლოა, რევოლუციის გზით, პუტინის შემცვლელზეც დაიწყოს საუბარი. ასევე, კულუარებში ვრცელდება ცნობები ბუნტზე ან "სასახლის გადატრიალებაზე", - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, რიტორიკული კითხვაა, სურთ თუ არა ომი რუსებს.

"მარტის დასაწყისში წარმოებული სოციალური გამოკვლევის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 71% მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას თუ ე.წ. სამხედრო ოპერაციას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოგვიანებით, აპრილის დასაწყისში წარმოებული გამოკვლევები აჩვენებს, რომ ვლადიმირ პუტინის შიდა მხარდაჭერა უპრეცენდენტოდ გაიზარდა, ამ ფონზე მოსახლეობის 81% აცხადებს, რომ ენდობა თავისი ქვეყნის პრეზიდენტს.

თუმცა, ერთია რას წერს პროსახელმწიფოებრივი მედია და სოციალურ კვლევები და მეორეა, რა განწყობაა რეალურად საზოგადოებაში. ამას ემატება ისიც, რომ შიდა პოლიტიკური რეპრესიები რუსეთში ყოველთვის ასეთი გაუაზრებელი ომების ფონზე იწყებოდა და ჯერ კიდევ იმპერატორების, შემდეგ უკვე სოციალური რეჟიმის დროს, ლოგიკური ფინალით სრულდებოდა, რადგან ერთპიროვნული მეფე-იმპერატორი ხანგრძლივად ვერასდროს ინარჩუნებს ძალაუფლებას.

როდესაც ძალაუფლებაში ბზარი ჩნდება, ის საბოლოოდ დაუთმობს ადგილს უფრო ფართო პოლიტიკურ აჯანყებას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ კოლექტიური პუტინის მიერ გადადგმული წარუმატებელი ნაბიჯების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ რუს ხალხს კიდევ უფრო მეტი მსხვერპლის გაღება მოუწევს. ცოტაც და ყველანი მივხვდებით, რომ ომი მხოლოდ უკრაინაში კი არა, ყველგან იგრძნობა" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, პირველი, ვინც პუტინის გუნდის წინააღმდეგ წავა, სამხედრო გენერალიტეტი იქნება, რადგან მათ ფაქტობრივად, ბრძოლის ველზე უწევთ დახოცილი ჯარისკაცების მიტოვება, მობილური კრემატორიუმების გამოყენებას ვერ ასწრებენ და სამხედრობს უგზო-უკვლოდ დაკარგულად აცხადებენ.

"შოიგუს უკვე ჰქონდა მცდელობა, მძიმე ვითარებიდან "ავადმყოფობის მიზეზით გამომძვრალიყო, სანქციებს რომ არ მოესწრო, შეეძლო, სამკურნალოდ უცხოეთისთვის მიემართა, თუმცა ახლა გვიანია. შესაბამისად, თვითგადარჩენის ერთი გზა რჩება - წინააღმდეგობა. თუმცა, იმდენად გონიერი კი არის, რომ იცის, რომ ეფესბეს 24-საათიანი კონტროლის ქვეშ ჰყავს" - წერს გამოცემა.

"რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან უახლოეს ხანებში?" - ამის შესახებ, ყოფილი დეპუტატი, კრემლის კულუარებში კარგად გარკვეული ილია პონომარევი nv.ua- სთან საუბრობს.

მისი თქმით, პუტინის გარშემო დიდი წმენდა და საკადრო ცვლილებები დაწყებულია.

"პუტინის გარდა, უკრაინაში ომის გაგრძელების მომხრეა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ნიკოლაი პატრუშევი, ФСБ -ს უფროსი ალექსანდრ ბორტნიკოვი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს. ეს გუნდი უკვე იძულებულია პუტინს ყველაფერში დაეთანხმოს.

რადიკალური კლანის მომხრე არ არის, პრემიერი მიხაილ მიშუსტინი, "სბერბანკის" ხელმძღვანელი გერმან გრეფი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილიანოვი, ცენრტბანკის წარმომადგენელი ელვირა ნაბიულინა. ისინი ამ ომით აღფრთოვანებულები არ არიან, მაგრამ მათგან წინააღმდეგობრივ ნაბიჯებს იმ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, თუ სანქციების შედეგები პირადად მათზე აისახება მწვავედ და მეორე - თუ პუტინისა და პუტინიზმის რეალური ალტერნატივა გამოჩნდება.

ასეთ დროს, მათ უეცრად გაახსენდებათ, რომ ლიბერალები არიან და ომის წინააღმდეგი არიან... რაც შეეხება შოიგუს, შეიძლება ითქვას, რომ ის ძალიან კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევა, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცებს, მისი ხილვა შეიარაღებული ძალების სათავეში არ სურდათ და მიანიშნეს, დაისვენე სერიოგა, ფეხებში ნუ გვედები და არაფერი მოგივაო. შესაძლოა, იყოს სხვა ვარიანტი - მან თავად ნახა რა კატასტროფა ხდება და თავად გადაწყვიტა წასვლა, თუმცა არ გამოუვიდა" - ამბობს ილია პონომარევი.

polit.ru-ს ცნობით, ქვეყანა ბოლო ხანებში, ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებს იმ გზას, რომელიც მან 90-იან წლებში გამოიარა.

"უკან, 20 წლის წინანდელ რეალობაში, 11-17 აპრილის დროინდელ რუსეთში" - წერს გამოცემა, რომელიც ელცინის წასვლის პერიოდისა და პუტინის მოსვლის წინაპირობებს იხსენებს.