ავტორი:

"ბავშვებს სიკვდილის წინ ანესთეზიას ვუკეთებდით, ტკივილი რომ გაგვეყუჩებინა" - მარიუპოლელი ექიმის აღსარება

"ბავშვებს სიკვდილის წინ ანესთეზიას ვუკეთებდით, ტკივილი რომ გაგვეყუჩებინა" - მარიუპოლელი ექიმის აღსარება

ანდრეი სერბინი 27 წლისაა, ის ლევობერეჟნის რაიონის მარიუპოლის N4 საავადმყოფოს ანესთეზიოლოგია. 24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს, თავის განყოფილებაში მივიდა და მხოლოდ 21 მარტს შეძლო საავადმყოფოს დატოვება... ომის პირველ კვირას, ვიდრე მარიუპოლის მარცხენა ნაპირი ჯერ კიდევ არ იყო ოკუპანტების მიერ ქალაქისგან იზოლირებული, მედპერსონალი ახერხებდა კლინიკაში მისვლას.

მარტის დასაწყისში კი საოპერაციოში მხოლოდ ორი ქირურგი, ორი ტრავმატოლოგი და ორი ანესთეზიოლოგი დარჩა. მათ შორის იყო ანდრეი. სწორედ მათ ჩაატარეს ოპერაცია, დაეხმარნენ ასობით მშვიდობიან მოქალაქეს.

ანდრეი:

- ექიმები სამყაროსგან იზოლირებულ საავადმყოფოში დავრჩით და ვაკეთებდით ჩვენს საქმეს. პირველი დაჭრილი ჩვენთან 25 თებერვალს მოვიდა. თებერვლის ბოლოდან შენობაში გათბობა არ იყო. 3 მარტს კი საავადმყოფოს ჩრდილოეთ ფასადზე მინები ჩაიმსხვრა. დენი აღარ იყო. ოთახში 4 გრადუსი იყო ტემპერატურა. ელექტროენერგია დიზელის გენერატორიდან გვქონდა, საწვავი ძალიან ცოტა იყო და ვზოგავდით. ვიდრე ბენზინგასამართი სადგურები ფუნქციონირებდა, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ პირველ დღეებში დიზელის საწვავი იყიდა, შემდეგ სამხედროებმა სამ-ოთხჯერ მოგვიტანეს.

მთელი საავადმყოფოსთვის ორი გამათბობელი გვქონდა, რომელიც საოპერაციო დარბაზებში დავდგით და მხოლოდ ოპერაციების დროს ვრთავდით.. სიცივის გამო ყველაფერი ჩავიცვით, რაც ვნახეთ, ზემოდან კი - კოვიდის სპეცტანსაცმელი (ომამდე აქ კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ).

საოპერაციო დარბაზებში დიდხანს ყოფნისას პერსონალი გაიყინა, სამედიცინო პერსონალი უკონტროლო მდგომარეობაში იყო. ქალებმა ვერ გაუძლეს, საბნები დაიფარეს და ასე ცდილობდნენ გათბობას.

2 მარტამდე, მაღაზიები ჯერ კიდევ ღია იყო, მაგრამ არავითარი კვების ღირებულება არ ჰქონდა ჩიფსებსა და ზეთისხილს, რის აღებასაც ვცდილობდით... პირველ დღეს ოთხი პური ვიყიდეთ. მარტის შუა რიცხვებამდე ვიმყოფინეთ, მერე აღარ გვქონდა.

საკვების შეზღუდულ მარაგს დაემატა საკვების მომზადების პრობლემა. ჩვენს განყოფილებაში მხოლოდ ორი გამაცხელებელი იყო და შესაბამისად, 20 ადამიანისთვის ულუფები მოკრძალებული იყო.

სამზარეულოსთვის წყალი ჭაბურღილიდან მოგვქონდა, რომლის ტუმბო მზის პანელებით იტენებოდა და საავადმყოფოდან რამდენიმე კილომეტრში იყო. ყოველ 2-3 დღეში ერთხელ ვავსებდით ჭურჭელს.

10 მარტს ოპერაცია გავუკეთეთ პაციენტს, რომლის ნათესავებმა მადლიერების ნიშნად ქათმის კისრის ჩაშუშული მოგვიტანეს. მართალი გითხრათ, მსგავსი არაფერი მიჭამია. მაგრამ იმ დროს ხორცის მივიწყებულმა გემომ საგრძნობლად გაამხიარულა გუნდი.

იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოწყვეტილი ფეხებით რამდენიმე დღე იწვნენ ქუჩაში. ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე არ იპოვეს და ჩვენთან არ მოიყვანეს. უცნაურია, როგორ გადარჩნენ ისინი. უმძიმესი პირობების მიუხედავად, გადარჩენილი უფრო მეტი გვყავდა, ვიდრე გარდაცვლილი. ადგილობრივებს დაჭრილები კარებთან მოჰყავდათ, ვისაც ფეხები შერჩათ, თავად მოდიოდნენ.

ექიმი კაზანცევი 60 წელს გადაცილებული იყო. ბავშვთა ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა. 20 მარტს, დილით, თავისი კორპუსის თავშესაფარი დატოვა, რათა მდუღარე წყალი მეზობელი შენობის თავშესაფარში მიეტანა, სადაც ხალხი იყო. შენობებს შორის 10 მეტრია. ამ დროს მოხდა აფეთქება, ის თავის ტვინის ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. ორ კორპუსს შორის დავმარხეთ, სამუშაო ადგილიდან ორ მეტრში.

მთელი ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 15 დაზარალებული ბავშვი შემოგვიყვანეს. ყველაზე მძიმე ტვინის ტრავმული დაზიანებაა. ჩვენი საავადმყოფო არ იყო სპეციალიზირებული ნეიროტრავმებზე, ამიტომ ნეიროქირურგები არ გვყავდა.

პირველი გოგონა კარგად მახსოვს, ანა ერქვა. აფეთქებისას მანქანის ბორბალი მოხვდა თავში. ჩვენმა ერთ-ერთმა ახალგაზრდა ტრავმატოლოგმა ჩაატარა დეკომპრესიული კრანიოტომია. ეს ოპერაცია არ შედიოდა მისი პროფესიული კომპეტენციის სფეროში. ზუსტად იგივეა, თერაპევტმა აპენდიქსის ოპერაცია გააკეთოს. ხუთი დღის განმავლობაში გოგონა სუნთქვის აპარატზე იყო. 18 მარტს ნევროლოგიური გამოჯანმრთელების ნიშნები შევნიშნეთ. 21 მარტს კი გონს მოვიდა. ვამაყობდით, რომ შევძელით მისი გადარჩენა.

როდესაც ანა ჯერ კიდევ აპარატზე იყო, 6 წლის ბავშვი შემოგვიყვანეს თავის არეში დაზიანება ჰქონდა. ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა. შემდეგ კი მარიუპოლში ვნახე მისი ფოტო, ბებიასთან ერთად, ქალაქში დარჩნენ.

სამწუხაროდ, ბევრჯერ მოჰყავდათ გარდაცვლილი ბავშვები. და კიდევ უფრო უარესი იყო, როცა ბავშვები ცოცხლები მოვიდნენ ჩვენთან და ვერაფერით დავეხმარეთ.

დედა, ბებია და ერთი წლის ბავშვი შემოვიდნენ, ყველას თავის ტრავმა ჰქონდა. დედას მხოლოდ ნაკაწრები, ბებიას საკმაოდ მძიმე ტრავმა, ერთი წლის ბიჭს კიდევ უფრო მძიმე. ანესთეზია გავუკეთეთ. სამწუხაროდ, აქ დამთავრდა ჩვენი დახმარება. 1 წლის ბავშვი, საავადმყოფოში მიყვანიდან, 15 წუთში გარდაიცვალა.

იყო ეპიზოდი, როდესაც ორი ბავშვი შეიყვანეს - 10 და 16 წლის. როგორც მივხვდი, ისინი არ იყვნენ ნათესავები, მაგრამ ერთი ადგილიდან ჩამოიყვანეს თავის მძიმე დაზიანებებით. ჩვენ ვერ დავეხმარეთ მათ. უბრალოდ ანესთეზია გავუკეთეთ... სამწუხაროდ, ბავშვების ნაწილს მხოლოდ ამით დავეხმარეთ, სიკვდილის წინ ტკივილის გაყუჩებით...

საინფორმაციო ვაკუუმში ვიყავით, არ ვიცოდით "მწვანე დერეფნების“ შესახებ, არც ის, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში.

18 მარტს ჩვენი ბლოკი დაიბომბა. ქუჩის გადაღმა პოლიკლინიკას ცეცხლი გაუჩნდა. ორი დღე ვუყურებდით როგორ იწვოდა და ვფიქრობდით: "ცეცხლი აქამდე რომ მოვიდეს?"

წასვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა გვქონდა, მაგრამ ყოველ ჯერზე იმავე შემადგენლობით ვბრუნდებოდით, როგორც წავედით. ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ, გაგვიმართლა...

ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა 21 მარტი. შვიდი მანქანით წავედით, ძალიან რთული გზა იყო. ერთ-ერთი გზა, რომელიც გავიარეთ "აზოვსტალზე" გადიოდა, რომელსაც გაუჩერებლად ბომბავდნენ.

ჩვენ წავედით, მაგრამ ექიმების ნაწილი და პაციენტები დარჩნენ...

მარიუპოლში საჭირო იყო მუშაობა, გადარჩენა, გადაწყვეტილებების მიღება, ბრძოლა... მე კი ვცხოვრობდი, ვმუშაობდი, მუდმივად ვიყავი ოპერატიულ გუნდებში და ვცდილობდი არ მეფიქრა ამაზე. სხვა რამ არის ფიქრები მარიუპოლის შემდეგ.

ჩვენი წასვლიდან მეორე დღეს საავადმყოფოს აფეთქებას რამდენიმე ექიმი შეეწირა.

ძალიან მტკივნეულია ის მდგომარეობა, რომ ჩვენ წამოვედით და ჩვენი პაციენტები დარჩნენ. თითოეული ექიმი ამყარებს ემოციურ კავშირს პაციენტთან, მკურნალობის პროცესში ის აღარ არის ჩვენთვის უცხო.

დავრწმუნდით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, განსაკუთრებით იმ პირობებში... კიდევ ერთი-ორი დღე და ჩვენ უბრალოდ არაფერი დაგვრჩებოდა, არ იქნება მასალა ნაკერების გასაკეთებლად, სპირტი ჭრილობის დასამუშავებლად. არ გვექნებოდა დახმარების გაწევის საშუალება.

და მაინც, ყველანი ძალიან ცუდად ვიყავით, რომ პაციენტებს ვტოვებდით, ჩვეულებრივ ექიმები ამას არ აკეთებენ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ დავაბრალებ მარიუპოლიდან გაქცევის გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ ეს ნორმალური და სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ყველას, ვინც ჩემთან ერთად წამოვიდა, აქვს გარკვეული ეჭვი, რამდენად სწორი იყო ეთიკური გადმოსახედიდან. წყარო

იხილეთ ასევე: