ავტორი:

"ბრძენი ქალბატონია სალომე ზურაბიშვილი, მისი იმედი მაქვს" - რას ამბობს ლიზა იასკო სააკაშვილსა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე?

"ბრძენი ქალბატონია სალომე ზურაბიშვილი, მისი იმედი მაქვს" - რას ამბობს ლიზა იასკო სააკაშვილსა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე?

უკრაინის რადას დეპუტატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე ლიზა იასკო, ტელეკომპანია "პირველს“ პირდაპირ ეთერში უკრაინიდან ჩაერთო და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. იასკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია... იასკომ ასევე ისაუბრა უკრაინის ხელისუფლების მისამართით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ...

ლიზა იასკო:

"სამწუხაროდ, გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლების რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირი მტკიცეა. უკრაინაში მტკივნეულად აღვიქვამთ ამას, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ სანქციები არ შემოიღო. გამოდის, რომ სიტყვით ვმეგობრობთ, მაგრამ მეგობრები იცნობა გაჭირვებაში. ეს ჩვენთვის მიუღებელია. თუ მათთვის ფინანსური კავშირები რუსეთთან უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ სანქციები გარდაუვალი იქნება.

ეს პროცესები გავლენას ახდენს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ მთელ საქართველოზე. მსოფლიომ გამოიღვიძა და გაიგო ის სიტყვები, რასაც მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს ამბობდა. ის ლაპარაკობდა იმ ქვეყნებზე, რომლის ოკუპაციასაც პუტინი აპირებდა. ყველაფერი ისე მოხდა, რასაც მიხეილი ამბობდა... დღეს მიხეილ სააკაშვილი საკითხი განიხილება ყველა მაღალ საერთაშორისო პლატფორმებზე. ის დასკვნა, რომელიც დადო საქართველოს ომბუდსმენმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.

მთელ მსოფლიოს ესმის, რომ მიხეილ სააკშვილს უნდა ჰქონდეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება. ის არის პოლიტპატიმარი, ის ერთადერთი და პირველი პრეზიდენტია, რომელიც ციხეში ზის პუტინის გამო, იმიტომ, რომ პუტინს ჰქონდა ამის სურვილი და პარადოქსი ის არის, რომ ეს საქართველოში ხდება. მითუმეტეს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.

ადამიანის უფლების დამცველები, მისი ოჯახი, მე, არაერთხელ მივმართავდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჰუმანურობა და ადამიანის უფლებათა დაცვა პირველ პლანზე ყოფილიყო. მათ ჰქონდათ საშუალება, რომ პოლიტიკურ ზიზღზე ეთქვათ უარი, ეჩვენებინათ თავისი გულმოწყალება და გამბედაობა და მიხეილი საზღვარგარეთ გაეგზავნათ. როდესაც არსებობს კონსენსუსი ყველა მხრიდან, საქართველოს ხელიუფლებამ ეს საკითხი უნდა მოაგვაროს.

საქართველოს პრეზიდენტის დიდი იმედი მაქვს, არაერთხელ მივმართე მას და არ მიმიღია პასუხი. უკრაინის მხრიდან იყო სპეციალური მოთხოვნა გაგზავნილი, რომ მიხეილი გადაცემული ყოფილიყო უკრაინისთვის ან გაეგზავნათ საზღვარგარეთ რომელიმე ქვეყანაში. ბურთი ახლა საქართველოს მთავრობის მხარეს არის...

მიხეილ სააკაშვილს თუ არ გაგზავნიან სამკურნალოდ, ეს ნიშნავს რომ საქართველოს მთავრობა ასრულებს ვლადიმერ პუტინის შეკვეთას, რაც ძალიან საშიშია.

ამის მოგვარება შეიძლება არა მხოლოდ შეწყალებით, არამედ სამკრუნალოდ გადაყვანით... ბრძენი ქალბატონია სალომე ზურაბიშვილი და მისი იმედი მაქვს. მან დიდი ხანი გაატარა საზღვარგარეთ და იცის, რა არის ადამიანის უფლებები. იცის, რომ ეს საკითხი კრიტიკულია, ან გადავარჩენთ მიხეილის სიცოცხლეს, ან მოხდება მისი "დაინვალიდება“. ახლა არის ის დრო, როდესაც შეიძლება ამ სიტუაციიდან კარგი გამოსავალი მოიძებნოს. ახლა არ არის შიშის დრო, უკრაინას მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო. ვინც მხარს არ უჭერს, ისინი რუსეთთან თანამშრომლობენ და იქნებიან სანქცირებულები. იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილს მალე ვიხილავთ გამოჯანმრთელებულს მკურნალობის შემდეგ. ჩვენ კავშირზე ვართ და წერილებით ვიცი, რომ ძალიან მძიმე მდგომარებაშია. ჩემთვის ეს ძალიან ძნელია, მით უფრო, როდესაც ჩემი ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება".

იხილეთ ასევე: