ავტორი:

"საქართველომ ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის 1-ელი ნაწილი შეავსო" - საგარეო საქმეთა მინისტრი

"საქართველომ ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის 1-ელი ნაწილი შეავსო" - საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის 1-ელი ნაწილი საქართველომ უკვე მოამზადა და მთავრობა ევროკომისიას მას ორშაბათს გადასცემს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

"პრემიერ-მინისტრთან ერთად, დღეს კომისიის ფარგლებში განვიხილეთ კითხვარის მომზადების საკითხი. აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც დასამუშავებლად გადმოგვეცა. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, სექტორულ ნაწილს, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა. ამ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღნიშნული კითხვარის ბოლო, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა და გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამასთან, დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კითხვარის სექტორული ნაწილიც დღეს გასაჯაროვდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის თქმით, აღნიშნულ პროცესში ყველა სახელმწიფო უწყება და საქვეუწყებო დაწესებულება აქტიურად იყო ჩართული და "ხელისუფლების მოლოდინი არის ოპტიმისტური“.

"საჯაროობის ვალდებულება არ გვქონდა, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავად კითხვარის ნაწილი გავასაჯაროვეთ. რაც შეეხება პასუხების ნაწილს, აქ არის საკითხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის, შესაბამისად საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.