ავტორი:

"ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" - საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება გააუქმა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა

"ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" - საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება გააუქმა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა

საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის, "მოთვინიერების" ჩვენებები გააუქმა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორმა თვითონვე გაავრცელა. როგორც სალომე ჯაში წერს, ჩვენების გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსია.

"ვინც კინოს სახლში "მოთვინიერების" ჩვენებაზე აპირებდით მოსვლას, დღევანდელი სეანსის გარდა ყველა სეანსი გააუქმა კინოაკადემიამ. მიზეზი, რომელიც მის დირექტორს, მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".

მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და თუ თქვენც არ გინახავთ - კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა. ერთი დეტალი. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" (ესეც ციტატაა)", - წერს სალომე ჯაში.

  • "კინოს სახლთან" აღნიშნულის გასაპროტესტებლად გუშინ მოქალაქეები, კინომცოდნეები შეიკრიბნენ. მათ ამგვარი ცენზურის გამო კინოაკადემია გააკრიტიკეს.

ცნობისთვის, "მოთვინიერების" მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს Sundance-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჰობის შესახებაა, ჰობის, რომელიც ხეების გადატანას გულისხმობს. ფილმში ივანიშვილის მიერ ხეების შესყიდვისა და გადარგვის ამბავი ალეგორიულადაა გადმოცემული.

ნახეთ თრეილერი: