ავტორი:

"საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში..." - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

"საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში..." - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

პარტია "ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს "ალფა ჯგუფისგან" "ბორჯომის" კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც გამოეხმაურა, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს“ განცხადებას.

"ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში. მიზეზი - კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული "ალფა ჯგუფის" აქციონერობაა.

“ალფა ჯგუფს" კომპანია "ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ "იმედის" დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს. გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან:

სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს "ალფა ჯგუფისგან" "ბორჯომის" კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.

მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო“ აცხადებს, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.