ავტორი:

"ფილმი არა პოლიტიკაზე, არამედ ერთი მდიდარი ადამიანის ახირებაზეა... როგორც ჩანს, ესაძემ კულტურის სამინისტროს მესიჯები გაითვალისწინა" - ინტერვიუ სალომე ჯაშთან

"ფილმი არა პოლიტიკაზე, არამედ ერთი მდიდარი ადამიანის ახირებაზეა... როგორც ჩანს, ესაძემ კულტურის სამინისტროს მესიჯები გაითვალისწინა" - ინტერვიუ სალომე ჯაშთან

საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის, "მოთვინიერების" ჩვენებები გააუქმა, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ჯაშის თქმით, ფილმის მოხსნის მიზეზი, რომელიც დირექტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები", რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს.

ფილმის ყველა სეანსის გაუქმების შემდეგ ფილმის მიმართ იმდენად დიდი ინტერესი გაჩნდა, რომ როგორც თავად რეჟისორი ხუმრობს, უნებურად საუკეთესო რეკლამა გამოუვიდათ...

სალომე ჯაში:

- ფილმი კინოთეატრებიდან მოხსნეს, არ ვიცი ამას რა დავარქვა... ფილმის ჩვენებას რომ საქართველოში შეიძლებოდა პრობლემები შექმნოდა, ამის ეჭვი და ვარაუდი მქონდა, მაგრამ კინოს სახლთან ჩვენ ზამთრის შემდეგ გვქონდა მოლაპარაკება, თავად ვესაუბრებოდი კინოაკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და არანაირი დაბრკოლება არ იყო... ასეთ რეაქციას არაფრით ველოდი, რადგან საბოლოო ჯამში მათთვისვე არის ცუდი და არა ფილმისთვის. პირიქით, ბევრად უფრო დიდი ინტერესი გაჩნდა.

- ბევრი გიკავშირდებათ, თუ სად შეძლებენ ფილმის ნახვას... საზღვარგარეთ თუ აჩვენებთ კიდევ?

- დიახ, ნამდვილად ეგრეა, ძალიან ბევრმა იკითხა, სად შეიძლება ფილმი ნახონ... რაც შეეხება საზღვარგარეთ ჩვენებას, ფილმი უკვე საკმაოდ ბევრ კინოთეატრებში არის ნაჩვენები - დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, გამოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში... ფილმი იყო ნომინირებული ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე, რაც ევროპული ოსკარია... ნაჩვენები იყო ასზე მეტ ფესტივალზე ყველა კონტინენტზე და მხოლოდ საქართველოს კინოთეატრში გახდა ჩვენება შეუძლებელი ჩვენება.

ბუნებრივია ვიღაცეებს არ ესიამოვნებოდათ, მაგრამ ჩემთვის პირადად არაფერი უთქვამთ. ფილმი არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული... ფილმის ნახვის შემდეგ დარწუნდებით, რომ უფრო მეტზე საუბრობს, ვიდრე პოლიტიკაზე. ჩემი მიზანიც ეგ იყო! თვითონ ეს უჩინარი გმირიც, ხეების გადანერგვის ინიციატორი - ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად ხომ არ არის პოლიტიკური ფიგურა? - ამდენად ფილმი არა პოლიტიკას, არამედ ერთი მდიდარი ადამიანის ახირებას ეხება, რომელსაც სურს ხეები შეაგროვოს.

- როგორია ფილმის ეს პერსონაჟი?

- ფილმში ნამდვილად არაფერია ისეთი, რაც სინამდვილეში არ გვინახავს. ხომ მთელმა ერმა ვნახეთ ხეების გადატანის პროცესი?! რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა თვალს ვადევნებდით. ფაქტის დონეზე ახალი ფილმში არაფერია!

- აქცენტირებული არ არის ახირება?

- აქცენტირებულიც არ არის, რადგან ფილმში კიდევ ბევრი რამეა და ეს არ არის მხოლოდ ხეების გადატანაზე... შეიძლება ითქვას, რომ ხეების გადატანა სარჩულია, რაღაც ბაზისური ამბავი, რომელზეც მერე დაფუძნებულია სხვა ბევრი შინაარსი. დასკვნების გამოტანა მაყურებელს თავად შეუძლია. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ასეთი შემთხვევები არ ყოფილა, ფილმი მოეხსნათ... რუსეთში დღესაც იკრძალება ფილმები, ავტორები ისჯებიან, ზოგიერთი დაპატიმრებულია, ზოგიერთი ქვეყანაში ვერ ჩადის. საინტერესოა, რომ ფილმი კინოს სახლიდან კინოაკადემიის პრეზიდენტმა მოხსნა, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. მან როგორც ჩანს ის მესიჯები გაითვალისწინა, რომელიც არის კულტურის სამინისტროდან. ცალსახაა, რომ კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო იმ გავლენის, მესიჯების და მიმართულების, იმ კულტურის პოლიტიკის ქვეშ, რომელსაც დღეს კულტურის სამინისტრო და მინისტრი ახორციელებენ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი კინოთეატრი არ არსებობს, რომელიც ფილმს თავისუფლად აჩვენებს... ბევრი კოლეგა საზღვარგარეთ მყავს და ვინც არ გაიგო ფილმის მოხსნის შესახებ, ყველასთვის ძალიან უცნაური, აღმაშფოთებულია ეს ამბავი. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ მათგან.

- საიდან გაგიჩნდათ იდეა, ასეთი შინაარსის ფილმი გადაგეღოთ?

- ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო იყო ის გამოსახულება, როდესაც მთელმა ერმა ვნახეთ, ხე ზღვაში როგორ მიცურავდა... ყველა მათგანში განცვიფრება გამოიწვია და ჩემში აღფრთოვანებაც, როგორც ვიზუალურმა სახეხატმა. ძალიან პოეტური იყო და მრავალშრიანი შინაარსის მატარებელი. ზუსტად ეგ მრავალი შრე იყო ჩემთვის საინტერესო.

ყველა ფილმის გადაღება დიდ შრომას მოითხოვს და ამ ფილმსაც ორი წელი ვიღებდით, ბევრი შიშის გამო თავს იკავებდა კამერასთან ესაუბრა. ესეც ნიშანია იმისა, რომ ხალხი ვერ ვგრძნობდა თავს თავისუფლად ესაუბრათ თუნდაც ფაქტზე და არა პოზიციაზე. რთული, მაგრამ საინტერესო იყო ამ ფილმის შექმნა. არ არის ფილმი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით რამეს გამოარჩევს, ვინმეს აკრიტიკებს ან აქებს. ჩვენი მიზანი იყო მაყურებელი რომ დაფიქრებულიყო და საკუთარი დასკვნა გამოეტანა.

"მოთვინიერების" ჩვენებები გრძელდება სხვადასხვა სივრცეებში:

2, 3, 4 მაისი 20:00 ჰარაკი • Haraki ბილეთები https://biletebi.ge/.../motviniereba-taming-the-garden...

5 მაისი 21:00 კაფე მზიური • Cafe Mziuri10, 11 მაისი 20:00

მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას თუ ინიციატივას, რომელმაც ფილმის წარდგენა შემოგვთავაზა მას შემდეგ, რაც საქართველოს კინოაკადემიამ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს მის კინოთეატრში ფილმის ჩვენებები იმ მოტივით, რომ ის "საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით დაყოფას და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს".ჩვენებები კიდევ დაემატება. ფილმის მოხსნით რეალურად მისი უფრო მეტად გავრცელების შესაძლებლობა გაჩნდა.

ნახეთ თრეილერი: