ავტორი:

"გუშინაც ვგეგმავდით, როგორ ვიცხოვრებდით ომის შემდეგ... ვიტალი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში" - რას ამბობს დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე?

"გუშინაც ვგეგმავდით, როგორ ვიცხოვრებდით ომის შემდეგ... ვიტალი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში" - რას ამბობს დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე?

დღეს უკრაინული მედიით ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ვიტალი ორბელაძე დაიღუპა. ვიტალი ორბელაძე, მეტსახელად "გრუზინი" ოკუპანტების ტყვიამ ქალაქ იზიუმის დაცვის დროს იმსხვერპლა. შემთხვევა 23 აპრილს მოხდა. ორბელაძე მოხალისეთა ბატალიონში იბრძოდა. როგორც ცნობილია, ის კიევში ცხოვრობდა და 6 შვილი და 4 შვილიშვილი ჰყავდა.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება მებრძოლის მეუღლის ოლენა ორბელაძის კომენტარი. ქალის თქმით, ვიტალი ბოლო დრომდე ფიქრობდა, როგორ ეზეიმა რუსეთთან გამარჯვება, ის სიკვდილზე არ ფიქრობდა...

ოლენა ორბელაძე:

- გუშინაც ვგეგმავდით როგორ ვიცხოვრებდით ომის შემდეგ, როდესაც მთელი ოჯახით შევიკრიბებით სადღესასწაულო სუფრაზე და აღვნიშნავთ მტერზე გამარჯვების დღეს. დღეს გავიგე, როგორ უმოწყალოდ გვართმევს ომი ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს. ჩემი ქმარი ვიტალი ზურაბის ძე ორბელაძე მხოლოდ 46 წლის იყო, ის ახლა ნესტიან მიწაში წევს, შვილებსა და შვილიშვილებს ზეციდან უყურებს...

მას შემდეგ, რაც კიევში გადავედით საცხოვრებლად და ბინა ვიქირავეთ, ის შემდუღებლად მუშაობდა მაღალსართულიან კორპუსებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა ჩვენი ქვეყნის აღდგენისთვის. დარწმუნებული ვარ, ის დაამახსოვრდებათ როგორც გამძლე და ძალიან ხალისიანი, შრომისმოყვარე ადამიანი.

დღეს არა მარტო მე დავკარგე ქმარი, შვილებმა დაკარგეს მამა, შვილიშვილებმა დაკარგეს ბაბუა, თანამებრძოლებმაც დაკარგეს ერთგული ძმა. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.

მებრძოლის მეუღლემ აღნიშნა, რომ ახლა მათი კიდევ ორი ვაჟი ფრონტზე იბრძვის.