ავტორი:

"ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას" - ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

"ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას" - ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, 2008-2009 წლის შემდეგ გრიპის ვირუსის ცირკულაციის სეზონური გახანგრძლივება ქვეყანაში არ გვქონია.

"მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიის პერიოდში რესპირაციული ვირუსების გავრცელების დინამიკამ გარკვეული სახეცვლილება განიცადა. 2020 წელს გრიპი თითქმის არ იყო, ახალმა კორონავირუსმა "დაჩაგრა" გრიპი და ნაკლებად შეაწუხა მოსახლეობა. 2021 წელსაც ეს დინამიკა გაგრძელდა. 2022 წელს კი სახე იცვალა რესპირაციული ვირუსების გავრცელებამ. რესპირაციული ვირუსები, კერძოდ, გრიპის, რინოვირუსი, სინციტიური ვირუსი და სხვა, ყოველი წლის შემოდგომის მეორე ნახევრიდან, გაზაფხულის მარტის ბოლომდე ცირკულირებდნენ. მას შემდეგ, რაც "ომიკრონი“ გამოჩნდა, ისევე იმატა სხვა რესპირაციული ვირუსების დინამიკამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა მეთოდით აკვირდება რესპირაციული ვირუსის გავრცელებას. თქვენ ნახავთ, რომ 2022 წელს სხვა ვირუსების მიმდინარეობა უჩვეულოდ გაგრძელდა. 2008-2009 წლის შემდეგ გრიპის ცირკულაციის ასეთი სეზონური გახანგრძლივება არ გვქონია. კერძოდ, ცირკულირებს: გრიპი, განსაკუთრებით H3-ის შტამი, რინოვირუსი, სხვა კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი, ასევე ე.წ. პარაგრიპები, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვურსი და სხვა.

ჩვენ მონაცემებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას, უფრო მეტი გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ვიდრე კორონავირუსის "ომიკრონი“, თუმცა ეს პანიკის საბაბს არ იძლევა“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

  • ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიმპტომიანი პაციენტებისთვის სწრაფი ტესტი უფასოა და თუ სადმე ამის ნიველირება ხდება, დარღვევაა.

აღნიშნულით ის "ინტერპრენიუსთან“ გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რიგ დაწესებულებებში სიმპტომიან პირებს სწრაფ ტესტში თანხას ახდევინებენ.

"ზოგადად, დღეს ტესტირება შემცირებულია, რადგანაც მოთხოვნა ნაკლებია. ჩვენ დღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა 100-200-ის ფარგლებში გვაქვს. ეს შემთხვევები, ძირითადად, სწრაფი ტესტით ვლინდება.

რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა იმ შემთხვევას აფინანსებს, რომელიც სიმპტომებით მიმდინარეობს. კორონავირუსსაც და სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსს მსგავსი კლინიკური გამოვლინება აქვთ, ამიტომ მათი დიფერენცირება ტესტირებით ხდება.

როდესაც კლინიკური სურათი სიმპტომებით მიმდინარეობს, სწრაფი ტესტი უნდა ჩატარდეს, რაც უფასო გახლავთ, მას სახელმწიფო აფინანსებს. თუ სადმე, ამის ნიველირება ხდება, მაშინ ეს დარღვევა. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მიდის და ამბობს, რომ სიმპტომები აქვს სწრაფი ტესტი უფასო უნდა იყოს, სახელმწიფო აფინანსებს და თანხა არ უნდა გადაიხადოს“,- განმარტავს გამყრელიძე.