ავტორი:

"ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი" - სერგეი ლავროვი ზელენსკის ნაცისტური გერმანიის ლიდერს ადარებს

"ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი" - სერგეი ლავროვი ზელენსკის ნაცისტური გერმანიის ლიდერს ადარებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნაცისტური გერმანიის ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

იტალიურ ტელეარხ Rete 4-ზე ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია რუსეთს თქვას, რომ უკრაინის "დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ლავროვმა კი უპასუხა, რომ "ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.

"ის იგონებს არგუმენტებს: როგორი დენაციფიკაცია შეიძლება იყოს მათთან... შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ეს სრულიად არაფერს არ ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან", - განაცხადა ლავროვმა.

  • ლავროვის ამ განცხადებას ისრაელის ხელისუფლების მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე შეფასება. ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

"ისრაელი გმობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული ფესვები ჰქონდა და მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს დაიბარებენ "მკაცრი საუბრისთვის" იმ კომენტარების გამო, რომელიც ლავროვმა კვირას იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში გააკეთა.

"ეს არის უპატიებელი, სკანდალური განცხადება, საშინელი ისტორიული შეცდომა და ჩვენ ველით ბოდიშს“, - განაცხადა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.