ავტორი:

სამი განსხვავებული სტილის მოცეკვავის  რუტინა და ცხოვრების წესი

სამი განსხვავებული სტილის მოცეკვავის  რუტინა და ცხოვრების წესი

ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, რა რთულია იყო მოცეკვავე?! რამდენი შრომა, დრო და ენერგია სჭირდება იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ სცენიდან ვუყურებთ?! ცეკვის ბევრი მიმდინარეობა არსებობს. მათ განსხვავებული სტილი და შესრულების მანერა აქვთ. ჩვენ დავინტერესტდით, როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე სხვადასხვა ცეკვის შემსრულებებისთვის, რამდენად განსხვავდებიან ან გვანან ერთმანეთს და ზოგადად, რას ნიშნავს იყო მოცეკვავე?! გთავაზობთ, სამი უნიჭიერესი მოცეკავის: ელისაბედ კიკნაძის, სოფია ცინცაძის და ლიკა წიფურიას ინტერვიუს.

თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრი, ბალერინა სოფია ცინცაძე 19 წლისაა და ბალერინობა მისი ბავშვობის ოცნება იყო.

- სოფია, როგორ და რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?

- ჩემი დილა 7 საათზე იწყება. მანამ, სანამ რეპეტიციაზე წავალ, აუცილებლად ვამზადებ სხეულს გასახურებლად.

ბალერინებისთვის იოგა ძალიან მნიშნველოვანია, ის მეხმარება სუნთქვის დარეგულირებაში და ცეკვევის დროს დაღლილობის მოხსნაში. დილის 20-წუთიანი იოგა ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ნოყიერი საუზმე კი აუცილებელია და ამიტომაც, დილით ყოველთვის კარგად ვსაუზმობ.

ზოგადად, დილა ძალიან მიყვარს, რადგან სწორედ დილის თანმიმდევრული რუტინა მაძლევს ენერგიას მთელი დღის განმავლობაში.

- როგორია ბალერინას კვების რაციონი? რა არის ის საჭირო საკვები, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღო?

- ბალერინებისთვის დაუშვებელია წონის მატება. სულ ფორმაში და ტონუსსში უნდა ვიყო. მე გურმანი ვარ. მიყვარს ყველაფერი, ზღვის პროდუქტების გარდა. დღის განმავლობაში აუცილებლად ვიღებ ცილებს, ნახშირწყლებს. ვცდილობ, ვიკვებო პატარა ულუფებით 2-3 ჯერ, მაგრამ აუცილებლად საღამოს 6 საათამდე.

6 საათის შემდეგ არანაირ საკვებს არ ვიღებ. არ არის რეკომენდირებული კვება როგორც ვარჯიშამდე, ასევე ვარჯიშის შემდეგ. შუალედი აუცილებელია.

- რამდენად მნიშვნელოვანია მოცეკვავისთვის წყლის და ძილის ბალანსი?

- ძილი ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელია. სრულფასოვანი ძილის გარეშე, ძალების აღდგენა, უბრალოდ, შეუძლებელია. დღეში 7-8 საათს ვრეპეტიციობ. სპექტაკლების პერიოდში, რეპეტიცია 11 საათის განმავლობაშიც კი მქონია. ვიძინებ 23:00-ზე და ვიღვიძებ დილის 07:00-ზე. რაც შეეხება სითხეს, ვცდილობ, დღეში 2 ლიტრამდე დავლიო.

- რა არის ყველაზე რთული თქვენს პროფესიაში, რისი შესრულებაც ძალიან გიჭირთ?

- რადგან ბალერინების ნაბიჯი განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანის ნაბიჯებისგან, ვერ დავრბივართ. სირბილის დროს ჩემი ტერფი ტკივილის განიცდის. კვირაში 6 დღე ვვარჯიშობთ და და მხოლოდ 1 დღე ვისვენებთ. ბალერინას სხეულს უცებ ეტყობა ვარჯიშის გამოტოვება. ჩვენ ყოველ დილით ვგრძნობთ სხეულში ტკვილს, რაც იმას იშნავს, რომ წინა დღეს ნაყოფიერი ვარჯიში გვქონდა.

- რით განსხვავდება ბალერინა სხვა მოცეკვავეებისგან?

- ბალეტში არ გვაქვს ქორეოგრაფიული თავისუფლება. ჩვენ სცენაზე პერსონაჟები ვართ... თან მსახიობები, თან - მოცეკვავეები.

ელიზაბედ კიკნაძეს ჩვენი მკითხველი უკვე ძალიან კარგად იცნობს. ის ახალგაზრდა, ნიჭიერი მოცეკვავეა. ბოლო პერიოდში მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაგვიზიარა საკუთარი ყოველდღიური რუტინა.

- ელისაბედ, როგორ და რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?

- სანამ დილის რუტინას დავიწყებ, მანამდე განწყობას ვიქმნი: მუსიკით, ღიმილით და რა თქმა უნდა, ცეკვით. ზამთარში ჩემი დილა შედარებით გვიან იწყება, სხვა შემთხვევაში კი, დილის 9 საათზე.

- როგორია თქვენი კვების რაციონი?

- გურმანი ნამდვილად არ ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ჭამა დიდად არ მიყვარს, მაგრამ დესერტზე უარის თქმას ვერ ვახერხებ. ვცდილობ, საღამოს საათებში საკვები საერთოდ არ მივიღო.

- შენი გამოცდილებით, რას გვეტყვი წყლისა და ძილის ბალანსის მნიშვნელობაზე?

- ჩემთვის ძილი უმნიშვნელოვანესია, რადგან უძილო ღამე წარუმატებელ დღეს ნიშნავს. აუცილებლად უნდა მეძინოს 7-8 საათის განმავლობაში, რათა მეორე დღეს პროდუქტიული ვიყო.

უკვე ერთი წელია, რაც ყველანაირი გაზიანი სასმელი წყლით ჩავანაცვლე და დღეში 2 ლიტრამდე წყალს ვიღებ.

- რა არის ყველაზე რთული თქვენ პროფესიაში?

- გარკვეული სირთულეები ყველა პროფესიას ახლავს. მთავარი საკუთარი თავის რწმენა და საქმის მიმართ სიყვარულია. ძალიან რთულია, 6-7 საათი გაუჩერებლად ვარჯიში და მეცადინეობა, თუმცა ვიცი, რომ ამ ყველაფერს შედეგი ნამდვილად აქვს. პროფესიული სირთულეები ჩემთვის გამოწვევაა, რომლებიც მნიშვნელოვან გამოცდილებას და განვითარების საშუალებას მაძლევს.

- რით განსხვავდება ქართული ტრადიციული ცეკვის ქორეოგრაფი სხვა მოცეკვავეებისგან?

- ლათინური, ჰიპ-ჰოპი და ქართული ცეკვის სრულიად განსხვავებული სტილი და მიმდინარეობაა. შესაბამისად, შემსრულებლებიც განსხვავდებიან ხასიათით, სტილითა და მანერებით, რაც ყოველდღიურობაშიც აისახება.

ლიკა წიფურია ანსაბლ "ერისიონის„ მსახიობ-მოცეკვავეა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ის 32 წელია, მოცეკვავეა, ანსაბლ „ერისიონში“ კი, 14 წელია, ცეკვავს. როგორ ახერხებს, იყოს მუდამ ფორმაში და თან, ჰყავდეს 6 თვის გოგონა? ამ ყველაფერს თავად ლიკა მოგვიყვება.

- ლიკა, როგორია თქვენი დილა?

- უკვე მეექვსე თვეა, ჩემი დილა უჩვეულოდ იწყება. მზის ამოსვლასთან ერთად ვიღვიძებთ მე და ჩემი შვილი იოანნა, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ერთადერთი, რაც ჩემს ცხოვრებაში არ შეცვლილა, ეს „ერისიონია“.

- რას გვეტვყვით თქვენი კვების რაციონზე?

- მოცეკვავისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვების ბალანსი. ძირთადად, ჯანსაღად ვიკვებები. არ მიყვარს აკრძალვები და შესაბამისად, არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე. საკვების მოკლება არ შეიძლება. აქ ზომიერებაა საჭირო. ჯანმრთელობას ორივე უკიდურესობა აზიანებს.

- თქვენ რას ფიქრობთ წყლისა და ძილის ბალანსზე?

- თუ აქამდე მხოლოდ რეპეტიციები მღლიდა, ახლა იოანაც დაემატა. შესაბამისად, ადრე ვიძინებთ და ადრე ვიღვიძებთ. შეიძლება ითქვას, რომ მის რეჟიმს მოვერგე.

რაც შეეხება წყალს, ვერ ვმეგობრობთ. ვიცი, ეს ორგანიზმისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ ვცდილობ, მინიმალური რაოდენობით მაინც მივიღო.

- რა მთავარ სირთულეს ხედავთ თქვენს პროფესიაში?

- როცა მოცეკვავე ხარ, შენ გიწევს, იყო მსახიობიც, რადგან არ უნდა შეგეტყოს ცუდად ყოფნა, არც ცხოვრებისეული პრობლემები, არც ტრავმა, რომელიც შესაძლოა ვარჯიშის დროს მიიღე. ამ ყველაფრის შესრულება არც ისე მარტივია, მაგრამ თუ შენ გიყვარს შენი პროფესია, მაშინ შეუძლებელი არაფერია.

- რით განსხვავდება ქართული ტრადიციული ცეკვის ქორეოგრაფი სხვა მოცეკვავეებისგან?

- საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ფაქტობრვიად, ყველა ჟანრის ცეკვა მიცეკვია. როგორც ეს ცეკვები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ასევე განსხვავდებიან მათი შემსრულებლებიც. თუნდაც მხოლოდ დგომით, აღნაგობით ან სიარულის მანერით მარტივად განასხვავებ ქართული ცეკვის მოცეკვავეს, მაგალითად, ბალერინასგან.